შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ – ანი ნიჟარაძე
თარიღი: 13 October, 2020
,,იცით რას მივხვდი? რაც გულში “გიღუტუნებს” აუცილებლად უნდა გააკეთო. რა იცი იქნებ ზუსტად ისაა რასაც ეძებ.”
ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსდამთავრებული ანი ნიჟარაძე მოგიყვებათ გრაფიკული დიზაინის კურსის შთაბეჭდილებების შესახებ.
-მე ვარ..
გამარჯობა, მე ვარ ანი ნიჟარაძე 34 წლის. ამჟამად ვმუშაობ ფრილანსერად, როგორც დიზაინერი და ასევე ქოფირაითერი.
-რატომ გრაფიკული დიზაინი?
სადღაც სულ ვგრძნობდი, რომ ის საქმე ვერ ვიპოვე ჯერ რომელიც ჩემი იყო.
ყოველთვის “მშურდა” ადამიანების, რომლებიც ხელოვნებასთან ახლოს იყვნენ და ეს იყო მათი სამუშაო გარემო. ხელოვნება ხომ თავისუფლებაა. თავისუფლება კი ჩემთვის ყველაფერია.
ჩემს “ახალგაზრდობაში” დიდად არ მქონია გრაფიკულ დიზაინთან შეხება, მაგრამ მოგვიანებით, როცა მომიწია დამკვეთის პოზიციიდან, საოცრად დამაინტერესა.
როდესაც გამოვთქვი ინტერესი გრაფიკული დიზაინის შესწავლაზე რამოდენიმე წლის წინ, მიპასუხეს რომ რაღა დროს ჩემი გრაფიკული დიზაინის სწავლა იყო, რომ ამ პროფესიისთვის უკვე დიდი ვარ იმ დროს გავჩერდი, რატომღაც დავიჯერე. მაგრამ გავიდა დრო და მაინც ვერ მოვისვენე და დავიწყე.
იცით რას მივხვდი? რაც გულში “გიღუტუნებს” აუცილებლად უნდა გააკეთო. რა იცი იქნებ ზუსტად ისაა რასაც ეძებ.
-ინტერესი ამ სფეროსადმი..
ეს იყო ჩემთვის შესაძლებლობა გამომეხატა უფრო მეტი. შემექმნა რაღაც, რაც მუდამ იარსებებდა. მე არ ვხატავ, ვერ. ამ ნიჭით არ ვარ განებივრებული, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაწილობრივ ეს ოცნებაც ავიხდინე.
-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსთან დაკავშირებით..
კურსმა ბევრი რამ შეცვალა ჩემში, ჩემს ხედვაში და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ როგორც იქნა მივიღე გადაწყვეტილება და მოვედი თქვენამდე.
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე?
ეს არის დაკვირვების უნარი. მე ვაკვირდები ყველაფერს: რა როგორ წერია, რამხელაა დაშორება ასოებს შორის, როგორი ფერებია გამოყენებული, მოცულობა, სივრცე. არ ვიცი მართლა ყველაფერს სხვა თვალით ვაკვირდები და ვცდილობ ყველაფერი გამოვიყენო.
-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?
სიმართლე გითხრათ აკადემიაში მოვხვდი სრულიად შემთხვევით, ფეისბუქ რეკლამის საშუალებით, სულ სხვა კურსზე. გრაფიკული დიზაინი ჩემი მეორე კურსია თქვენთან. იმდენად მომეწონა დამოკიდებულება, ყურადღება, ლექტორების მიდგომა, რომ არც მიფიქრია სხვაგან წავსულიყავი გრაფიკული დიზაინის კურსის მხრივ.
-ლექტორი..
მიაკო ნადირაძე, საოცარი ლექტორი! პროფესიონალი! ადამიანი, რომელსაც საოცარი გადმოცემის უნარი აქვს. 3 საათიან ლექციაზე არც ერთი წუთი არ იღლები და არ გბეზრდება, ფანტასტიურად ხსნის მასალას და ყოველთვის მონდომებული გეხმარება თუნდაც რამის გასაგებად “საუკუნე” დაგჭირდეს.
-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..
დამწყებო დიზაინერებო, დააკვირდით დეტალებს ყველგან, ათვალიერეთ ბევრი მასალა, სხვისი ნამუშევრები და იყავით დარწმუნებული საკუთრ თავში!
-ფინალური ნამუშევრის ინსპირაციის წყარო?
ჩემი ფინალური ნამუშევრის ინსპირაცია იყო სხვადასხვა ჰოროსკოპის ნიშნის ქვეშ დაბადებული ცნობილი ადამიანები, მათი ძირითადი ხასიათის თვისებები და იღბლიანი ფერები.