გაიცანი შენი მომავალი მენტორი ახლოს – ნინუცა ფილაური
თარიღი: 18 April, 2024
ამ სტატიაში საქართველოს ბანკის CJM (Customer Journey Management)-ის ხელმძღვანელი და ციფრული მარკეტინგის მენტორი – ნინუცა ფილაური უნდა გაგაცნო.
მოდი, უცებ თვალი გადავავლოთ, როგორ მოვიდა ნინუცა “აჭარაბეთში” სტაჟიორობიდან საქართველოს ბანკში CJM-ის ხელმძღვანელობამდე:
- 2021 – 2021 – აჭარაბეთი – სტაჟიორი ციფრულ მარკეტინგში
- 2022 – 2022 – აჭარაბეთი – ციფრული კომუნიკაციების ოფიცერი
- 2022 – 2023 – აჭარაბეთი – უფროსი ციფრული კომუნიკაციების ოფიცერი
- 2023 – 2023 – გირჩი – ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი
- 2024 – აჭარაბეთი – Omni Channel-ის ხელმძღვანელი
- 2024 – დღეს – საქართველოს ბანკი – CJM (Customer Journey Management)-ის ხელმძღვანელი
- ინდივიდუალური პროექტები: აჭარაბეთი, მუსიკალური ქარავანი, აგროჰაბი, შენია და სხვა.
პირველ რიგში ტრადიციულად ამ ამბავმა დამაინტერესა…
რის გარეშე არ იწყებ მუშაობას არასდროს?
კოკა-კოლის დალევის გარეშე.
მერე იმან დამაინტერესა, საერთოდ როგორ მოხვდა ნინუცა ამ ინდუსტრიაში და რატომ დარჩა ამდენი ხანი…
როგორ მოხვდი ციფრულ მარკეტინგში?
გაცვლითი პროგრამიდან ვიყავი ახალ დაბრუნებული და Linkedin-ზე დავწერე პოსტი, რომ ვეძებდი სამსახურს ნებისმიერი მიმართულებით. ვიცოდი, რომ ანალიტიკა და ფინანსები კარგად გამომდიოდა და მარკეტინგში რახან აქამდეც გამოცდილება მქონდა, მაგასაც ალღოს ავუღებდი. შემდეგ შემეხმიანა “აჭარაბეთის” HR და მოვხვდი ციფრულ მარკეტინგში, სტაჟიორად. ძაან შემთხვევით გადაწყდა ეგ ამბავი, 2 კვირაში ამიყვანეს ლინკდინის პოსტიდან. არადა საერთოდ არ ვგეგმავდი ციფრულ მარკეტინგში მოღვაწეობას.
აი ესე შემთხვევით პოულობ ხანდახან შენს პროფესიას, მაშინ როდესაც საერთოდ არ ელოდები.
(არ ვიცი ამ ამბავთან რამე შუაში არის თუ არა Linkedin, მაგრამ იყოს მაინც ეს – Linkedin-ზე რეგისტრაცია, იქნებ გამოგადგეს…)
ციფრული მარკეტინგი აშკარად საინტერესო რაღაც ყოფილა, მაგრამ მაინც…
ციფრული მარკეტინგი რომ არ არსებობდეს, რა შეიცვლებოდა?
ვერაფერს გავიგებდით საერთოდ და ისევ ტელევიზორებთან ვისხდებოდით. თარგეთირებული მარკეტინგი არ გაკეთდებოდა და მე მგონია, რომ ძალიან უკან ვიქნებოდით, იმასთან შედარებით, ვიდრე ახლა ვართ. უშუქობა რომ იყო, ეგეთ დროსთან ასოცირდება ჩემთვის ციფრული მარკეტინგის არ არსებობა.
ამ ამბავში დავეთანხმე კი, მაგრამ მერე ისიც გამახსენდა, ტელეფონზე 1-ელ მარტამდე ყოველდღე 312172189 მესიჯი რომ მომდიოდა, რომლებშიც დეტალურად იყო ახსნილი 1 კილო ბრინჯის, 3 ბორბლიანი ველოსიპედის და ჩოგბურთის მოედნის ფასები და ვიფიქრე, ეგ უეჭველი მარკეტინგის უპატიებელი ცოდვა იქნებამეთქი. მართალიც ვყოფილვარ…
ციფრული მარკეტინგის უპატიებელი ცოდვა…
როცა ყველას SMS-ს უგზავნი: სჭირდება ძიძა, უნდა შაურმა თუ არ უნდა შაურმა… ეგაა
უპატიებელი შეცდომა. SMS მარკეტინგი ხალხს შევაძულეთ მაგის გამო.
და შენ კითხულობ ეგეთ მესიჯებს?
კი, ყოველთვის. იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას ისეთი რამე ჰქონდეს დანერგილი, რაც მე ვერ მოვიფიქრე.
აი ნამდვილი პროფესიონალიზმი. ჰომ გაგიგიათ “Keep your friends close and your enemies closer”.
მერე ვიფიქრე პროფესიონალი კი არის, მარა რაღაც არამარკეტინგული თვისება უეჭველი ექნება-მეთქი.
რომელია ყველაზე არამარკეტინგული თვისება, რომელიც გაქვს
ძალიან ჯიუტი ვარ და ალბათ ეგ. სიჯიუტე ცუდია მარკეტინგში. შენ რომ გგონია, რაღაც იმუშავებს, იმან შეიძლება არ იმუშაოს. მე როცა ჯიუტად მგონია, დიდი წარწერა და ლამაზი ბანერი იმუშავებს, შეიძლება საერთოდ არ მოეწონოს მომხმარებელს და სულ სხვა ქონთენთს დააქლიქოს, რისიც არ მჯერა და რადგან ასეთი ჯიუტი ვარ, შეიძლება არ შევცვალო. მარკეტინგში ყველაფერი უნდა გატესტო. შესაბამისად, ჩემი ეს თვისება მარკეტინგთან ვერ ჯოინდება.
ბოლოს ამ კითხვით უნდა დავამთავრო…
რა გინდა, რომ თქვას შენი ლექციიდან გასულმა სტუდენტმა?
უი, ეს რა ადვილი ყოფილა.
ჰოდა, თუ ნინუცა გხვდათ მენტორად და ლექციის შემდეგ ეს გაიფიქრეთ, გააგებინეთ, დარწმუნებული ვარ, გაუხარდება.
პ.ს. აქ შეგიძლია ციფრული მარკეტინგის კურსის სილაბუსი და სარეგისტრაციო ფორმა ნახო.
ავტორი: მარიამ გულედანი