fbpx
ციფრული პროექტების მართვა

თამარ მუმლაძის ისტორია და მისი პროექტი – Payment Problem Solver

თარიღი: 23 January, 2024

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის თამარ მუმლაძის ისტორიას, რომელმაც ციფრული პროექტების მართვის კურსი გაიარა და შექმნა პროექტი – Payment Problem Solver – რომელმაც საქართველოს ბანკის მარათონში მესამე ადგილი დაიკავა. 

მე ვარ თამარ მუმლაძე, ონბორდინგის უზრუნველყოფის მენეჯერი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკის კონტაქტ ცენტრში მოსულ ახალ თანამშრომლებს ვატრენინგებ. 

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე ბევრი მსმენია და დიდი ხანია თვალს ვადევნებ სიახლეებს, თუმცა უნივერსიტეტისა და სამსახურის პარალელურად ცოტა მერთულებოდა დამატებით კურსის გავლა. მაგრამ როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, დაუფიქრებლად გადავწყვიტე ჩემს ცხოვრებაში ახალი ფურცლის გადაშლა, რომელიც ჩემი კარიერული წინსვლის საფუძველი იქნებოდა. აქვე შემიძლია ვთქვა, რომ ვფიქრობ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც კურსის სარეგისტრაციო ფორმა შევავსე.

ავირჩიე ციფრული პროექტების მართვის კურსი, სადაც პოზიტიური და ენერგიული მენტორი, სოფიო ლეჟავა, კურსის ფარგლებში გვაწვდიდა არაერთ საინტერესო ინფორმაციას, რომ რაც შეიძლება მეტად დავინტერესებულიყავით პროექტ მენეჯერის მრავალფეროვანი პროფესიით. 

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ კურსმა კიდევ უფრო გამიღვივა ინტერესი ამ სფეროსადმი და მომანდომა მისი სიღრმისეულად შესწავლა. მეტიც, ციფრული პროექტების კურსი არ ვიკმარე, სქრამს და ეჯაილსაც შევეჭიდე.

ჩემი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეულწილად ვიკვეთებოდი პროექტების მართვასთან, ამიტომ მჭირდებოდა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. ამ კურსის დახმარებით კი ბევრად უფრო გამიმარტივდა ახალი პროექტების ინიცირება, მათი მართვა და შემდგომი კონტროლი. მთლიანობაში რომ ვთქვა, პროცესი ბევრად უფრო მარტივია ჩემთვის და ამავდროულად სასიამოვნოც. 

ამ კურსის შედეგად ვისწავლე, როგორ დავგეგმო, შევასრულო და დავაკვირდე პროექტებს დინამიურ და სწრაფად ცვალებად ციფრულ ინდუსტრიაში. კურსმა მომცა ის აუცილებელი უნარ-ჩვევები, როგორებიც არის პროექტის დაგეგმვა, რესურსების მართვა, რისკების შეფასება და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია. ამ სქილების დახმარებით, მეტად ვიჩენ ინიციატივას და ყველა ახალ გამოწვევას მომზადებული ვხვდები, რადგან უკვე ვიცი, შემიძლია, შესაძლო რისკები წინასწარ ჩამოვწერო და დავაზღვიო. 

ყველას, ვისაც სურს განვითარება და ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამს, ვურჩევდი, რომ ციფრული პროექტების მართვის კურსი აუცილებლად გაიაროს, რადგან მიღებული ცოდნა და გამოცდილება სხვა მიმართულებითაც გამოადგებათ. გარდა კონკრეტული თემატიკისა, კურსი მოიცავს მასთან დაკავშირებულ მიმართულებებზე საბაზისო ცოდნის გაზიარებასაც, რაც კიდევ უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის ტრენინგების პროცესს.

არასდროს თქვათ, რომ არ გაქვთ საკმარისი დრო კურსის გასავლელად და არც იმას შეუშინდეთ, თუ ახლა იწყებთ კარიერულ თავგადასავალს, რადგან წარმატებისკენ მიმავალი გზა პირველი, გამბედავი ნაბიჯით იწყება. ეს ნაბიჯი კი არის ერთი კლიკი –  კურსზე ,,რეგისტრაცია’’. გჯეროდეთ, რომ საუკეთესო წინ არის!

საქართველოს ბანკში გამოცხადებული პროექტების მარათონის ფარგლებში შესაძლებლობა გამიჩნდა პრაქტიკაში გამომეყენებინა კურსზე მიღებული ცოდნა, რადგან ზურგს მიმაგრებდა ამ მიმართულებით დაგროვებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ისეთი პროექტი, რომლის მთავარი მიზანი მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდა და პროცესების გამარტივება იქნებოდა. კურსზე მიღებული ცოდნა კი  დამეხმარა ჩემი იდეის პროექტად გარდაქმნაში. 

Payment Problem Solver – ასე შევარქვი ჩემს პროექტს, რომელმაც საქართველოს ბანკის მარათონში მესამე ადგილი დაიკავა და ვიმედოვნებ უახლოეს მომავალში განხორციელდება. 

პროექტის მიზანი სახელს შინაარსობრივადაც შეესაბამება. ახალი იდეის უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მისი უნივერსალურობით შეიძლება სხვა არსებულ პროცესებში გამოწვევების დაძლევა.

პროექტზე მუშაობის პროცესში, მაქსიმალურად ვცდილობდი ყველა მხრიდან შემეხედა პრობლემისთვის და გამეგო, როგორც მომხმარებლის დისკომფორტები, ასევე ჩემი, როგორც თანამშრომლის გამოწვევები და ვფიქრობ, სრულყოფილი პროექტის შექმნაში ამ ფაქტორმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

თავად პროცესი მოიცავდა შემდეგ ნაბიჯებს:

  • არსებული პროცესის აღწერა და ცვლილების საჭიროების დანახვა 
  • პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო გზის მოძიება
  • პროექტის განსახორციელებლად საჭირო რესურსების განსაზღვრა 
  • შესაძლო რისკების იდენტიფიცირება, რომელთა დაზღვევაც პროექტის დაწყებამდე მნიშვნელოვანია 
  • პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი ეფექტის განსაზღვრა ჩართული მხარეებისთვის: 
  • მომხმარებელი 
  • თანამშრომელი 
  • ბიზნესი