შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ
თარიღი: 6 July, 2021
,,სანამ კურსს დავიწყებდი ჩემი ცოდნა გრაფიკულ დიზაინში 20% იყო. კურსის განმავლობაში შესამჩნევად განვვითარდი. დიზაინის, განლაგებების, ფერების სწორად შერჩევა და გამოყენება ვისწავლე.”
დღეს ელენე იმშუ შუკაკიძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:
-ჩემ შესახებ…
ელენე იმშუ შუკაკიძე, იმშუ, როგორც არტისტს. 18 წლის ვარ და ამჟამად ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. ასევე, ვმუშაობ ქოლ-ოპერატორად კომპანია Inex Group-ში.
მოგეხსენებათ, სტუდენტისთვის სამუშაო რთულად იშოვება და მეც, სადაც მოვხვდი, იქ ვარ. სამწუხაროდ, ჯერ ჩემი ინტერესის სფეროში არ მიმუშავია და იმედი მაქვს, რომ აუცილებლად მოვა დრო და იმას გავაკეთებ, რაც სიამოვნებას მანიჭებს.
-რატომ გრაფიკული დიზაინი?
გრაფიკული დიზაინით საკმაოდ დიდი ხანია გატაცებული ვარ, მომწონს ის, რომ არ ვარ შეზღუდული და ნებისმიერი წარმოსახვის გადმოტანა შემიძლია. ფერებით კომუნიკაცია, ემოციებზე თამაში, გემოვნებაზე კვალის დატოვება და საზოგადოების თანმდევი შთაბეჭდილების მოსმენა მიყვარს.
-ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი?
ბავშვობიდანვე მიყვარდა დიზაინის სფერო, სკოლაშივე დედაჩემს ვაძალებდი, რომ სადაც კი რაიმე სახით ხელოვნება იყო ყველგან ვეტარებინე. დავყავდი კიდეც, რაც დამეხმარა ჩამოყალიბებაში. სულ ვათვალიერებდი ილუსტრაციებს და მხატვრებს ვადევნებდი თვალს. წიგნების ყდების გაფორმებებმა ალბათ ყველაზე დიდი როლი ითამაშა ჩემი ინტერესის ამ სფეროში გაღრმავებაზე. შემდეგ უკვე სოციალურ ქსელებში აღმოჩენილმა არტისტებმა.
-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ..
კურსის გავლას, სიმართლე ვთქვა, არ ვაპირებდი, სანამ არ დამირეკა თამარ მაისურაძემ. ყველანაირად ხელი შემიწყო ყველა დაბრკოლებაზე და ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის.
კურსში ჩემი რესურსი ჩავდე და ვეცადე, რომ რასაც ლექტორი გვასწავლიდა ბოლომდე შემესრუტა და ჩემი იდეებისთვის რეალური სახე მიმეცა.
ვფიქრობ, რომ კურსის გავლა საჭიროა, რა თქმა უნდა, ჩვენითაც ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია, თუმცა კურსს როცა გადიხარ, სხვადასხვა ადამიანების გემოვნებას, ინტერესებს, სტილს ეცნობი და ეს ყველაფერი გავლენას ახდენს შენი შემოქმედებითი მხარის გაზრდაზე, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩემი შთაბეჭდილებები ამ კურსის მიმართ, ცალსახად, დადებითი და პოზიტიურია.
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..
სანამ კურსს დავიწყებდი ჩემი ცოდნა გრაფიკულ დიზაინში 20% იყო. კურსის განმავლობაში შესამჩნევად განვვითარდი. დიზაინის, განლაგებების, ფერების სწორად შერჩევა და გამოყენება ვისწავლე.
-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?
აკადემიას Facebook და Instagram გვერდზე ვადევნებდი თვალს, დავინახე, რომ ყველანაირად მზადყოფნაში არიან, ადამიანებში ციფრული კუთხით მუშაობის სურვილი გააღვივონ.
გამოცდილი ადამიანები არიან და საკმაოდ საინტერესოდ მოაქვთ ყველა სიახლე თუ რჩევა საზოგადოებამდე. არ იშურებენ ძალას, რომ ნიჭიერ ადამიანები აღმოაჩინონ და მათ ცხოვრებაში თავისი კვალი დატოვონ, რაც მართლა დასაფასებელია.
-ლექტორი..
ჩემი ლექტორი მიაკო ნადირაძეა, უსაყვარლესი და კეთილშობილი. მოსწავლეების მიმართ მიდგომა ჩემთვის მისაღებია.
ზოგადად, მიჭირს კომუნიკაცია ადამიანებთან და ჩემი თავის გამოხატვა საზოგადოებაში, მეშინოდა, რომ ამ კურსზეც იგივე მოხდებოდა და ვერ გამოვავლენდი ჩემს თავს, თუმცა მიაკოს დამოკიდებულებამ ყველაფერი გვერდზე გადამადებინა და როგორც დავინახე, მისგან მაქსიმალური შრომა, ჩემგანაც იგივე წამოვიდა. მადლობა მიაკოს.
-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..
მეც დამწყები ვარ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ხელოვნება ფერებით კომუნიკაცია და ადამიანის შენივე შემოქმედების მთავარ გმირად ქცევაა. ამაზე უნდა იყო კონცენტრირებული. უნდა იცოდე, რა ემოციის გამწვავება გინდა შენი დიზაინით და შემდეგ თვალწინ გიდგება პატარ-პატარა კადრები, რომლებითაც საბოლოო დიზაინს ქმნი.
-ნამუშევრის შთაგონების წყარო..
შემთხვევით დავიწყე ფიქრი, რომ წარსული, რასაც უარსებია და წარსულიდან რაც შემოგვრჩენია, ყველაფერი მომავალში იმავე სახით მოდის. არადა, სიახლეები ყოველთვის საჭიროა, ვინაიდან განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა. ყოველთვის მიზიდავდა მოცემული ჩარჩოების გარღვევა და ეს დიზაინებიც ამ ყოველივეს ემსახურება.
რენესანსის ეპოქის ნამუშევრები, ზოგადად ძალიან დახვეწილი, დეტალური და ემოციურია, კიბერპანკი კიდევ მომავლის ხელოვნებაა და სრულიად შეუსაბამობაში მოდის ეს ორი მიმდინარეობა ერთმანეთთან.
მე კიდევ მინდოდა, რომ ერთიანობაში გამომეტანა და დამენახებინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე შესაძლებელია რაღაც ორი თავისებურად სხვა იყოს, სხვა გემო ჰქონდეს, სხვა ფერებში სრულდებოდეს, ერთად წარმოუდგენელ მთლიანობას გვაძლევდეს. მოკლედ, დამტკიცებულია, რომ ორი სრულებით დამოუკიდებლის თანაარსებობას წინ არაფერი უდგას.