header-logo
header-logo

რა უნარები სჭირდება თანამედროვე გრაფიკულ დიზაინერს - ინტერვიუ მენტორთან

19 თებ. 2026

გრაფიკული დიზაინერის როლი დღეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ვიზუალების შექმნა. 


თანამედროვე გრაფიკულ დიზაინერს სჭირდება როგორც ძლიერი კრეატიული ხედვა, ისე ტექნოლოგიებთან ადაპტაციის უნარი, სტრატეგიული აზროვნება და მუდმივი სწავლა. 

ამ სტატიაში ჩვენს მენტორთან, ქეთევან ჭიპაშვილთან ერთად ვსაუბრობთ იმ ძირითად უნარებზე, რომლებიც დღეს განსაზღვრავს წარმატებულ გრაფიკულ დიზაინერს და რეალურ მოთხოვნებს, რასაც ბაზარი ამ პროფესიას უყენებს.


როგორია გრაფიკული დიზაინერის ყოველდღიური სამუშაო პროცესი?


გრაფიკული დიზაინერის ყოველდღიური სამუშაო პროცესი ძალიან დინამიკურია. 

დღე, როგორც წესი, იწყება ბრიფის ან დავალებების გადახედვით - კლიენტის ან გუნდის მოთხოვნების, მიზნების და ვადების განსაზღვრით. 

ამის შემდეგ მოდის კვლევის ეტაპი: ვიზუალური რეფერენსების მოძიება, იდეების ჩამოყალიბება, ესკიზების გაკეთება. 

შემდეგი ეტაპია უშუალოდ დიზაინის შექმნა სხვადასხვა პროგრამაში (Adobe Photoshop, Illustrator). პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია უკუკავშირი. 

საბოლოოდ კი დიზაინი იტესტება, იხვეწება და ადაპტირდება სხვადასხვა არხისთვის. ხშირად ერთ დღეს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის პროექტზე მუშაობა უწევს.


რა უნარებია აუცილებლი გრაფიკული დიზაინერისთვის?


აუცილებელია დიზაინის საბაზისო პრინციპების ცოდნა - კომპოზიცია, ფერები, ტიპოგრაფია, ვიზუალური იერარქია. 

ასევე მნიშვნელოვანია დიზაინ პროგრამების კარგად ფლობა - Adobe პროგრამების, მაგალითად (Photoshop, Illustrator). 

არანაკლებ მნიშვნელოვანია კრეატიული აზროვნება, პრობლემის გადაჭრის უნარი და დეტალებზე ყურადღება. ასევე ძალიან მნიშნელოვანია კომუნიკაციის უნარი, რადგან დიზაინერი მუდმივად ურთიერთობს კლიენტებთან, მარკეტერებთან და დეველოპერებთან.


როგორ შეიცვალა გრაფიკული დიზაინის პროფესია ბოლო წლების განმავლობაში?


ბოლო წლებში გრაფიკული დიზაინი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. 

თუ ადრე დიზაინერი ძირითადად ბეჭდვით მასალებზე მუშაობდა, დღეს ფოკუსი ციფრულ პროდუქტებზეა-სოციალური მედია, ვებგვერდები, აპლიკაციები. 

გაიზარდა UX/UI-ის მნიშვნელობა, ასევე დიზაინერის როლი ბიზნეს გადაწყვეტილებებში. თანამედროვე დიზაინერი ფიქრობს მომხმარებლის გამოცდილებაზე და შედეგზე. 

ამასთან ერთად, დიზაინის პროცესში აქტიურად შემოვიდა ხელოვნური ინტელექტი (AI), რომელიც დიზაინერებს ეხმარება იდეების გენერირებაში, ვიზუალური კონცეფციების სწრაფად შექმნასა და რუტინული პროცესების ავტომატიზებაში. 

შედეგად, დიზაინერის როლი უფრო სტრატეგიული გახდა.

რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად დამწყები დიზაინერები?


დამწყები დიზაინერები ხშირად ზედმეტად კონცენტრირდებიან ვიზუალურ სილამაზეზე და ავიწყდებათ მიზანი. 


კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა დიზაინის პრინციპების იგნორირება და ტრენდების ბრმად მიყოლა. 


ასევე ხშირად არ ითვალისწინებენ ბრიფს ან კლიენტის მოთხოვნებს ბოლომდე. 


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეცდომაა კვლევის პროცესის გამოტოვება - მომხმარებლის, ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის გარეშე დიზაინი ხშირად ვერ პასუხობს რეალურ საჭიროებებს. 


დროის მართვა და უკუკავშირის მიღება/დამუშავებაც დამწყებთათვის სერიოზულ გამოწვევად რჩება.


როგორ დაეხმარება დამწყებს ჩვენი კურსი კარიერის დაწყებაში?


კურსი დამწყებ დიზაინერებს აძლევს სტრუქტურირებულ ცოდნას - საფუძვლებიდან პრაქტიკულ პროექტებამდე. 

სტუდენტები სწავლობენ არა მხოლოდ პროგრამებს, არამედ დიზაინის ლოგიკას და რეალურ სამუშაო პროცესს. 

კურსის განმავლობაში შექმნილი პორტფოლიო ძალიან მნიშვნელოვანია კარიერის დასაწყებად, ხოლო მენტორების უკუკავშირი ეხმარება სწორი მიმართულებით განვითარებაში.


რამდენად მნიშვნელოვანია UX/UI-ის ცოდნა გრაფიკული დიზაინერისთვის?


დღეს UX/UI-ის საბაზისო ცოდნა ძალიან დიდი პლიუსია გრაფიკული დიზაინერისთვის. ეს ცოდნა ეხმარება დიზაინერს უკეთ გაიგოს მომხმარებლის ქცევა და შექმნას უფრო ფუნქციური, შედეგზე ორიენტირებული ვიზუალები. განსაკუთრებით ციფრულ პროექტებში


რას ურჩევდით გრაფიკული დიზაინის სფეროთი დაინტერესებულ ადამიანს საქართველოში?


ვურჩევდი, რომ დაიწყოს დიზაინის საფუძვლების სწავლით და მუდმივი პრაქტიკით. მნიშვნელოვანია პორტფოლიოზე მუშაობა, თუნდაც გამოგონილი პროექტებით. ასევე ძალიან ეხმარება საერთაშორისო რესურსების გამოყენება და ტრენდების დაკვირვება. არ უნდა შეეშინდეთ შეცდომების-ეს სწავლის პროცესის ნაწილია.

და ბოლოს, მუდმივი განვითარება ამ სფეროში წარმატების მთავარი გასაღებია.

დაგვიკავშირდი