fbpx
ლუკა თავხელიძე

გაიცანი შენი მომავალი მენტორი ახლოს – ლუკა თავხელიძე

თარიღი: 8 April, 2024

გაიცანი შენი მომავალი მენტორი ახლოს – ლუკა თავხელიძე

ამ სტატიაში ციფრული ინდუსტრიის აკადემიის Javascript-ის და Python-ის კურსების მენტორი, ლუკა თავხელიძე უნდა გაგაცნო. პითონის გაგონებაზე არ შეგეშინდეს, უბრალოდ პროგრამირების ენას ქვია ეგრე და თუ 2-3 წუთს დაუთმობ ამ სტატიის წაკითხვას, იმასაც გაიგებ, ეგ ეგრე რატოა. 

რადგან ისევ აქ ხარ და ინსტაგრამის სქროლვას ამ სტატიის კითხვა არჩიე, მოდი უცებ ლუკას კარიერაც ჩასქროლე. 

  • 2019 – დღეს – სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების განხრით
  • 2020 – 2021 – Graey – Back-End დეველოპერი 
  • 2021 – დღეს – Winguard – Lead Software Engineer
  • ინდივიდუალური პროექტები: Stack Overflow-ს კლონი (Full stack), Spotify-ს კლონი (Full stack), Messenger-ის კლონი (Full stack) და ა.შ.

ეს იყო ლუკას ცხოვრებისა და კარიერის shorty summary, მაგრამ მოდი ეხლა უფრო საინტერესო ამბებზე გადავიდეთ… 

აა, ის ჰო გაინტერესებდა, პროგრამულ ენას უზარმაზარ გველთან რა კავშირი აქვს? მეც დამაინტერესა მაგ ამბავმა და პირდაპირ ჩვენს ექსპერტს ვკითხე. 

Python-ს რამე კავშირი აქვს გველთან?

Pyhton-ში კოდს როცა წერ, გველივით შეწეულ-გამოწეული, დაკლაკნილი კოდი იწერება. ეგ სახელიც ალბათ მაქედან გამომდინარე ქვია.

ექსპერტსმეთქი იმიტომ ვთქვი, რომ ლუკას პროგრამირებასთან პირველი შეხება 6 წლისას ჰქონდა, ახლა კიდე 23 წლისაა.

როდის დაინტერესდი ამ პროფესიით?

ბავშვობაში, 6 წლის რო ვიყავი მაშინ დავიწყე პროგრამირება. დავიწყე რა, ძალით დამატარებდნენ. მაშინ არ მომეწონა ძაან, ვერ დავუმუღამე, ვიტირე კიდეც იმიტომ, რო რაღაც ამოცანები ვერ ამოვხსენი და მეთქი პროგრამირებას არ გავეკარები არასდროს. მერე 2019-ში, სანამ პანდემია დაიწყებოდა, უნივერსიტეტში რო ჩავაბარე, ავიღე საგანი C++. 

(თუ თქვენც ჩემსავით ვერ მიხვდით, ეს ცე და 2 პლიუსი რა არის, რაღაც პროგრამირების ენა ყოფილა). 

მაგას რო შევყევი, მეთქი ვაა და მერე ჩემით ვისწავლე ყველაფერი. ახლახან უნივერსიტეტში ფაკულტეტიც შევიცვალე და ახლა ინგლისურენოვან კომპიუტერულ მეცნიერებაზე ვსწავლობ თსუ-ში. 

ჰო კაი, ცოტა მოგატყუეთ… მთლად 17 წლიანი გამოცდილება არ აქვს. მაგრამ აი 5 (2 სწავლა + 3 მუშაობა) წლიანი ნამდვილად აქვს. ლუკას პირველი სამუშაო გამოცდილება იწყება კომპანია Graey-ში, Back-End დეველოპერის პოზიციაზე, სადაც მუშაობდა სასწავლო და E-commerce პლატფორმებზე.

საინტერესოა, რას ურჩევდა 2024 წლის ლუკა 2020 წლის ლუკას.

რა რჩევას მისცემდი შენ თავს კარიერის დასაწყისში?

ყველაზე მეტად პასუხისმგებლობა. ვეტყოდი, რო პასუხისმგებლობით მიუდგეს ყველაფერს.

და შეცდომების არ გეშინოდა?

შეცდომების არასდროს არ მეშინოდა. პირდაპირ ტვინში ეგ ჩავიდე, რო აი, შეცდომა უნდა დაუშვა. მერე კიდევ უფრო დიდი შეცდომა უნდა დაუშვა, უნდა წაიქცე და უნდა ადგე. თუ არ წაიქეცი და თუ არ ადექი, ვერ ისწავლი, ამიტომ პირდაპირ headfirst უნდა წახვიდე. 

აი ნამდვილი მენტორული რჩევაა. ოღონდ მენტორული და არა მასწავლებლური. რომ ვკითხე ყველაზე მეტად მასწავლებლობაში რა მოგწონსმეთქი, შემისწორა, მასწავლებელი არ ვარ მენტორი ვარო. ჰოდა, მომავალო სტუდენტებო თუ ეხლა ამ სტატიას კითხულობთ, ლუკა ,,მას” არ დაუძახოთ, ლუკა ,,მენტ” უფრო. კაი, ახლა მართლა კითხვაზე გადავიდეთ…

ყველაზე მეტად მენტორობაში რა მოგწონს?

სხვას რო ეხმარები წინსვლაში. ჩემი მიზანია, უფრო მეტად დავაინტერესო ამ სფეროთი ადამიანები და დავეხმარო მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.

 და რას ვერ აპატიებდი შენს საყვარელ სტუდენტს? 

ტვინის გათიშვას. როცა ინფორმაციას აღარ იღებს საერთოდ, არაფრის გაგება არ უნდა და ისეა, რო აი შემეშვი, დამანებე თავი. ტვინი იმისთვისაა შექმნილი რო იფიქროს სულ, მუდმივად, ყოველ წამს. თან მითუმეტეს ეხლა, როდესაც კონკურენტი გამოგვიჩნდა ადამიანებს AI-ს სახით, ტვინის გათიშვა უპატიებელი ცოდვაა. 

(მომავალო სტუდენტებო, ესეც დაიმახსოვრეთ)

ეს პროგრამირება ჰო ძაან პოპულარული გახდა ამ ბოლო დროს. ჰოდა, დამაინტერესა…

მართლა ყველას შეუძლია პროგრამირების ნულიდან სწავლა?

საბოლოო ჯამში, ცხოვრებაში ყველაფერი მარტივია, რაც გაინტერესებს. თუ ინტერესი გაქვს, ყველაფერს გააკეთებ, რომ შედეგს მიაღწიო. ცხოვრებაში ყველაფერი გაგიმარტივდება თუ მართლა გინდა. მე უფრო მაგის მჯერა. ესე რო თუ არ გაინტერესებს, პროგრამისტი მაინც  გახდები და ფული დაგერიცხება, მაგისი არ მჯერა, ტყუილია. 

ნუ კაი, ეს ინტერესის ამბავი გავიგეთ, მაგრამ რამე არის, რაც Must არის თუ პროგრამირების სწავლა გინდა?

ერთს ვიტყვი რო, must არაფერი არასოდეს არაა. ყოველთვის არის, რო შენ როგორ გინდა, რო მომავალში განვითარდე. 

არც მათემატიკა?

1 წლის წინ რო გეკითხა, გეტყოდი რო არა, არ არის საჭირო მათემატიკა თუ უბრალოდ ვებ დეველოპერობა გინდათქო. მაგრამ ახლა, როცა AI მოდის, კონკურენტიც უფრო ძლიერი ყავთ ადამიანებს, ამიტო ჩემი აზრით, ჯობია, რო მათემატიკა გამოიყენო იმიტო, რო მათემატიკა არის tool, რომელსაც მერე ყველა საქმეში გამოიყენებ. 

სიმართლე გითხრათ, მე პროგრამირება მაგარი boring რაღაცა მეგონა და ეს კითხვაც ცოტა ღადაობით დავწერე…

კოდების წერა უფრო მარტივია თუ ლექსების?

ყველას ალბათ გონია, რო კოდირება არის უფრო ტექნიკური რაღაც. კი ბატონო, აზროვნება და ლოგიკური ნაბიჯები სჭირდება, მაგრამ ხელოვნებაც არის მათ შორის. ამიტომ ორივე ალბათ ერთნაირი სირთულისაა. ორივეს სჭირდება, რო, ასე ვთქვათ, inner creativity გამოუშვა გარეთ, პროგრამირებასაც და ლექსების წერასაც. ამიტო ვერ ვიტყოდი, რო ერთი მეორეზე უფრო რთულია.

თურმე მე რო მეგონა, პროგრამირებაში კრეატივს არაფერი ესაქმებოდა, მაგაშიც მაგრად შევმცდარვარ.

ერთი რაღაც, რაც ყველაზე მაგრად მოგწონს ამ პროფესიაში…

ფიქრი. ფიქრის პროცესი. როგორ უნდა უთხრა ბრძანებები კომპიუტერს, რო გააკეთოს ზუსტად ის, რაც შენ გინდა. უსასრულოდ ბევრი გზა არსებობს ამისთვის. ამიტო ამ გზების პოვნაც კრეატიული პროცესია.

ზოგადად ამ პროფესიაზე ძალიან ბევრი სტერეოტიპი არსებობს, ჰოდა… 

რომელია ყველაზე სტერეოტიპული აზრი ამ პროფესიასთან დაკავშირებით?

ამას მეუბნებიან ხოლმე ხშირად, “კი ვიცი, რო აიტიშნიკი არ ხარ, მაგრამ Facebook-ის გატეხვა იცი?” 

მერე ვკითხე და მართლა არ იცის. 

ბოლოს უეჭველი რჩევით უნდა დავამთავროთ. 

რას ურჩევდი შენს მომავალი სტუდენტებს?

დაფიქრდნენ, ცხოვრებაში რა უნდათ. აი ეგ არის ყველაზე მთავარი და რთული ეტაპი. როგორც კი მაგას გაარკვევ, სამყარო ისეა მოწყობილი, რო გზები ავტომატურად მოდის. 

სამწუხაროდ, ჩვენს განათლების სისტემაში ბავშვებს არ ეკითხებიან, შენ რა გინდა. ყოველთვის ეუბნებიან, რო შენ ეს უნდა გააკეთო. როგორც კი “უნდა”-ს ჩაანაცვლებ “მე მინდა”-თი, აბსოლუტურად რადიკალურად შეიცვლება კონტექსტიც და მოტივაციაც. 

ჩვენი განათლების სისტემის არ ვიცი, მაგრამ აკადემიაში იმას გასწავლით, რაზეც იტყვი, რო ,,მე მინდა”. 

ჰოდა, თუ პროგრამირება ის არის, რაც შენ გინდა, აი ლუკას კურს(ებ)ის ლინკ(ებ)ი – Javascript, Python

ავტორი: მარიამ გულედანი