სათაური ცოტა გადაჭარბებულად ჟღერს, არა? თუმცა ახლავე აგიხსნით, რატომ ვფიქრობთ ასე.
იმისთვის, რომ გავიგოთ, რატომ შეიძლება 2030-იანები ახალი შემოქმედებითი ეპოქის დასაწყისი გახდეს, ჯერ რამდენიმე საუკუნით უკან უნდა დავბრუნდეთ.
დაახლოებით 1440 წელს ევროპაში ერთი კაცი გამოჩნდა, რომელმაც სამყარო შეცვალა. ეს კაცი იყო, იოჰანეს გუტენბერგი, რომელმაც საბეჭდი დაზგა გამოიგონა.
მანამდე წიგნის შექმნა რთული, ძვირი და ჯოჯოხეთურად ხანგრძლივი პროცესი იყო. ტექსტები ხელით იწერებოდა და ცოდნაზე წვდომა მხოლოდ რჩეულებს ჰქონდათ. გუტენბერგის გამოგონებამ ეს ბარიერი მიწასთან გაასწორა: იდეები ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდებოდა და უფრო მარტივად აღწევდა ქალაქებსა თუ ქვეყნებში. შესაბამისად, უფრო მეტ ადამიანს შეეძლო ცოდნის მიღება, სხვადასხვა ავტორისა და სფეროს გაცნობა და ამ ცოდნის სწორად გამოყენება.
და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო.
როცა ცოდნა ხელმისაწვდომი ხდება
ისტორიისა და ხელოვნების წიგნების გავლენით რენესანსს ყველაზე ხშირად ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოსა და სხვა ეპოქალურ გენიოსებს, ძირითადად მხატვრებს, ვუკავშირებთ. მაგრამ ასეთი კულტურული აფეთქება მხოლოდ რამდენიმე ნიჭიერი ადამიანის დამსახურება არ ყოფილა.
გარემო იცვლებოდა, ცოდნა სწრაფად ვრცელდებოდა. სხვადასხვა კულტურის გამოცდილება, ცოდნა, ხელოვნება და ფილოსოფიური იდეები ერთმანეთს ერწყმოდა. ცოდნის გავრცელებამ ადამიანებს საშუალება მისცა, ერთ სფეროში ნასწავლი მეორეში გამოეყენებინათ, გაჩნდა განვითარების შესაძლებლობა. რენესანსის ადამიანი ხომ მხოლოდ ერთი საქმის პროფესიონალი არ იყო - მას ერთდროულად აინტერესებდა ხელოვნებაც, ინჟინერიაც, ანატომიაც და არქიტექტურაც(ამის კარგი მაგალითა, ზემოთ ნახსენები და ვინჩიც).
რა ხდება დღეს?
ახლა კი გადმოვინაცვლოთ ჩვენს რეალობაში. რა მოხდება, თუ ვიტყვით, რომ ჩვენი საბეჭდი დაზგა ხელოვნური ინტელექტია (AI)?
ოდესღაც, მაღალი ხარისხის ვიდეოს ან პროექტის შესაქმნელად მთელი გუნდი გჭირდებოდა: სცენარისტი, დიზაინერი, რეჟისორი, მემონტაჟე და, რაც მთავარია, საკმაოდ დიდი ბიუჯეტი.
დღეს კი რა ხდება? ერთი ადამიანი ჯდება ლეპტოპთან, უზიარებს იდეას AI-ს, ქმნის ვიზუალებს, აწყობს ვიდეოს, ახმოვანებს, ამონტაჟებს და რამდენიმე საათში, თუ ნამუშევარი ხარისხიანია, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ხვდება ადამიანს.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ უცებ ყველა საუკეთესო რეჟისორი ან მწერალი გახდა. ეს ნიშნავს რაღაც უფრო მნიშვნელოვანს - იდეის რეალობად ქცევა ბევრად გამარტივდა . ინსტრუმენტი თავისთავად გრანდიოზულ იდეას არ ბადებს, მაგრამ ათასობით ადამიანს აძლევს შანსს, საკუთარი იდეა რეალობად აქციოს. ზუსტად ისე, როგორც ეს გუტენბერგის გამოგონებამ შეძლო საუკუნეების წინ.
ახალი „რენესანსის ადამიანი“
ყველაზე დიდი ცვლილება, ალბათ, პროფესიულ სამყაროში ხდება. წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ: „აირჩიე ერთი მიმართულება, გახდი მასში ნომერი პირველი და არ გაბედო სხვაგან გადასვლა“.
ახლა კი პროფესიებს შორის საზღვარი იშლება.
დიზაინერი უკვე მხოლოდ ვიზუალებზე აღარ მუშაობს. AI-ს იყენებს და, საჭიროების შემთხვევაში, კოდის შექმნაშიც ერთვება.
მარკეტერს უკვე შეუძლია ვიდეოს იდეიდან საბოლოო ფორმატამდე დამოუკიდებლად მიყვანა.
პროგრამისტი კი მხოლოდ კოდს აღარ წერს, ხშირად თავად ფიქრობს პროდუქტის ვიზუალსა და მომხმარებლის გამოცდილებაზეც.
ერთი ადამიანი დღეს ერთდროულად არის იდეის ავტორიც, სცენარისტიც, რეჟისორიც და მარკეტერიც. ცნობისმოყვარეობა ისევ მთავარი იარაღი ხდება. და სწორედ ამიტომ, მომდევნო წლებში ყველაზე ღირებული შეიძლება ის ადამიანები გახდნენ, რომლებიც მხოლოდ ერთ სფეროში არ ჩერდებიან და სხვადასხვა ცოდნასა და უნარს ერთმანეთთან აკავშირებენ.
რატომ მაინცდამაინც 2030-იანები?
ცხადია, აქ უკვე მხოლოდ ვპროგნოზირებთ. არავინ იცის, ზუსტად რას დაარქმევენ ისტორიკოსები მომავალ ათწლეულს, ოცდაათწლეულს და ა.შ. მაგრამ ფაქტია, რომ ტექნოლოგია წარმოუდგენელი სიჩქარით ვითარდება.
თუ ეს ტემპი შენარჩუნდა, პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად, შემოქმედების ისეთ აფეთქებას მივიღებთ, რომელსაც ჯერ ვერც წარმოვიდგენთ. უფრო მეტი ადამიანი გადაიღებს ფილმს, შექმნის პროდუქტს, დაწერს, დახატავს და დაიწყებს რაღაც ახალს.
და მაინც… როდის დაიწყება ახალი რენესანსი?!
ეპოქის შუაგულში მცხოვრებ ადამიანს ფლორენციაში დილით ალბათ არ გაუღვიძია იმ ფიქრით: „დღეს დიდი დღეა, დიდი…აი, დღეს ოფიციალურად დაიწყო რენესანსი!“
შეიძლება 2030-იანები სულაც არ აღმოჩნდეს „ახალი რენესანსის დასაწყისი“. მაგრამ ერთი რამ ცხადია: ინსტრუმენტები უკვე ჩვენს ხელშია, სფეროებს შორის საზღვრები იშლება და თითოეული ჩვენგანის შესაძლებლობები სულ უფრო ფართოვდება.
და თუ ისტორიამ მართლაც რამე გვასწავლა, ეს ერთია: როცა ადამიანებს იდეების შექმნისა და გავრცელების ახალი შესაძლებლობები ეძლევათ, დიდი ცვლილებებიც სწორედ მაშინ იწყება.
ახლა კი საკითხავი ის არის - შენ რა როლი გექნება ამ ცვლილებაში?
ასე რომ, აირჩიე შენი მიმართულება ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში და მოემზადე მომავლისთვის!