შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ – ანა გავაშელი
თარიღი: 6 October, 2020
-ჩემ შესახებ…
პროფესიით PR სპეციალისტი ვარ. 10 წელზე მეტია რაც მარკეტინგის სფეროში ვმუშაობ. აქედან ბოლო რამდენიმე წელი ორი ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს პიარისა და მარკეტინგის უფროსად ვმუშაობდი. ამჟამად კი მსოფლიოს წამყვანი სატრანსპორტო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორის, „ტრანსპორტერის“ ციფრული მედიის მენეჯერის პოზიციას ვიკავებ.
-რატომ გრაფიკული დიზაინი?
გრაფიკული დიზაინი, როგორც კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება პიარისა და მარკეტინგის განუყოფელი ნაწილია. ის ვიზუალური კომუნიკაციაა, რომელიც, სწორად გათვლის შემთხვევაში, პიარისა და მარკეტინგის აქტივობებს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს პრინტი თუ ციფრული მედია, დიზაინი კომპანიას თავისი მესიჯის სწორად, გასაგებად და მარტივად ტრანსლირების საშუალებას აძლევს. ჩემთვის გრაფიკული დიზაინის კურსის გავლას ორი მიზეზი ჰქონდა:
გრაფიკული დიზაინის კურსი პირველად უნივერსიტეტში გავიარე. იქიდან მოყოლებული დიდ სიამოვნებას ვიღებ გრაფიკული დიზაინის პროგრამებში მუშაობით. თავდაპირველად ეს ჩემთვის ჰობი იყო და როგორც მოყვარულს, არა ერთი სარეკლამო ვიზუალი გამიკეთებია სხვადასხვა კომპანიებში მუშაობის პერიოდში. ეს საქმიანობა სიამოვნებას მანიჭებს და ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება ჰობი აქციო მეორე პროფესიად?
დავიწყე შესაფერისი კურსის ძიება. ეს, სწორედ, პანდემიის პირობებში მოხდა. ხაზგასასმელია, რომ გრაფიკულ დიზაინერად დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობის გამო, 2020 წელს ეს საქმიანობა კიდევ უფრო დაფასდა. ვფიქრობ, ყველას უნდა ჰქონდეს მეორე პროფესიად ისეთი ხელობა, რომელიც COVID19-ის მაგვარ ფორს-მაჟორულ სიტუაციებს გადააგორებინებს. ეს უკვე სუფთა წყლის პრაქტიკულობაა.
მეორე მიზეზი, პროფესიული „აფგრეიდის“ საშუალება და კომპეტენციის ამაღლებაა. პიარისა და მარკეტინგის გუნდს მუდმივად უწევს დიზაინერებთან ურთიერთობა. ვთვლი, რომ როდესაც გუნდს ხელმძღვანელობ, შენი გუნდის თითოეული წევრის საქმიანობაში მაქსიმალურად უნდა იყო გათვითცნობიერებული. გუნდის ხელმძღვანელს დაქვემდებარებულების და თანამშრომლების კითხვებზე პასუხის გაცემა უნდა შეეძლოს.
ასევე, გრაფიკული დიზაინერები ძალიან ხშირად აწყდებიან კომუნიკაციის პრობლემას დამკვეთთან ან უფროსთან. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ დამკვეთმა არ იცის გრაფიკული დიზაინის ნიუანსები და სათანადოდ არ აფასებს დიზაინერის საქმიანობას. ვცდილობ, არ ვიყო ასეთი დამკვეთი/უფროსი და ჩემი და დიზაინერის ურთიერთობა უფრო კონსტრუქციულ და კომპეტენტურ თანამშრომლობაზე იყოს ორიენტირებული.
-ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი..
გარდა პროფესიული გადაკვეთისა, გრაფიკული დიზაინის პროგრამების ცოდნა ადამიანს საკუთარი თავის გამოხატვაში ეხმარება. რომც არ იმუშაო რამე კონკრეტულ პროექტზე, უდიდესი სიამოვნებაა, როდესაც შენი ფანტაზიების ვიზუალურად გამოხატვის უნარი გაქვს. აქ უფრო მეტად ვლინდება გრაფიკული დიზაინის, როგორც ხელოვნების მხარე. დარწმუნებული ვარ, ყველას ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც იდეა გაწუხებს, გინდა მისი გადატანა ციფრულად ან პრინტზე, მაგრამ ამას ვერ აკეთებ, იმიტომ რომ სათანადო უნარი არ გაგაჩნია. ეს კურსი კი სწორედ ასეთ უნარებს შეგძენს.
-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ…
კურსის სილაბუსი კარგად არის გაწერილი. სწავლების გეგმა ისეა გათვლილი, რომ კურსის გავლა დამწყებისთვის მარტივი იყოს. თითოეული ლექცია 3 საათიანია, რაც შეიძლება თავიდან ზედმეტად მოგეჩვენოს, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. იმდენად საინტერესო ინფორმაციას იღებ, რომ დრო სწრაფად გადის. რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ლექციის შემდეგ შესრულებული დავალება პირველი პორტფოლიოს შედგენაში დაგეხმარება.
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..
შევიძინე ზუსტად ის უნარი, რისთვისაც ავირჩიე ეს კურსი – გრაფიკული დიზაინის პროგრამებში პრაქტიკული მუშაობა, ამ სფეროს ტრენდების გაცნობა და ამ ტრენდების მნიშვნელობის გააზრება კომერციულ გარემოში.
-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?
პანდემიის პირობებში ციფრული ინდუსტრიის აკადემია სწრაფად მოერგო არსებულ სიტუაციას და კურსის გავლის მსურველებს ონლაინ ლექციები შესთავაზა. ჩემთვის ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე არჩევანის შეჩერების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სწორედ ეს იყო. პანდემიას თავი რომ დავანებოთ, დასაქმებული ადამიანისთვის საკმაოდ რთულია ხოლმე სხვა აქტივობებისთვის (თუნდაც საგანმანათლებლო) დროის გამოყოფა. განათლების მიღება სახლიდან გაუსვლელად კი ძალიან თანამედროვე და საჭირო ტენდენციაა.
ამის გარდა, კურსის ფასიც სრულიად ადეკვატურია.
-ლექტორი..
ნინი მუშკუდიანის გამძლეობის თეთრი შურით მშურს, ნინი არის ლექტორი, რომელსაც არც ერთხელ არ დაეზარება შენთვის რამის მეათასეჯერ ახსნა და პრაქტიკულად ჩვენება. ამას ძალიან ვაფასებ, ის თავისი საქმის მცოდნეა. მასთან ურთიერთობა მარტივია – ის კომუნიკაციისთვის განგაწყობს. ამის გარდა, მაქსიმალურ მხარდაჭერას იჩენს ფინალურ პროექტებზე მუშაობისას.
-მიეცით რჩევა დამწყებ დიზაინერებს..
დამწყები დიზაინერებისთვის სამი რჩევა მექნება:
- მუდმივი განვითარება – არ გაჩერდეთ ამ სფეროში მხოლოდ უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღებით. წელიწადში რამდენჯერმე გაეცანით გრაფიკული დიზაინის სიახლეებს და თანამედროვე ტენდენციებს. არასოდეს იფიქროთ, რომ ყველაფერი იცით – შიგადაშიგ გაიარეთ ასეთი კურსები და გაიგეთ, რა არის ახალი და ტრენდული.
- მუდმივი პრაქტიკა – გრაფიკულ დიზაინში, ისევე, როგორც ნებისმიერ პრაქტიკულ პროფესიაში, მთავარი გაუჩერებლად მუშაობაა. რომც არ გქონდეთ აქტიური პროექტი, შექმენით თქვენი. მუდმივად იმუშავეთ ტექნიკური უნარების განვითარებაზე. აუცილებელია იცოდეთ, რომ ფოტოშოპი და ილუსტრატორი სინამდვილეში უდიდესი პოტენციალის პროგრამებია. არ „გაყინოთ“ თქვენი უნარი მხოლოდ სარეკლამო პოსტების კეთებით.
- იცოდეთ თქვენი მომსახურებისა და დროის ფასი. ასევე, თუ ამჩნევთ, რომ დამკვეთი ტოქსიკურია, უბრალოდ გაეცალეთ. ნუ აკნინებთ საკუთარ თავს მხოლოდ იმის გამო, რომ „დამწყები“ და „ახალი“ ხართ. მთავარი თქვენი უნარებია და ეს უნარები ჩვენს დროში ძალიან ფასობს. ასევე, ყველაზე „პრაქტიკული“ რჩევა – თუ არ იცით უცხო ენა, აუცილებლად ისწავლეთ! ისეთ პროფესიაში მუშაობთ, რომელსაც საზღვრები არ აქვს. უამრავი დამკვეთის მოძიებას შეძლებთ მსოფლიო მასშტაბით, თუ უცხო ენას ისწავლით.
-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის ინსპირაციის წყარო?
იქიდან გამომდინარე, რომ სტუმარმასპინძლობის სფეროში ვმუშაობდი, ფინალურ პროექტად სასტუმროს ლოგო და ბრენდის სახელმძღვანელო ავირჩიე.
სასტუმროს კონცეფცია მთლიანად ჩემი მოფიქრებულია. Island One Hotel არის ბუტიკური ტიპის 50 ნომრიანი ზღვისპირა სასტუმრო, რომლის ინტერიერის დიზაინსა და მარკეტინგულ მასალებში ზღვის და კოსმიური ელემენტები იკვეთება. ბევრს გაუჩნდება კითხვა, რა შუაშია ზღვა და კოსმოსი ერთმანეთთან, მაგრამ ჩემთვის ეს ცხადია – ადამიანებისთვის ზღვა/ოკეანე დღემდე ისეთივე ბუნდოვანი და უკიდეგანოა, როგორც კოსმოსი. ორივე ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოკვლეული მეცნიერების მიერ. ამის გარდა, ცისა და ზღვის შერწყმა ჰორიზონტზე ჩემთვის ყველაზე ჰარმონიული ერთობაა.
Island One Hotel ქალაქისგან მოშორებითაა და სტუმრებს განმარტოვებისა და ყოველდღიური ალიაქოთისგან თავის დაღწევის საშუალებას აძლევს. სწორედ ასეთ დროს ვპოულობთ ჩვენს შინაგან ჰარმონიას. მინდოდა, რომ ამ პატარა სასტუმროს ვიზუალური იდენტობა ყოფილიყო იმ ელემენტების ნაზავი, რომლებიც სტუმრების შინაგან ჰარმონიაზე არიან პასუხისმგებელნი. სასტუმროს ლოგო შედგება ზღვის ტალღების, მზის და ვარსკვლავების გამოსახულებებისგან. ბრენდის ფერები და ფონტიც იდეალურია ამ კონცეფციის მქონე ბრენდისთვის.