fbpx
გრაფიკული დიზაინი

როგორ მოვხვდი გრაფიკული დიზაინის კურსიდან Kraken – ში?

თარიღი: 8 December, 2022

,,უამრავი საკითხი, რომელიც სწავლის პერიოდში ძალიან რთული და თითქმის დაუძლეველი მეჩვენებოდა, სწორედ მენტორების დახმარებით დღეს ჩემთვის ძალიან იოლი გასაკეთებელია.”

დღეს თათა ცერცვაძე მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

მე ვარ თათა ცერცვაძე, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრანტი ფლეიტის მიმართულებით. მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო ყოველთვის, რადგან მუსიკოსების გარემოცვაში გავიზარდე. ამიტომ პროფესიის არჩევაც თავისთავად მოხდა. თუმცა, მუსიკასთან ერთად ყოველთვის მიზიდავდა ხატვა, ფოტოგრაფიის და ციფრული ხელოვნების სფეროები.

პანდემიის დროს, იძულებითი იზოლაციის პირობებში, გადავწყვიტე ეს პერიოდი ახალი გამოწვევებისათვის დამეთმო და ციფრული ხელოვნების ძირფესვიანად შესწავლა დავიწყე.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

დავიწყე ციფრული მხატვრობის კურსით, რომელიც „სტიქსის” სკოლაში მიხეილ დარჯანიასთან გავიარე. ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის, როგორც მხატვრობაში ასევე ციფრულ სამყაროში. უფრო მეტის სწავლის სურვილით, მოგვიანებით ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსებზე მოვხვდი. ეს ჩემი ძმის საჩუქარი იყო და ამიტომ უფლება არ მქონდა მისი იმედები გამეცრუებინა. ბევრი ვიშრომე და პროფესიული განვითარების გზაზე დიდი ნაბიჯი გადავდგი.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა…

თქვენს გუნდში გრაფიკული დიზაინი ანა მამულაშვილთან, ხოლო ბრენდინგი სერგო ტიტენკოვთან გავიარე. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ორივე კურსის მენტორი სტუდენტების მიმართ გულისხმიერებით, ყურადღებით და კეთილგანწყობით გამოირჩეოდა. უამრავი საკითხი, რომელიც სწავლის პერიოდში ძალიან რთული და თითქმის დაუძლეველი მეჩვენებოდა, სწორედ მენტორების დახმარებით დღეს ჩემთვის ძალიან იოლი გასაკეთებელია.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული..

ამჟამად კრეატიულ სარეკლამო სააგენტო „კრაკენში“ ვმუშაობ გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

ის ინტერესი, რომელიც მუსიკის გარდა ყოველთვის მქონდა, სწორედ აკადემიის მეშვეობით დღეს ჩემს მეორე პროფესიად ვაქციე. აკადემიამ მომცა შემდგომი განვითარების სტიმული, რაც ჩემთვის ყველაზე დიდ გამარჯვებად მიმაჩნია.

-რჩევა ამ სფეროში დასაქმების მსურველებს..

ვურჩევ, რომ თავი არ დაზოგონ და ბევრი იშრომონ. დარწმუნებული ვარ, როგორც მე გამიმართლა, მათაც გაუმართლებთ და შეძლებენ სასურველ სფეროში თავის დამკვიდრებას.