fbpx
letse

რამის დალეწვა ხო არ გესიამოვნებოდათ? – ინტერვიუ ნიკა ჟღერიასთან

თარიღი: 4 July, 2019

იმის ნაცვლად რომ თქვენი ტელეფონის ეკრანი მთელი სიმძიმით იატაკის გულზე დაანარცხოთ, უარყოფითი ემოციებისგან გასათავისუფლებლად ბევრად უსაფრთხო და სასიამოვნო ადგილი გვინდა გაგაცნოთ. სადაც დატოვებთ სტრესს, გაღიზიანებას. არავინ დაგიშლით ნივთების ლეწვის დროს წარმოიდგინოთ თქვენი მომსახურებით უკმაყოფილო მომხმარებელი, თქვენი პარკინგის მიმთვისებელი მეზობელი ან უბრალოდ თანამშრომელი, რომელიც არასდროს იცავს დედლაინს.
ამას კითხულობთ და გრძნობთ, რომ რამის დალეწვა გესიამოვნებოდათ?
სწორედ თქვენთვის ციფრული ინდუსტრიის აკადემიის UI/UX დიზაინის ლექტორი ნიკა ჟღერია გვესაუბრა ,,ლეწეს” შესახებ.

-რა არის ლეწე და როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

,,ლეწეს’’ სივრცედ წარმოდგენის იდეა გაუჩნდა ჩემს მეგობარს. დაბადების დღეზე მითხრა რომ გაგვეკეთებინა ადგილი, სადაც სხვადასხვა ნივთების დალეწვა იქნებოდა შესაძლებელი. რამდენიმე თვის მანძილზე დავტესტეთ ნივთები, რა ილეწებოდა კარგად, მოვიძიეთ მომწოდებლები და შევქმენით ოთახი, სადაც სტრესის მოსახსნელად ან გასართობად შედიხარ დამცავი ეკიპირებით აღჭურვილი და ლეწავ სხვადასხვა პაკეტებში არსებულ ნივთებს.

– მსოფლიოში არსებულ მსგავსს სივრცებთან რა საერთო აქვს ლეწეს და როგორ ხედავთ ლეწეს განვითარებას საქართველოში?

მსოფლიოს სხვადასხა დედაქალაქშია ასეთი სივრცეები და ძირითადად უსაფრთხოების წესების ნაწილში გავითვალისწინეთ მათი გამოცდილება. ჩვენი მხრივ კი გვინდა ცოტა ქართული მიმართულება მივცეთ ამ სივრცეს და აქტუალური თემებიდან გამომდინარე სივრცის ხასიათიც იცვლებოდეს. მაგალითად, ბოლო პერიოდში ლეწეში გვქონდა გავრილოვის ფოტოები, რომელსაც მოსული ადამიანები თეფშებს ესროდნენ.

– რა ეტაპზეა ახლა ,,ლეწე’’  და რას სთავაზობს მომხმარებელს?

ამჟამად გვაქვს 5 სხვადასხვა პაკეტი: სტარტერი, სტანდარტი, მეჭურჭლეთუხუცესი, დიდგორი მინი და დიდგორი მაქსი, რომელთა ფასებიც 10 ლარიდან 50 ლარამდე მერყეობს.
პაკეტები შედგება სხვადასხვა ტიპის ჭურჭლისაგან (ჭიქები, თეფშები, ლარნაკები, ბოთლები) და სხვადასხვა ზომის ტელევიზორებისგან.
პროცესი შემდეგია: მომხმარებელი ირჩევს პაკეტს, გადადის ლეწვის ოთახში, ჩვენი თანამშრომელი უხსნის უსაფრთხოების წესებს, აცვამს დამცავ ეკიპირებას და შემოაქვს დასალეწი ნივთები, რის შემდეგაც გარბის სამშვიდობოზე…

– როგორ ხედავთ ,,ლეწეს’’ სამომავლო განვითარებას?

სამომავლო გეგმებში გვაქვს B2B პროცესებზე გადასვლა. სხვადასხვა კომპანიებისთვის ივენთებზე ან უბრალოდ სამუშაო სივრცესთან ახლოს ოთახის მოწყობა, სადაც რუტინული სამუშაოსგან გადაღლილები ენერგიას დახარჯავენ და უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლდებიან.