შთაბეჭდილებები მოუშენ დიზაინის კურსის შესახებ
თარიღი: 25 August, 2020
–ჩემ შესახებ..
მე ვარ გიგი მეფარიშვილი, ფრილანს მოუშენ დიზაინერი და ქოფირათერი. ამჟამად ციფრულ სარეკლამო კომპანია „კრაკენში“ ვქმნი სარეკლამო კონტენტებსა და ტექსტებს. ვსწავლობ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტზე. ძალიან მიყვარს მუსიკის მოსმენა და შექმნა. ასევე მსიამოვნებს უცნობი მწერლების აღმოჩენა და დისტანციური მუშაობა.
-რატომ მოუშენ დიზაინი?
მოუშენ დიზაინი არის მიმართულება, რომლითაც შეგიძლია გააცოცხლო შენი ნებისმიერი ფანტაზია. ამას გარდა, ვფიქრობ, სათქმელის გადმოსაცემად მოძრავი ვიზუალი იდეალური გზაა.
-ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი…
გარკვეული ხნის განმავლობაში თვალს ვადევნებდი Motion Design-ის პროფესიონალურ ნამუშევრებს და მინდოდა მეც შემექმნა რაიმე შედევრი. ამას გარდა, ვფიქრობდი, კარგი ხატვის უნარის გარეშე საინტერესო და ძვირფასი პროდუქტის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა. თურმე ვცდებოდი…
-შთაბეჭდილებები მოუშენ დიზაინის კურსთან დაკავშირებით?
უბრალოდ ძალიან სასიამოვნოა სასწავლო პროცესი, რაც უფრო მმატებს მოტივაციას, რომ განვვითარდე. დისტანციურ კომუნიკაციას საერთოდ არ შეუშლია ხელი მიმეღო მაქსიმუმი, პირიქით, იმის საშუალებაც კი არსებობდა, რომ ლექცია გადაგემეორებინა და რაიმე მცირე დეტალი, რაშიც შენს თავში ეჭვი გეპარებოდა, კარგად დაგესწავლა.
-მე კურსამდე და კურსის შემდეგ..
დიდი ნახტომი განვიცადე კურსის გავლის შემდეგ. აქტიურად დავიწყე After Effects-ის ყველა მხარის შესწავლა. ნელ-ნელა ვეუფლები 2D ანიმაციას და ხანდახან 3D-შიც ვჩხერკეთელაობ. ამასობაში ძალიან ბევრი იდეა დამიგროვდა განსახორციელებელი და არ ვიცი საიდან დავიწყო.
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე…
მოძრაობისას არავინ აკვირდება იმას, თუ რა მოქმედებებს გადის სხეული ნაბიჯის გადადგმამდე. მთავარი უნარი, რომელიც შევიძინე არის დეტალებზე მეტი ყურადღება, რაც ანიმაციური ნამუშევრისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე, ვისწავლე მეტი დროის დათმობა კონკრეტული პროექტისთვის, რომელიც ახლა უკვე სიამოვნებად მექცა.
-რატომ უნდა გაიარო მოუშენ დიზაინის კურსი, ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?
თუ ეძებთ სივრცეს, სადაც კონკრეტულ სფეროში უმოკლეს ვადაში საგრძნობლად გაიზრდებით, დაგხვდებათ სავსებით მეგობრული გარემო და გექნებათ სასწავლებლად აბსოლუტური კომფორტი, ციფრული ინდუსტრიის აკადემია შესაფერისი ადგილია.
აქ შეიძენთ კიდევ ერთ პროფესიას, რომლითაც შეგიძლიათ დასაქმდეთ.
-ლექტორი..
ოთო ხოხიაშვილის ლექცია არის ერთი დიდი სიამოვნება. მისი და მოუშენ დიზაინის ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო საყურებელია, რაც მერე სტუდენტებსაც გადაედება. აქვს საინტერესო საუბრის მანერა და ყოველთვის მზად არის დასახმარებლად.
-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..
Motion Design არის უსასრულო სფერო, რომლის გამოკვლევაც უსასრულოდ დიდი და სასიამოვნო პროცესია. ამ კურსის გავლა კი აუცილებელი საძირკველია შემდგომი უამრავი მრავალფეროვანი შენობის დასაშენებლად. აქ მიიღებენ ყველა საჭირო ცოდნას, რაც დაეხმარებათ სწრაფ ზრდაში.
-ფინალური ნამუშევრის ინსპირაციის წყარო…
ინსპირაციის წყარო იყო სურვილი, შემექმნა რაიმე მარტივი, ლამაზი და ესტეთიური.