საერთაშორისო პროექტის ,, LogoLounge”-ის ჟიურიში თაკო ჭაბუკიანია
თარიღი: 25 April, 2020
LogoLounge-ი ლოგოების საერთაშორისო კატალოგია, რომელიც დაკომპლექტებულია დიზაინერების ნაშრომებით. კატალოგში მოსახვედრი ნამუშევრების სიას ჟიური კონკრეტული კრიტერიუმებით არჩევს. ამჯერად LogoLounge-ის ჟიურის ერთ-ერთი წევრი დიზაინერი და Pragmatika-ს არტ-დირექტორი თაკო ჭაბუკიანი იქნება.
-პროექტის შესახებ, რომ მოგვიყვეთ?
,,LogoLounge არის ლოგოების საკოლექციო საიტი, რომელიც დაარსდა 2002 წელს. საიტი განსხვავებულია იმით, რომ ლოგოების ასატვირთად უნდა გქონდეს საიტის წევრობა, რომელიც ყოველ წელს ახლდება.”-გვიყვება თაკო ჭაბუკიანი
-პროექტის ფარგლებში წიგნებიც გამოიცემა, ამის შესახებ, რომ გვითხრათ?
,,ნელ-ნელა ეს პროექტი გადაიზარდა წიგნების სერიაში. წლის განმავლობაში საიტზე ატვირთული ლოგოებიდან ხდება საუკეთესო 2000-3000 ლოგოს შერჩევა. ხოლო შერჩეული ლოგოები იბეჭდება წიგნის სათანადო სექციაში ასოები, ცხოველები, აბსტრაქტული ფორმები და ა.შ.”
-რამდენი ხანია, რაც კატალოგები იქმნება?
,,წიგნი გამოიცემა ყოველ 1-2 წელში ერთხელ, 2020 LogoLounge მე- 12 გამოცემაა.”
-თქვენ, როგორც ჟიური…
,,შარშან ჩემი და პრაგმატიკის 15 ლოგო მოხვდა logolounge 11-ში, რაც ძალიან მამოტივირებელი მოვლენა იყო, ვინაირად კონკურენცია არის ძალიან დიდი, ასევე ჟიურის პანელი არის ყოველ წელს დაკომპლექტებული ლეგენდარული ლოგო/ბრენდ დიზაინერებით. ერთი თვის წინ დამიკავშირდა პროექტი დამფუძნებელი ბილ გარდნერი და მთხოვა, ვყოფილიყავი წლევანდელი ჟიურის წევრი, რაც ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.”
-რა კრიტერიუმებით შეაფასებთ ნამუშევრებს?
,,შეფასება ხდება სამ ბალიანი სისტემით. კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მე პირადად შევაფასებ ლოგოებს არის: ლოგოს ცხოვრებისუნარიანობა,შესრულების ახლებური სტილი და საბაზისო კრიტერიუმები, როგორიცაა სილუეტი, ლაქების ბალანსი და დრეკადობა.”
თაკო ჭაბუკიანი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ბრენდ-დიზაინის ლექტორია.