fbpx

საბა ჩხაიძის ანიმაცია – ,,მე რად მინდა მკერდში გული”

თარიღი: 7 June, 2021

,,ხანდახან არის, რომ რაღაც საშინელებათა ჟანრის ფილმს ნახავ და ცოტა აჟიტირებული ხარ! ეჭვის თვალით იყურები ოთახის კუთხეებში, დაძინებაც გიჭირს! არ გჯერა, რომ რამე ბუა არსებობს, მაგრამ შიშის ჰორმონებით გაჟღენთილი ხარ და შენი გონებაც ფანტაზიას იყენებს რომ გძაბოს ყველაფრის პაჭუნზე და ჭრაჭუნზე. შთაგონებაც ეგრეა!“

ნახე, საბა ჩხაიძის მორიგი ანიმაცია #შენიშთაგონებისთვის:

-მე ვარ..

საბა ჩხაიძე 31 წლის. ბოლო 15 წელია ვმუშაობ კომპიუტერული გრაფიკის განხრით, ტელევიზიებში სარეკლამო კომპანიებში და ფრილანსერადაც. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბავშვობაში ტყეში სეირნობისას გრაფიკამ მიკბინა. 3 დღე სიცხეები მქონდა და ექიმმა თქვა: ,,აღარაფერი ეშველებაო უკვე გრაფიკოსიაო! შეგიძლიათ რომ დაიძინებს ბალიში დააფაროთო.”

ეს გავიგე და სახლიდან გავიქეცი. თავი შევაფარე ,,დგსლ“_ს (დევნილ გრაფიკოსთა საკაიფო ლიგას) და მაგათთან გავიზარდე. ცხოვრებამ ბევრი სხვა სახელი დამარქვა საბრეზა, საბზირო, უცხო მოყმე.

-ინტერესი ამ სფეროსადმი..

შენ ნახატს რომ უყურებ სხვა შეგრძნებაა და შენი ნახატი, როცა მოძრაობს სულ სხვა. თითქოს სიცოცხლე შექმენი და გაუშვი. ერთხელ რომ ჩაკბეჩ ამ ხილს ვეღარ შეეშვები. საიდან დაიწყო აღარ მახსოვს, მამაჩემიც გრაფიკოსია 90-იანებიდან და ალბათ ვბაძავდი.

ა, გამახსენდა!!!! ლომის თავიანი ,,კრონოსი” დამესიზმრა და ასე მითხრა: ან ანიმაციებს გააკეთებ ან ახალგაზრდა ლეიბორისტებში მოხვდებიო. ჰოდა გამიხარდა მთელი ბავშვობა მინდოდა ლეიბორისტობა, მაგრამ არ მიმიღეს და დავრჩი გრაფიკოს, ანიმატორ, კომპიუტერშიკად.

-რა იყო ანიმაციის შთაგონების წყარო?

ხანდახან არის, რომ რაღაც საშინელებათა ჟანრის ფილმს ნახავ და ცოტა აჟიტირებული ხარ! ეჭვის თვალით იყურები ოთახის კუთხეებში, დაძინებაც გიჭირს! არ გჯერა, რომ რამე ბუა არსებობს, მაგრამ შიშის ჰორმონებით გაჟღენთილი ხარ და შენი გონებაც ფანტაზიას იყენებს რომ გძაბოს ყველაფრის პაჭუნზე და ჭრაჭუნზე.

შთაგონებაც ეგრეა! კარგ მუსიკას მოუსმენ, კარგ ფილმს ნახავ, კარგ ნახატს შეხედავ და იჟღინთები შემოქმედებით და შენი გონებაც ცდილობას რაღაცა გამოიგონოს! ამ მომენტს ბევრი ატარებს და არ აქცევს ყურადღებას. მე ვეჭიდები ხოლმე.

-ნამუშევრის იდეა..

არაფერი შინაარსი არ არის! სუფთა ფურცელია! რასაც ხედავს ადამიანი და გრძნობს ეგ იგულისხმება. მომწონს თავის აზრს, რომ მწერს ყველა. ზოგი იმაზე უკეთესს ვიდრე წარმომედგინა. მოკლედ, როგორც ერთმა მკვდარმა კაცმა თქვა : ……………. !!!!