როგორ მოვხვდი Orbeliani Georgia – ში?
თარიღი: 17 November, 2022
,,ციფრული ინდუსტრიის აკადემია დამეხმარა მიმეღო ის პრაქტიკული ცოდნა, რომელიც აუცილებელია ამ სფეროში მოსახვედრად.”
ჩვენი სტუდენტი, მარიამ ლომიძე მოგიყვება საკუთარ ამბავს:
-თქვენ შესახებ მოგვიყევით რამდენიმე სიტყვით..
გამარჯობა. მე ვარ მარიამი, 21 წლის. ვსწავლობ თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ბაკალავრზე.
ყოველთვის მრავალმხრივი ინტერესები მქონდა და ვცდილობდი ყველაფერში გამომეცადა ჩემი თავი. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტში დამატებით სპეციალობად ავირჩიე მარკეტინგის მენეჯმენტი, რომელიც ჩემთვის იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე ჩემს მომავალ პროფესიად მექცია.
-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?
ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ თითქმის მისი შექმნის დღიდან ვიცოდი. რაღაც პერიოდი გრაფიკული დიზაინით ვიყავი დაინტერესებული და მაშინ გრაფიკული დიზაინის მასტერკლასზე დავრეგისტრირდი, თუმცა ვერ მოვახერხე კურსის აღება. ამასობაში კი ჩემი თავი სულ სხვა სფეროში, მარკეტინგში ვიპოვე და გადავწყვიტე ამ კუთხით განვითარება. ამის შემდეგ დავიწყე ისეთი კურსების ძებნა, რომელიც ამ სფეროში საჭირო უნარებს განმივითარებდა.
-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე სოციალური მედიის და ქოფირაითინგის კურსები. ორივე კურსმა გარდა თეორიული ცოდნისა, იმ პროექტებზე მუშაობისას, რომელიც კურსის ფარგლებში შევასრულე, მომცა საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილება.
-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?
ამჟამად შვეიცარიულ ციფრულ სააგენტო “Neqson technology” გავდივარ სტაჟირებას ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. გარდა ამისა, ახლახან გავხდი სოციალური მედიის მენეჯერი “Orbeliani Georgia”-ში.
-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?
ციფრული ინდუსტრიის აკადემია დამეხმარა მიმეღო ის პრაქტიკული ცოდნა, რომელიც აუცილებელია ამ სფეროში მოსახვედრად. ამ ცოდნამ გამხადა უფრო თავდაჯერებული საკუთარ შესაძლებლობებში და მომცა საშუალება გადამედგა პირველი ნაბიჯები ჩემს კარიერაში.
-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?
ციფრულ სფეროში მოსახვედრად ყველაზე მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილება, აუცილებელია შენი უნარების განვითარებაზე მუდმივად იმუშაო და არ ჩამორჩე სიახლეებს, რომლებიც ამ სფეროში განსაკუთრებით ხშირია. ციფრული სამყარო უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა, მთავარია გინდოდეს და ეძებდე. თუ მუდმივად არ იშრომებ და ყველგან არ მოძებნი ამ შანსებს, ისინი თავისით ვერ გიპოვიან.