fbpx
დასაქმება

როგორ მოვხვდი ციფრული მარკეტინგის კურსიდან BLOX – სში?

თარიღი: 27 October, 2022

,,პირველ რიგში ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ამ კურსის განმავლობაში ვისწავლე და მივიღე. ციფრული მარკეტინგის კურსმა გამხადა ბევრად თავდაჯერებული და მომცა სწორი მიმართულება.”

დღეს მარიამ ორბელაძე მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-თქვენ შესახებ მოგვიყევით რამდენიმე სიტყვით

გამარჯობა, მე ვარ მარიამ ორბელაძე, მიყვარს მუდამ სიახლეების ძიება და ახალ გამოწვევებში საკუთარი თავის გამოცდა. შარშან დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტი, თუმცა, მინდა, ვთქვა, რომ დღემდე საკუთარი თავის ძიებაში ვარ.

უნივერსიტეტში ჩაბარებისას არ მქონდა გააზრებული ჩემი მიზნები და სურვილები. საქართველოში კურსდამთავრებულთა საკმაოდ დიდი ნაწილი ამ პრობლემის წინაშეა, სამწუხაროდ. ჟურნალისტიკის სფეროში ჩემი თავი რომ ვერ დავინახე, დავიწყე ფიქრი, რისი კეთება მომწონდა, მინდოდა და გამომადგებოდა ყველაზე მეტად.

სამყაროს გაციფრულებასთან ერთად, საჭიროა ადამიანმა ფეხი აუწყოს თანამედროვე პროფესიებსა და ტენდენციებს. აღმოვაჩინე, რომ ძველი პროფესიები იცვლის არა შინაარსს, არამედ სახეს და ციფრულდება. მივხვდი, რომ ჩემი მომავალი ამ მიმართულებით უნდა წამეყვანა და სანამ მაგისტრატურაზეც არასწორი მიმართულებით ჩაბარების ალბათობაც დიდი იყო, გადავწყვიტე კურსების გავლა, რადგან საკუთარი თავი გამომეცადა და მისგან გამეგო რეალურად რა მსურდა.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

თქვენს შესახებ სოციალური ქსელიდან გავიგე. იმდენად სწორად და ზუსტად გყავთ აუდიტორია დათარგეთებული, რომ ამანაც დიდი ინტერესი გამოიწვია – როგორ უნდა მივაწვდინოთ ხმა სოციალურ ქსელში, უსასრულოდ დიდ სივრცეში, ზუსტად იმ ადამიანს, რომელსაც ვჭირდებით.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

ზემოთაღნიშნული მიზეზიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ციფრული მარკეტინგის კურსის გავლა. ვფიქრობდი, რომ ჩემს პროფესიასთან და სქილებთან ყველაზე ახლოს ეს მიმართულება იყო და საბედნიეროდ, არ შევცდი.

ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად დავრეგისტრირდი უფასო მასტერკლასზე და მენტორმა მოახერხა, ჩემი უბრალოდ ინტერესის სხვა ფაზაში გადაყვანა და აზარტში შეყვანა. თავიდან ცოტა მეშინოდა, ფეხი რომ ვერ ამეწყო, თუმცა, პირველივე ლექციის დროს ყველანაირი დაძაბულობა და შიში მომეხსნა.

მთელი კურსის განმავლობაში ვსწავლობდით უამრავ საინტერესო TOOLS-ებს, განვიხილავდით კონკრეტულ ქეისებს, მენტორი გვიზიარებდა საკუთარ გამოცდილებას, რაც ლექციებს ბევრად საინტერესოსა და დინამიკურს ხდიდა. კარგი იყო ის, რომ ლექციები არ იყო სტანდარტული სახის და მოსაწყენი, ჰქონდა უფრო მეტად FUN ხასიათი, რაც უფრო მეტად გვიწყობდა ხელს, ჩავრთულიყავით პროცესში.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

კურსის გავლის პარალელურად, გავდიოდი სტაჟირებას თიბისი დაზღვევის მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტში. სტაჟირების დასრულებიდან 1 კვირაში დავიწყე მუშაობა დეველოპერულ კომპანია ბლოქსში, სადაც, ვმართავ სოციალურ მედიას.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

პირველ რიგში ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ამ კურსის განმავლობაში ვისწავლე და მივიღე. ციფრული მარკეტინგის კურსმა გამხადა ბევრად თავდაჯერებული და მომცა სწორი მიმართულება, რაც ყველაზე მთავარია. არ ვაპირებ მხოლოდ ამ კურსზე გაჩერებას, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ქოფირაითინგის კურსის გავლასაც ვგეგმავ, რაც კიდევ უფრო დამეხმარება, რომ ამ სფეროში განვვითარდე.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

ვურჩევდი დაისახონ მიზანი და მიჰყვნენ მას ნაბიჯ-ნაბიჯ. შეიძლება დაბნეულნი იყვნენ, შეიძლება შეგხვდეთ ბევრი სირთულე, შეიძლება ფიქრობდეთ რომ შეეშვათ ამ საქმეს და ხელი ჩაიქნიოთ, მაგრამ, არა! არასდროს უნდა თქვა უარი შენს ოცნებებზე. მჯერა, რომ თუ შენს სურვილს კოსმოსში გაუშვებ უკან აუცილებლად დაგიბრუნდება.