ორშაბათიდან ვარჯიშს იწყებდი, სამშაბათს ინგლისურის სწავლას აპირებდი, ოთხშაბათს პორტფოლიო უნდა აგეწყო, მაგრამ უკვე პარასკევია და ჯერ ისევ ტელეფონს სქროლავ. გასაკეთებელი საქმეების სია ყოველდღე იზრდება, შენ კი რატომღაც ყველაფრისთვის გრჩება დრო, გარდა იმისა, რაც რეალურად უნდა გააკეთო.
ოხ, რა ზარმაცი ხარ!
მაგრამ იქნებ ასე მარტივადაც არ არის საქმე? იქნებ სიზარმაცე ყოველთვის ცუდი არ არის და ზოგჯერ მუშაობის პროცესში მისი არსებობა როგორღაც გვეხმარება კიდეც? ასე რომ, სანამ საკუთარ თავს კიდევ ერთხელ დაადანაშაულებ, მოდი, გავარკვიოთ, საერთოდ საიდან მოდის სიზარმაცე, რატომ აქვს ასეთი ცუდი რეპუტაცია და შეიძლება თუ არა, მისგან რაიმე სასარგებლო მივიღოთ.
რა არის სიზარმაცე…?
წარმოიდგინე, მნიშვნელოვანი პრეზენტაცია გაქვს მოსამზადებელი. ლეპტოპს ხსნი, ფაილს ქმნი, სათაურს წერ და უცებ გახსენდება, რომ სამუშაო მაგიდა დასალაგებელია. მერე ყავის გაკეთება მოგინდება, ტელეფონშიც ჩაიხედავ და ბოლოს აღმოაჩენ, რომ 13:37-ია, ასეთ დროს შემდეგი ოცდასამი წუთი ხომ უნდა სქროლო?! ყველაფერი გეცნო, არა? საქმის გასაკეთებლად დრო გაქვს, იცი, რომ აუცილებელია, მაგრამ დაწყება მაინც გიჭირს.
ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ამას ყოველთვის სიზარმაცე არ ჰქვია.
საქმე ისაა, რომ ჩვენი ტვინი ძალისხმევასა და მოსალოდნელ შედეგს მუდმივად აფასებს. როდესაც რაღაც რთულად, მოსაწყენად ან უსიამოვნოდ გვეჩვენება, მისგან თავის არიდება საკმაოდ მიმზიდველი ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ალტერნატივა მარტივ სიამოვნებას გვპირდება. მაგალითად, გამოცდისთვის მომზადება მომავალში კარგ შედეგს მოგიტანს, მაგრამ ,,რილსების” დათვალიერება კი ახლავე გაგართობს. ტვინისთვის ეს ორი ჯილდო ერთნაირად მიმზიდველი არ არის. ამიტომ, როცა საქმეს გაურბიხარ, ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ არაფრის კეთება გინდა. ზოგჯერ უბრალოდ არ გინდა იმ უსიამოვნო განცდასთან გამკლავება, რომელსაც კონკრეტული საქმე იწვევს.
2013 წელს ფსიქოლოგებმა ფუშა სიროისმა და ტიმოთი პიჩილმა სიზარმაცე მოკლევადიანი ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესების მცდელობას დაუკავშირეს. მათი ახსნით, უსიამოვნო დავალების გადადებისას ადამიანი დროებით უკეთ გრძნობს თავს, თუმცა ამის საფასურს მოგვიანებით იხდის. ანუ როცა გამოცდისთვის სწავლას გაურბიხარ და სერიალის ყურებას იწყებ, შესაძლოა შენი მთავარი მიზანი გართობა კი არა, გამოცდასთან დაკავშირებული შფოთვის დროებით დავიწყება იყოს.
რატომ აქვს სიზარმაცეს ასეთი ცუდი სახელი?
დღეს სიზარმაცე ხშირად უპასუხისმგებლობასთან, დისციპლინის ნაკლებობასა და წარუმატებლობასთან ასოცირდება. თანამედროვე სამყაროში დაკავებულობა წარმატების სინონიმად იქცა. რაც უფრო დატვირთული გრაფიკი გაქვს, მით უფრო პროდუქტიული ჩანხარ. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილებაც იქმნება, თითქოს დასვენებისთვის დროის გამონახვა თავის მართლებას საჭიროებდეს.
არადა, სიზარმაცეს ცუდი რეპუტაცია დიდი ხანია აქვს.
შუა საუკუნეების ქრისტიანულ ტრადიციაში სიზარმაცე, ანუ Sloth, შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას შორის მოხვდა. თუმცა თავდაპირველად მას მხოლოდ ფიზიკურ უმოქმედობას არ უკავშირებდნენ. არსებობდა ცნება Acedia, რომელიც სულიერ გულგრილობას, მოვალეობების მიმართ ინტერესის დაკარგვასა და შინაგან უმოქმედობას გულისხმობდა.
დროთა განმავლობაში ეს წარმოდგენა გაფართოვდა და სიზარმაცე სულ უფრო მეტად დაუკავშირდა შრომისთვის თავის არიდებას. საუკუნეების შემდეგაც საზოგადოებაში შრომისმოყვარეობა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირსებად დარჩა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, ადამიანი მუდმივად უნდა მუშაობდეს.
კაცი, რომელმაც სიზარმაცის ქება გადაწყვიტა
1932 წელს ბრიტანელმა ფილოსოფოსმა და მათემატიკოსმა ბერტრან რასელმა გამოაქვეყნა ესე სახელწოდებით In Praise of Idleness - „უქმად ყოფნის ქება“. იმ დროს, როცა შრომისმოყვარეობა თითქმის უპირობო ღირსებად მიიჩნეოდა, რასელი საკმაოდ პროვოკაციულ მოსაზრებას ავითარებდა: ადამიანები ზედმეტად ბევრს მუშაობენ, ხოლო თავისუფალი დროის მნიშვნელობას სათანადოდ ვერ აფასებენ. ის ფიქრობდა, რომ ტექნოლოგიურ პროგრესს ადამიანებისთვის სამუშაო საათების შემცირების შესაძლებლობა უნდა მიეცა. რასელი დღეში ოთხსაათიანი სამუშაო დროის იდეასაც განიხილავდა. მისი აზრით, თავისუფალი დრო მხოლოდ დასვენებისთვის არ იყო საჭირო. ადამიანს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, დაეკმაყოფილებინა საკუთარი ინტერესები, ესწავლა, შეექმნა და უბრალოდ ცხოვრებით ესიამოვნა.
რასელი, რა თქმა უნდა, არ ამტკიცებდა, რომ მუშაობა საერთოდ არ არის საჭირო. ის ეწინააღმდეგებოდა წარმოდგენას, თითქოს რაც უფრო მეტს მუშაობ, მით უფრო პროდუქტიული ადამიანი ხარ.
და იქნებ სწორედ აქ ვუშვებთ შეცდომას?
შეიძლება ადამიანი მთელი დღე დაკავებული იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანი ვერაფერი გააკეთოს. მეორეს კი იგივე შედეგისთვის გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდეს. რომელი მათგანია უფრო პროდუქტიული?
რატომ მოგვდის საუკეთესო იდეები მაშინ, როცა არაფერს ვაკეთებთ?!
მთელი დღე ცდილობ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ კარგი არაფერი მოგდის თავში. შემდეგ ლეპტოპს ხურავ, სასეირნოდ გადიხარ ან შხაპს იღებ და უცებ ნათდება… რატომ ხდება ასე?
2012 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ბენჯამინ ბეირდის ხელმძღვანელობით, შეისწავლეს, როგორ მოქმედებს გონების სხვა თემებზე გადართვა შემოქმედებით აზროვნებაზე. ექსპერიმენტში მონაწილეები კრეატიულ ამოცანებს ასრულებდნენ. შესვენების დროს ზოგი რთული დავალებით იყო დაკავებული, ზოგი ისვენებდა, ან მარტივი აქტივობა ჰქონდა ჩანიშნული. შედეგებმა აჩვენა, რომ მონაწილეები, რომლებიც შესვენების დროს მარტივი საქმით იყვნენ დაკავებული, შემდეგ უფრო ადვილად პოულობდნენ იმ შემოქმედებითი ამოცანების გადაწყვეტის გზებს, რომლებზეც მანამდე მუშაობდნენ.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არაფრის კეთება ავტომატურად უფრო კრეატიულს გვხდის. 2024 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მთავარი მხოლოდ საქმისგან შესვენება არ არის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ დროს გონებას თავისუფლად ფიქრის საშუალება მივცეთ… ასეთ დროს, წიგნის კითხვა, მუსიკის მოსმენა, ფილმის ყურება, როგორც აქტიური დასვენების ფორმები, ბევრად უფრო ეფექტურია.
ერთი რამ აშკარაა: საუკეთესო იდეების მოსაფიქრებლად ყოველთვის ეკრანთან ჯდომა და მუდმივი ფიქრი არ არის საჭირო. ოღონდ ერთი განსხვავება უნდა გვესმოდეს - შხაპის დროს მოულოდნელად მოსული იდეა და ხუთსაათიანი სქროლვა, რომლის შემდეგაც საერთოდ აღარ გახსოვს, რას ვაკეთებდით, ერთი და იგივე არ არის.
სიზარმაცე, რომელმაც დისტანციური პულტი შექმნა?!
ახლა მოდი, ცოტა უფრო სახალისო ისტორიაზე გადავიდეთ.
1950 წელს ამერიკულმა კომპანია Zenith-მა ტელევიზორის მართვის პირველი დისტანციური პულტი შექმნა.
და იცი, რა დაარქვეს? Lazy Bones. იმ დროს არხის შესაცვლელად ადგომა და ტელევიზორთან მისვლა იყო საჭირო. ახალმა მოწყობილობამ კი ადამიანს საშუალება მისცა, ეს ყველაფერი დივნიდან გაეკეთებინა. მართალია, Zenith-ის ხელმძღვანელს პულტის შექმნის ერთ-ერთ მიზეზად ტელერეკლამების თავიდან არიდებაც ჰქონდა, მაგრამ სახელწოდება იდეალურად გამოხატავდა მოწყობილობის მთავარ უპირატესობას: რატომ უნდა ადგე, თუ შეგიძლია იწვე? მოგვიანებით ტექნოლოგია კიდევ უფრო განვითარდა და დღეს ტელევიზორის მართვა უკვე ხმითაც შეგვიძლია.
ეს მხოლოდ ერთი მაგალითია… ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რობოტი მტვერსასრუტი, ავტომატური გადახდები და უამრავი სხვა ტექნოლოგია არ გვექნებოდა, ადამიანს მიდრეკილება რომ არ ჰქონდეს სიზარმაცისკენ. თუმცა ამ გამოგონებების ავტორების ზარმაცებად გამოცხადება არასწორი იქნებოდა. პირიქით, მათ ბევრი იმუშავეს იმისთვის, რომ სხვებს ნაკლები მუშაობა დასჭირვებოდათ. და იქნებ სწორედ ეს არის სიზარმაცის ყველაზე საინტერესო მხარე?!
მაშ, სიზარმაცე კარგია თუ ცუდი?
აქ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება უნდა აღვნიშნოთ. ერთია, როცა მნიშვნელოვანი საქმე გაქვს გასაკეთებელი, მაგრამ მისი დაწყების გეშინია, გეზარება, ,,გესიკვდილება.” ასეთ შემთხვევაში, დროის გასვლასთან ერთად პრობლემაც იზრდება. სრულიად სხვაა, როცა დასვენების უფლებას აძლევ საკუთარ თავს, გონებას განტვირთვის საშუალებას აძლევ ან ცდილობ, საქმის შესასრულებლად უფრო მარტივი და ეფექტიანი გზა იპოვო.
პირველ შემთხვევაში სიზარმაცედ წოდებული ქცევა შეიძლება წინსვლაში ხელს გვიშლიდეს. მეორე შემთხვევაში კი ნაკლები ძალისხმევის სურვილი ზოგჯერ სასარგებლო გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს. ამიტომ, სანამ საკუთარ თავს ზარმაცს უწოდებ, დაფიქრდი: ნამდვილად არაფრის გაკეთება გინდა, უბრალოდ დასვენება გჭირდება, თუ ისეთი საქმის შესრულებას ცდილობ, რომელიც შენი არაა.
და თუ რაღაცის დაწყება დიდი ხანია გინდა, მაგრამ მუდმივად დებ, იქნებ მთელი საქმის ერთ დღეში შესრულების ნაცვლად, ეტაპებად დაყო და პირველი პატარა ნაბიჯით დაიწყო?
ბოლოს და ბოლოს, რომი ერთ დღეში არ აშენებულა.
ასე რომ, სიზარმაცე კარგია?! შეიძლება. გააჩნია, რას აკეთებ იმ დროს, როცა არაფრის გაკეთება გინდა. და თუ ჩვენი რომელიმე კურსის გავლას, უკვე წლებია გეგმავ… გილოცავთ, ჩვენი ბლოგი უკვე წაიკითხე და სარეგისტრაციო ლინკსაც აქვე დაგიტოვებთ.