სალომე გეგეჭკორის ისტორია: ფილოლოგიიდან სოც მედიამდე
თარიღი: 12 March, 2025
გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის, სალომე გეგეჭკორის ისტორიას, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სოც მედიისა და ციფრული მარკეტინგის კურსები გაიარა, ახლა კი მაღაზიათა ქსელ ,,ლეგასის’’ (Legacy Shop) სოც. მედია მენეჯერია.
მე ვარ სალომე, 29 წლის, პროფესიით ფილოლოგი. ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა და ხელოვნება. შემეძლო ისეთი ნივთებისგან, რომლებიც სხვებისთვის უკვე გამოუსადეგარი და უინტერესო იყო, რაღაც ახალი და საინტერესო შემექმნა. ამ კუთხით შეიძლება გარკვეულ საკითხში არ მქონდა პროფესიული ცოდნა, თუმცა კრეატიული მიდგომით, სრულიად განსხვავებული გზებითა და იდეებით შემეძლო მიმეღო ის, რაც მსურდა. შესაბამისად, ჩემი პროფესიის პარალელურად ხელოვნება ყოველთვის იყო დამატებითი შემოსავლის წყარო.
მას შემდეგ, რაც დავოჯახდი და საცხოვრებლად თბილისიდან ბათუმში გადმოვედი, ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. თავიდან არ შემიწყვეტია ჩემს პროფესიასთან კავშირი: ვმუშაობდი და ვცდილობდი ქართველური ენათმეცნიერების დოქტორის ხარისხის დაცვას. თუმცა, მას შემდეგ, რაც დედა გავხდი, დროებით ყველაფერი შევაჩერე. ასე ვთქვათ, დავაპაუზე ჩემი ,,პროფესიული მე’’ და მთლიანად შვილზე გადავერთე. ამასობაში მეტი დრო გამომიჩნდა, რომ აქტიურად ჩავრთულიყავი ოჯახურ ბიზნესში და სწორედ აქ დანახული საჭიროებებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩემი წვლილი შემეტანა მის განვითარებაში. ეს არ იყო მარტივი, თუმცა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, რომ გადავწყვიტე უფრო ღრმად შემესწავლა გარკვეული საკითხები და სწორედ ამ დროს გამოჩნდით თქვენ! ციფრული რეკლამაც ხომ ასე მუშაობს?! გაჩნდე იქ, სადაც აინტერესებ!
აკადემიაში გავიარე სოც მედიისა და ციფრული მარკეტინგის კურსები. მათი საშუალებით შევძელი შემეხედა ციფრული სამყაროს ,,სამზარეულოში”. ვისწავლე ბევრი ისეთი რამ, რაზეც წარმოდგენაც კი არ მქონდა, ასე ვთქვათ, ავიღე სწორი გეზი, გზა, რომელიც დღემდე მეხმარება ჩემი მიზნების მიღწევაში. ამჟამად გამიტაცა პოსტერების შექმნამ და ისევ დაინტერესებული ვარ თქვენი აკადემიით, რომ გავიარო გრაფიკული დიზაინერის კურსი.
ამჟამად ვარ მაღაზიათა ქსელ ,,ლეგასის’’ (Legacy Shop) სოც. მედია მენეჯერი. ამასთან, აკადემიაში მიღებული ცოდნის წყალობით, პარალელურად ვითავსებ სხვა საქმიანობებსაც, როგორიცაა: გრაფიკული დიზაინერი, ედვერთაიზერი, ქოფირაითერი და ა.შ. და ამ ყველაფერს ვაკეთებ ძირითადად სახლიდან. ამასთან, ამ კუთხით დახმარებას ვუწევ პატარა კომპანიებსაც.
აკადემიამ მომცა ცოდნა, რომელმაც ჩემი თავი სულ სხვა კუთხით დამანახა. ამომიტივტივა ის შესაძლებლობები, რომლებსაც აქამდე სათანადოდ არ ვაფასებდი. შესაბამისად, დამეხმარა საჭირო დროს მოვრგებოდი იმ პროფესიას, რომელიც უფრო გამიადვილებდა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არსების, ჩემი შვილის, გვერდით გამეტარებინა მეტი დრო და თავად მეზრუნა მასზე.
ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს უპირველეს ყოვლისა ვურჩევდი, რომ მოძებნონ საკუთარ თავში მოტივაცია! ბევრი იშრომონ და არ შეუშინდნენ დაბრკოლებებს (ხშირად ღამე მიწევდა მეცადინეობა და მუშაობა)! ასევე მინდა გითხრათ, რომ იმ კომპანიაში, სადაც ახლა ვმუშაობ, ახლახან დავასაქმეთ ციფრული აკადემიის ამჟამინდელი სტუდენტი. ასე რომ, შეუძლებელი არაფერია.
ქალებს, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერულ განვითარებას ვურჩევდი, რომ უფრო მეტად შეიყვარონ საკუთარი თავი! დიახ! ეს უმნიშვნელოვანესია! და არ თქვან უარი საკუთარ შესაძლებლობებზე, თუნდაც ეს სრულიად სხვა სფეროს ეხებოდეს! მთავარია მოგწონდეს, გაინტერესებდეს, გსიამოვნებდეს, არ გეზარებოდეს მისი კეთება, თან სარგებელსაც ნახულობდე ამით!
მოტივაციის შენარჩუნებისთვის და ნებისმიერ დაბრკოლებასთან გასამკლავებლად ერთ მარტივ ფორმულას ვიყენებ: ყოველთვის ვეუბნები ჩემს თავს, რომ არ დავკარგო საკუთარი ,,მე’’. ზოგჯერ, ჩვენდა უნებურად, ისე გვეცლება ხელიდან ღირებულებები, სურვილები, შესაძლებლობები, რომ ვერც კი ვხვდებით. ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, გარემოებებიდან გამომდინარე, კი არ შევიმციროთ თავი, არამედ განვკარგოთ ის ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსაყენებლად! იმდენჯერ ავდგეთ, რამდენჯერაც დავეცემით და ვიამაყოთ საკუთარი თავით!
ჩემი role model დედაჩემია! ქალი, რომლის წყალობითაც ვარ ძლიერი! ამაყი! ისეთი, როგორიც ვარ!