ჩვენი კურსდამთავრებული, სესილი მეტრეველი არქიტექტორია. ბაკალავრის დასრულების შემდეგ პროფესიული საქმიანობა ამავე მიმართულებით გააგრძელა, თუმცა პრაქტიკაში მალევე დაინახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იდეის არა მხოლოდ სწორად დაგეგმვა, არამედ დამკვეთისთვის მისი მკაფიოდ და ხარისხიანად ჩვენებაც. საკუთარი ხედვები, ჩანაფიქრები თუ პროექტები სხვებისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო, ამისთვის კი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება 3D ვიზუალიზაცია აღმოჩნდა.
„ერთი წლის წინ მივხვდი, რომ დამკვეთთან სწორი და ხარისხიანი კომუნიკაცია საკმაოდ რთულია რენდერების გარეშე. სწორედ მაშინ გამიჩნდა სურვილი, ჩემი არქიტექტურული ცოდნა 3ds Max-ის სწავლით გამეღრმავებინა.“
როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, აკადემიის არჩევამდე სესილი სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდა, საბოლოო გადაწყვეტილებაში კი მეგობრის გამოცდილება, რეკომენდაცია და მისი ნამუშევრები დაეხმარა. სწორედ ამ რჩევამ დაანახა, რომ ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსზე იმ ცოდნას მიიღებდა, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში ძალიან გამოადგებოდა.
კურსზე მუშაობა მისთვის თავიდანვე პრაქტიკულ გამოცდილებად იქცა. 3ds Max-ში პირველი ნაბიჯებიც სწორედ აკადემიაში გადადგა და თანდათან პროგრამაში დამოუკიდებლად მუშაობა დაიწყო.
„თითოეული ლექციიდან ახალი ცოდნით და პოზიტიური ემოციებით გამოვდიოდი. საბოლოოდ, მხოლოდ დადებითი შთაბეჭდილებები დამრჩა როგორც მთლიან კურსზე, ისე ლექტორზე.“
სესილი განსაკუთრებით გამოყოფს კურსის ლექტორის, ელენე ღვინეფაძის, ჩართულობასა და როლს. მისი თქმით, დავალებების განხილვა მხოლოდ ტექნიკური შენიშვნებით არ შემოიფარგლებოდა, თითოეულ ნამუშევარს დეტალურად განიხილავდნენ და მუშაობის პროცესშიც მუდმივად ცდილობდნენ საუკეთესო შედეგამდე მისვლას. გარდა იმისა, რომ ლექტორი აქტიურად მონაწილეობდა სწავლის პროცესში, ტოვებდა სივრცეს დამოუკიდებელი სამუშაოსთვის, რაც უნარების კიდევ უფრო განვითარების საშუალება იყო.
„ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რაც მივიღე, არის ის, რომ უკვე დამოუკიდებლად შემიძლია პროგრამაში ნავიგაცია და მუშაობის პროცესში წამოჭრილი პრობლემების მოგვარება.“
ფინალური პროექტის შექმნას კონკრეტული ვიზუალური რეფერენსი არ ედო საფუძვლად. იდეები მუშაობის პროცესში ჩნდებოდა და პროექტიც ეტაპობრივად ვითარდებოდა. თითოეული ოთახის შექმნა სესილისთვის ახალი ტექნიკის გამოცდის, განსხვავებული მოდელების აწყობისა და სხვადასხვა ფერისა თუ ტექსტურის კომბინაციის აღმოჩენის შესაძლებლობა გახდა.
მისი თქმით, ფინალური ნამუშევარი საბოლოოდ არა უბრალოდ სასწავლო დავალებად, არამედ შემოქმედებით პროცესად იქცა, რომლის დროსაც პარალელურად საკუთარ სტილსაც ეძებდა. ყოველ ლექციაზე რაღაც ახლის აღმოჩენის პერსპექტივა ცნობისმოყვარეობას კიდევ უფრო უღვივებდა, რაც ავტომატურად ცოდნაში ითარგმნებოდა.
„ალბათ, ყველა სფეროში პროფესიონალიზმი დიდი ცნობისმოყვარეობით იწყება. არ მოერიდოთ ახალი გამოცდილების მიღებას. ბევრი ცდა და მუდმივი სწავლის სურვილი გვეხმარება განვითარებასა და საკუთარი სტილის პოვნაში.“
სესილის გამოცდილება და ამბავი, გვაჩვენებს, რომ უკვე არსებული პროფესიული ცოდნის გაღრმავება ზოგჯერ სრულიად ახალი ინსტრუმენტის, უნარებისა და შესაძლებლობების ათვისებით იწყება, შემდეგ კი ეს ყველაფერი ყოველდღიურად აუმჯობესებს შედეგებს.
კურსზე იმუშავებ სივრცის ვიზუალიზაციაზე, მოდელირებაზე, მასალებზე, განათებასა და რენდერებზე და ეტაპობრივად შექმნი საკუთარ ფინალურ პროექტსაც.
თუ შენც გინდა, არქიტექტურული იდეები უფრო ზუსტად და პროფესიონალურად წარმოაჩინო, დაიწყე ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის სწავლა ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.