fbpx
ინტერიერის დიზაინი

შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 13 April, 2021

,,ამ კურსმა კიდევ უფრო დამარწმუნა საკუთარ თავში, მივხვდი რომ მაქსიმალური ძალისხმევით შემიძლია დავიწყო 0-დან და მივიდე საბოლოო მიზნამდე.”

დღეს ნინუცა ივარდავა მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

ინტერიერის დიზაინი

-ჩემ შესახებ..

მე ვარ ნინუცა ივარდავა, პროფესიით იურისტი, თუმცა მალევე მივხვდი რომ ეს არ იყო ჩემი სფერო და ბოლო წლებია ჩემი სამუშაო უფრო შემოქმედებით მიმართულებებს დავუკავშირე.

ამჟამად, ვარ თვითდასაქმებული ჩემს მეგობრებთან ერთად. 3 წლის წინ დავაფუძნე ბრენდი – www.ideefixe.ge და ჯერჯერობით ეს არის ჩემი ძირითადი საქმიანობა, რაც მოიაზრებს, როგორც შემოქმედებით/დიზაინ პროცესს, ასევე, სოციალურ ქსელების მართვას, მომხმარებლებთან კომუნიკაციას, ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებას და ა.შ.

ინტერიერის დიზაინი

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში..

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ გავიგე Facebook-ის საშუალებით. ინტერიერის დიზაინით ბოლო რამდენიმე წელია დავინტერესდი და ყოველთვის მეგონა, რომ ამ პროფესიას ამ ეტაპზე ვეღარ დავეუფლებოდი, რადგან გვიანი იყო და საკმარისი უნარები არ მქონდა, თუმცა კურსის აღწერამ და შემდეგ ინტერნეტში მოძიებულმა ინფორმაციამ დამარწმუნა, რომ სულ მცირე, საკუთარ პროექტებში შევძლებდი ნასწავლის გამოყენებას.

შემდეგ უკვე პანდემიის დროს, როცა ბევრი თავისუფალი დრო გაგვიჩნდა მე და ჩემს მეგობარს, თამამად გადავწყვიტეთ ერთად დარეგისტრირება. ასე მოვხვდით აკადემიაში.

ინტერიერის დიზაინი

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

იმიტომ რომ იმ მომენტში, ინტერიერის დიზაინის მოკლე კურსს, მხოლოდ ციფრული ინდუსტრიის აკადემია გვთავაზობდა. ამასთან ერთად, მომეწონა კურსის აღწერა და ის ფაქტი, რომ არ იყო აუცილებელი გამოცდილება ამ მიმართულებით.

ასევე, ვაფასებ ხოლმე, როდესაც საიტი ვიზუალურად გამართულია, საიდანაც ვიგებ ამომწურავ ინფორმაციას, ფასიც ძალიან მისაღები იყო ჩემთვის ამიტომ, ბევრი არ გვიფიქრია.

ინტერიერის დიზაინი

-რატომ ინტერიერის დიზაინი?

ზოგადად, ხელოვნების ნებისმიერი დარგისადმი ინტერესი ბავშვობიდან მაქვს. ბოლო ორი წელია დაახლოებით, რაც უფრო სერიოზულად დავინტერესდი.მუდმივად ვათვალიერებ სხვადასხვა საიტებს, ვეცნობი ამ სფეროს ისტორიას და იმ ადამიანების შესახებ ვკითხულობ, რომელთა ნამუშევრები დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. ეს ინტერესი შარშანდელს შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა, რადგან შევიძინე ბინა და მომიწია ბევრი ფიქრი თუ როგორ რა გამეკეთებინა, სად, რა და როგორი შემეძინა და ა.შ. ახლა, განვიხილავ იმასაც, რომ ეს ჩემი დამატებითი საქმიანობაც კი გახდეს.

ინტერიერის დიზაინი

-შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ..

ამ კურსის შემდეგ, ბევრი რამ ვისწავლე. პირველ რიგში, ტექნიკური მხარეები და სტანდარტები, რაც ინტერიერის დიზაინის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამის გარეშე, ცალკეულად აღებული ესთეტური ავეჯი და ფერები არაფერს ნიშნავს. ეს კურსი ნამდვილად კარგია მათთვის, ვისაც საბაზისო განათლება უნდა რომ მიიღოს და საიდანღაც დაიწყოს ეს კარიერა, თუმცა პროფესიონალურ დონეზე ამ საქმის გაგრძელებისთვის, საჭიროა გამოცდილება და ცოდნის გაღრმავება.

 

ინტერიერის დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

პირველ რიგში, ვისწავლე არქიკადის პროგრამაში მუშაობა. მართალია, საბაზისო დონეზე, მაგრამ აქამდე ესეც კი შეუძლებელი მეგონა. ძალიან მიუწვდომელი და რთული მეჩვენებოდა და საბოლოოდ, ისე მომეწონა, რომ საათების გასვლასაც ვეღარ ვამჩნევდი.

ვისწავლე ისიც, რომ აუცილებელია ნებისმიერ სივრცეს მივუდგეთ ფუნქციონალურად და დეტალებში ჩავიდეთ, სანამ გადავალთ უფრო სასიამოვნო, დეკორატიულ ნაწილზე. ასევე, საბოლოო პროექტის მუდბორდებზე მუშაობისას, გამიღრმავდა ფოტოშოპის უნარებიც.

და ბოლოს, ამ კურსმა კიდევ უფრო დამარწმუნა საკუთარ თავში, მივხვდი რომ მაქსიმალური ძალისხმევის ჩადებით შემიძლია დავიწყო 0-დან და მივიდე საბოლოო მიზნამდე.

-ლექტორი..

თათა იყო საკმაოდ მომთხოვნი ლექტორი, ასევე, საკმაოდ პირდაპირი ნამუშევრების შეფასებისას. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ყველა სტუდენტის პირად ინტერესშია, რომ დავალებები სათანადოდ იყოს შესრულებული, ამას ამძაფრებდა სწორედ ლექტორის მომთხოვნი დამოკიდებულებაც და შესაბამისად, უფრო მეტად მქონდა მოტივაცია და პასუხისმგებლობის შეგრძნება, რომ დავალებები კარგად და დროულად შემესრულებინა.

კარგი იქნებოდა, რომ კურსი უფრო გრძელი ყოფილიყო და კიდევ უფრო მეტი გვესწავლა, მაგრამ საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ.

ინტერიერის დიზაინი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

ზოგადად, ნებისმიერ სფეროში დამწყებ დიზაინერებს/ხელოვანებს ვურჩევ, რომ იფიქრონ გრძელვადიან პერსპექტივაში და დღესვე დაიწყონ რაღაცით, თუნდაც სულ მცირედით და არ დაელოდონ როდის დადგება ყველაზე ხელსაყრელი დრო, იქნება ეს ახალი უნარების შეძენა, რაიმე იდეის ან პროექტის განხორციელება თუ ა.შ. მუდმივი შრომა და განვითარება საბოლოოდ აუცილებლად მოიტანს შედეგს.

-ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

საბოლოო ნამუშევრის შთაგონების წყარო იყო საკუთარი ბინა, რომელიც ჯერ კიდევ დაუსრულებელია ის სურვილები და იდეები, რაც მინდოდა საკუთარ სახლში გამეცოცხლებინა, მთლიანად ამ პროექტში გადმოვიტანე.

ფიქრი, ფერებით და მასალებით დავიწყე და ამას მოვარგე შემდეგ ავეჯი და დეკორის ელემენტები. მინდოდა, რაც შეიძლება ნეიტრალური ტონები და ბუნებრივი მასალები ყოფილიყო ინტერიერში და კონტრასტი შემომეტანა სხვადასხვა ტექსტურებით და შავი ფერით. იმედი მაქვს, რაღაც გამოვიდა.