როგორ მოვხვდი ქოფირაითინგის კურსიდან Echolize-ში?
თარიღი: 29 April, 2021
,,მთელი კურსი იმაზე საინტერესო და აზარტული აღმოჩნდა ვიდრე ველოდი. ვისწავლე პერსონაჟზე, რეკლამის სცენარსა და საკომუნიკაციო მესიჯებზე მუშაობა. “
დღეს თამო მათნაძე მოგიყვებათ საკუთარი დასაქმების ამბავს:
-ჩემ შესახებ…
გამარჯობა. მე ვარ თამო მათნაძე, 23 წლის, კრეატიული ქოფირაითერი.
-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?
მოკლედ გეტყვით, არც ისე მარტივად.
სტუდენტი ვიყავი, როდესაც ჩემს უნივერსიტეტში აკადემიის კურსების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა. ინტერესი მაშინვე გამიჩნდა, თუმცა, იმ დროს ციფრულ პროფესიებს ეჭვის თვალით ვუყურებდი, რადგან კარგად არც მესმოდა რა იყო.
რატომღაც, ჩვენ ხშირად გვგონია, რომ აუცილებლად ის არის შენი პროფესია, რაზეც 18 წლის ასაკში გაუცნობიერებლად ჩააბარე და მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტიკაზე სწავლის პარალელურად და შემდეგ არა ერთ კომპანიაში ვმუშაობდი, კმაყოფილი არსად ვიყავი და ყველა სამსახურს მალე ვტოვებდი.
საბოლოოდ, სხვადასხვა სფეროში დაგროვილი გამოცდილება დამეხმარა მეპოვა ჩემი თავი და მივხვდი რომ სტატიების წერას, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა ქოფირაითერობისკენ მივყავდი.
-კურსის შთაბეჭდილებები..
გავიარე ქოფირაითინგის კურსი გიორგი რუხაძესთან (ქუცა). მთელი კურსი იმაზე საინტერესო და აზარტული აღმოჩნდა ვიდრე ველოდი. ვისწავლე პერსონაჟზე, რეკლამის სცენარსა და საკომუნიკაციო მესიჯებზე მუშაობა.
რეკლამები, რომლებიც აქამდე ასჯერ მქონდა ნანახი, სულ სხვა თვალით დავინახე. ახლა უკვე ვიცი მე თვითონ, როგორ შევქმნა იგივე ან უკეთესი რეკლამა ბრენდისთვის.
-ამჟამად დასაქმებული ვარ..
ამჟამად დასაქმებული ვარ მარკეტინგულ კომპანია Echolize-ში ქოფირაითერის პოზიციაზე. ვმუშაობ მეგობრულ და გამოცდილ გუნდთან ერთად. ჩვენ ბრენდებსა და ინფლუენსერებს ერთმანეთთან ვაკავშირებთ და ყოველდღე ვემზადებით ახალი გამოწვევებისთვის.
-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში?
მომცა ის ფუნდამენტური ცოდნა, რომელიც ნებისმიერმა ქოფირაითერმა უნდა იცოდეს. გარდა ამისა, კურსის ბოლოს უკვე ვიცოდი რომ საყვარელი საქმე ვიპოვე და მხოლოდ ამ საქმით მუშაობა მინდოდა.
-ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..
ვურჩევდი, რომ:
არასდროს არ გაჩერდეთ ისეთ სამსახურში, სადაც საკუთარ თავს ვერ ხედავთ. არ შეუშინდეთ რადიკალურ ცვლილებებს. ისწავლეთ საკუთარ თავზე მუშაობა და იყავით, რაც შეიძლება ცნობისმოყვარე.