fbpx

რატომ ვყიდულობთ იმას, რაც არ გვჭირდება

თარიღი: 22 January, 2024

ალბათ ერთხელ მაინც გიყიდია რაღაც, რაც არ გჭირდება. რატომ? ამის პასუხი არის მარკეტინგი – გაყიდვის ხელოვნება, რომელიც ბოლომდე ჩვენზე, ადამიანებზეა მორგებული. მარკეტერები ცდილობენ ხალხს მოანდომონ ისეთი პროდუქტის შეძენა, რომელიც მათ სჭირდებათ და კიდევ უფრო მეტად ცდილობენ ისეთი პროდუქტი აყიდინონ, რომელიც არ სჭირდებათ. მაგრამ საინტერესოა, როგორ ახერხებენ მარკეტინგის ჯგუფები თავისი რეკლამებით, კამპანიებითა და ბილბორდებით გვაყიდინონ ისეთი რაღაცები, რომლებიც არ გვჭირდება?

ყიდვა გვაბედნიერებს?!

ბედნიერება არის რაღაც, რაც ყველას უნდა და რომელსაც ყველა ეძებს. ნებისმიერი რეკლამის მიზანია, მომხმარებელს დააჯეროს, რომ მისი პროდუქტის შეძენა მას ბედნიერებას მოუტანს. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად უაზრო იქნება ეს პროდუქტი. თუ ადამიანმა დაიჯერა, რომ დოლჩე გაბანას იმ კონკრეტული კაბის ყიდვა, რომლისნაირიც კარადაში მინიმუმ 5-6 ცალი აქვს ბედნიერებას მოუტანს, ისე გახსნის საფულეს და ფულს ისე ამოიღებს, რომ შიგნით არც კი ჩაიხედავს თანხის შესამოწმებლად. 

ბედნიერების მიმართ ადამიანების დამოკიდებულებას მარკეტერები უფრო გრძელვადიანი პერსპექტივითაც იყენებენ. ხშირად გრძნობა, რომელიც ადამიანებს რამის შეძენის შემდეგ ეუფლებათ და ბედნიერება ჰგონიათ, უბრალოდ ყიდვის ღილაკზე დაჭერით მოგვრილი ადრენალინ გარეული მღელვარებაა. ეს მღელვარება კი მალე გადადის და მომხმარებელს მოთხოვნილებას უტოვებს, რომ ეს გრძნობა კიდევ განიცადოს. აი ეს მოთხოვნილება კი კომპანიებს საშუალებას აძლევს, კიდევ ერთი არასაჭირო პროდუქტი აყიდინონ მომხმარებელს, რომელიც მას მხოლოდ იმიტომ შეიძენს, რომ ის გრძნობა, რომელიც ასე ენატრება, კიდევ ერთხელ გამოცადოს. 

That's a fact : r/memes

მარკეტინგის ხრიკები ვიცით, მაგრამ მაინც…

მარკეტინგის ,,მსხვერპლთა” სამწუხაროდ და მარკეტერების საბედნიეროდ, ძალიან მარტივადაა შესაძლებელი ადამიანი აცდუნო. მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგული ხრიკების შესახებ გვსმენია, მაინც მათ მსხვერპლად ვიქცევით ხოლმე. რატომ ხდება ასე?

ადამიანი შეიძლება ესე ერთ დღეს არ ადგეს, არ ჩაიცვას და მაღაზიაში არ წავიდეს ტორტის საყიდლად, მაგრამ აი ამ ტორტის ლამაზი ფოტო თუ აჩვენე ფონზე სასიამოვნო მუსიკით და თან დაჰპირდი, რომ ამ ტორტზე უკეთესს ვერსად, ვეღარასდროს ვერ შეჭამს, ცდუნებას აუცილებლებად დანებდება. 

რეკლამები ადამიანებს აჯერებენ, რომ რაიმე პროდუქტის შეძენის შემდეგ რაღაც ისეთი მოხდება, რაც არ უნდა გამოტოვონ და სწორედ აი ამ ,,რაღაცის მოხდენის” ცდუნებას ვერ უძლებენ ადამიანები. 

სინამდვილეში როცა ადამიანები პროდუქტებს ვყიდულობთ, ბევრად უფრო მეტ რამეში ვიხდით ფულს, ვიდრე უბრალოდ ნივთებია. ჩვენ ვყიდულობთ ემოციას.

მაგალითად, Nike თავს შეუპოვრად გვაგრძნობინებს, Redbull-ი თავზეხელაღებულად, Raffaello რომანტიკულად და ა.შ. 

ჩვენ მხოლოდ პროდუქტში არ ვიხდით ფულს, ჩვენ ფულს ვიხდით იმ ყველაფერში, რასაც ის მოგვცემს. ამას კი კარგად ხვდებიან მარკეტერები და ყველანაირად  ცდილობენ, რომ ამაში დაგვარწმუნონ. და თუ შენ ამ სტატიას ახლა Iphone-ით კითხულობ, ესე იგი შენი დარწმუნება მათ კარგადა გამოსვლიათ.