როგორ შევქმნათ საინტერესო კონტენტი სოციალურ მედიაში?
თარიღი: 7 April, 2020
საინტერესო კონტენტის შექმნა თანამედროვე მარკეტინგის მნიშვნელოვანი სტრატეგიაა. დღეს კომპანიების დაახლოებით 90% ცდილობს გაზიარებადი კონტენტის შექმნას, თუმცა მხოლოდ ნაწილი ახერხებს მომხმარებლის დაინტერესებას.
კონტენტის შექმნისას მნიშვნელოვანია რამდენიმე სტრატეგიის გათვალისწინება:
განსაზღვრეთ თქვენი აუდიტორია
მანამ სანამ დაიწყებდეთ კონტენტის შექმნას, განსაზღვრეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია. იმისათვის, რომ კონტენტით მომხმარებელი დაინტერესდეს საჭიროა გაიგოთ თუ რა სურს თქვენს აუდიტორიას, ანალიზისთვის გამოიყენეთ შემდეგი კითხვები:
ვისთვის ვწერ? ვინ წაიკითხავს? სტუდენტები, ტურისტები, სტარტაპები თუ სხვა. ამის მიხედვით შეარჩიეთ მათთან სასაუბრო ენა;
რა სახის პრობლემები აქვს თქვენს აუდიტორიას და როგორ შეგიძლიათ ამ პრობლემების გადაჭრა?
მიეცით რჩევები მომხმარებელს
გაიგეთ რა სახის პრობლემა აქვს თქვენს აუდიტორიას, შემდეგ კი შესთავაზეთ მათ პრობლემის გადაჭრის გზა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მიერ დაწერილი სტატია, ბლოგ-პოსტი ან სურათი მაქსიმალურად გამოსადეგი იყოს მომხმარებლისთვის.
მაგალითად, თუ ხართ ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია შეგიძლიათ მომხმარებლისთვის დაწეროთ რჩევები იმაზე, თუ როგორ ვაქციოთ უბრალო ნაჭრისგან მოდური სამოსი.
გახადეთ თვალსაჩინო
არავის აქვს საკმარისი დრო ხანგრძლივი სტატიების წასაკითხად, თუ თქვენი აუდიტორია არ გაეცნობა თქვენს კონტენტს ის არ გააზიარებს მას. სწორედ ამიტომ, გახადეთ ეს პროცესი საინტერესო, სტატიების წერისას ტექსტთან ერთად მოახდინეთ ყველაფრის ვიზუალური ფორმით გამოსახვა: ილუსტრაცია, ნახატი, სურათი და ა.შ. გამოიყენეთ ონლაინ პროგრამები და შექმენით გრაფიკული, ინტერაქტიული კონტენტი.
გამოიწვიეთ ემოცია
ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ მიერ დადებულმა პოსტმა მომხმარებელში ემოცია უნდა გამოიწვიოს. სოციალური მედიის კონტენტისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიას სწორედ ემოციური ფაქტორის გათვალისწინება წარმოადგენს. პერიოდულად იმუშავეთ ისეთ კონტენტზე, რომელიც სამიზნე აუდიტორიაში ნოსტალგიას, ბედნიერებას, გაოცებას გამოიწვევს.
შექმენით ვიდეო კონტენტი
ინტერნეტში ვიდეო კონტენტს დომინირებული მდგომარეობა უკავია, ზოგიერთი კვლევის თანახმად, ვიდეო კონტენტი ინტერნეტ ტრეფიკის 80%-ს შეადგენს. ასე, რომ შეგიძლიათ ვიდეო თქვენი კონტენტის ერთ-ერთ კომპონენტად აქციოთ. ეს არის მთავარი მიზეზი რატომაც Twitter-ი, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც – ,,Photo-sharing network“ ვიდეოების გაზიარებაზეც გადავიდა.
გაითვალისწინეთ ყველა ეს სტრატეგია და შესაბამისად დაგეგმეთ სოციალური მედიის კონტენტი.