ჩვენი კურსდამთავრებული, ნათია სურგულაძე, პროფესიით ტანსაცმლის მხატვრული დიზაინერია, თუმცა ამ მიმართულებით არასდროს უმუშავია. კარიერული გზა საბანკო სფეროთი დაიწყო, შემდეგ კავშირგაბმულობის კომპანიაში, საერთაშორისო კომპანიასა და გაყიდვების დეპარტამენტშიც იმუშავა. მიუხედავად სხვადასხვა გამოცდილებისა, წლების განმავლობაში ჰქონდა სურვილი, ეპოვა საქმე, რომელიც ნამდვილად მისი იქნებოდა.
როგორც თავად ამბობს, სულ უნდოდა ემუშავა იმ მედიუმებთან, რომლებიც მასთან ახლოს იყო. წლების განმავლობაში ცდილობდა ეპოვა გზა, რომელიც შემოქმედებით ინტერესებსა და თანამედროვე ციფრულ შესაძლებლობებს ერთმანეთს დაუკავშირებდა.
„როგორც იქნა, დადგა დრო ჩემს ცხოვრებაში და მომეცა შანსი, დამეწყო ძიება,“ - ამბობს ნათია.
სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ სწავლა დაიწყო რამდენიმე მიმართულებით. ჯერ UI/UX დიზაინის კურსი გაიარა, შემდეგ, ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, გრაფიკული დიზაინი და ბრენდ დიზაინი ისწავლა.
ნათიასთვის აკადემიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწავლისადმი მიდგომა აღმოჩნდა. განსაკუთრებით გამოყოფს გარემოს, სადაც პროცესი კონკურენციაზე არ არის აგებული და ყურადღება უფრო ახსნას, გააზრებასა და თითოეული სტუდენტის ინდივიდუალურ განვითარებას ეთმობა.
„ჩემთვის უდიდესი კომფორტი და პრიორიტეტია ის, რომ აკადემიაში სწავლის მეთოდიკა შეჯიბრებითობის პრინციპზე არ არის აგებული. პირიქით, ყველაფერი უფრო ადამიანურ ახსნასა და გაანალიზებაზეა მორგებული. ლექტორები პრაქტიკოსები არიან და პროცესში ფინალურ პროექტამდე არიან ჩართულები.“
კურსებიდან მიღებულ ყველაზე მნიშვნელოვან უნარად ნათია არა კონკრეტული პროგრამის ან ტექნიკის ცოდნას, არამედ პროცესის მიმართ დამოკიდებულებას ასახელებს. მისთვის მნიშვნელოვანი გახდა ექსპერიმენტი, სხვადასხვა გზის გამოცდა, შედარება და შეცდომის მიღება როგორც განვითარების ერთ-ერთ ეტაპად.
„ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პროცესით სიამოვნება მივიღო. ვიყო ჩართული ექსპერიმენტებში, გავტესტო, მოვსინჯო და შევადარო სხვადასხვა გზა. ასე შედეგიც უფრო ბუნებრივი და შენებური გამოდის. და არაუშავს, თუ გეშლება - ზუსტად მაგით იზრდები.“
დიზაინში კარიერის დაწყებას თან ახლავს სირთულეებიც… კონკურენცია, ყველაფერი პირველივე მცდელობაზე არ გამოდის და ხელოვნური ინტელექტის გავლენასთან დაკავშირებული კითხვები, თუმცა ნათიას რჩევა დამწყები დიზაინერებისთვის მარტივია: ეს ყველაფერი გვერდზე გადადონ და სცადონ.
„ყველაფერი გადადეთ გვერდზე და სცადეთ საკუთარი თავის ძიება იმ საქმეში, რომელიც გრძნობთ, რომ თქვენია.“
ბრენდ დიზაინის კურსის ფინალური პროექტი ნათიასთვის „Fur & Formula“ იყო. პროექტის იდეა ნათიას ცხოველებისადმი სიყვარულმა და ემპათიამ შთააგონა.
ამ ეტაპზე ნათია ილუსტრაციით არის დაკავებული და ამბობს, რომ ეს მიმართულებაც ძალიან აინტერესებს. მომავალში კი აკადემიაში 3D დიზაინისა და Motion Design-ის კურსების გავლას გეგმავს. მისთვის ეს გზა მუდმივი ძიებისა და ექსპერიმენტის პროცესია.
„წინ კიდევ ბევრი საინტერესო ექსპერიმენტი და პროცესი მაქვს გასავლელი.“