fbpx
ქოფირაითინგი

ქოფირაითინგის კონკურსის გამარჯვებული ნამუშევრები

თარიღი: 24 September, 2024

ქოფირაითინგის კონკურსის გამარჯვებული სამეული ცნობილია. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა დაეწერათ, როგორი იქნებოდა ქოფირაითინგი, უცებ რომ გაადამიანებულიყო.

გიზიარებთ გამარჯვებულების ნამუშევრებს:

პირველი ადგილი – ნათია ჯიქია

ქოფირაითინგი, რომელსაც მეგობრები ქოფის დაუძახებდნენ, ალბათ, მილენიალი იქნებოდა, ოთხმოცდაათიანებგამოვლილი. შავ-თეთრ კონვერსებზე ეცმეოდა ჯინსები, როგორც ადამიანს ჯინსების თაობიდან, მოუსმენდა ფინქ ფლოიდს ან ზეპელინს. ეყვარებოდა ქინდერი, ფერად-ფერადი ბონიბონი და ბიგბაბოლი უდიდესი ბუშტების გასაბერად. ღიმილი გადაურბენდა სახეზე ქინდერში ამოსული საგულდაგულოდ შეგროვებული ბეჰემოთების კოლექციის გახსენებაზე და ინერვიულებდა იმ დღიურის დაკარგვაზე, რომლის გაცრეცილ ფურცლებზე ჯერ კიდევ შემონახულია იმ გოგოს პატარა ხელებით ჩაწერილი გულწრფელი პასუხები, რომელიც ოდესღაც მთელი არსებით უყვარდა…
ქოფი რეალისტი იქნებოდა, თან გულის სიღრმეში მეოცნებე! ეყვარებოდა ისტორიები, თავგადასავლები, ახალ-ახალი ადამიანების გაცნობა და ურთიერთობები. დალევა, გართობა, მრავალფეროვნება. ილაპარაკებდა ბევრს, გაუჩერებლად, მაგრამ შეეძლებოდა მოსმენა საჭირო დროს.
…და რაც ყველაზე მთავარია, ქოფისთან უბრალოდ ვერ მოიწყენდით.

მეორე ადგილი – ანი დემეტრაშვილი

შემოდგომის ცოტა სუსხიან საღამოს ქუჩაში მიმავალი, ხელში ცხელი შოკოლადით და სადენიან ყურსასმენებში ჩართული რადიოჰედით, ცხოვრების გარომანტიზებას რომ ცდილობს – ასე წარმომიდგენია გაპიროვნებული ქოფირაითინგი, ან იქნებ ჩემი თავი ქოფირაითერად ))
მხარზე გადაკიდებული ჩანთით დასეირნობს, შიგნით ლამაზყდიანი დღიურები უდევს, ხელით წერა უყვარს, ფიქრის დროს უფორმო ყვავილების ხატვა და წრეებზე სიარული. ერთ ადგილას ვერასდროს ჩერდება, სიახლეების მაძიებელია.
ბევრი ლაპარაკი უყვარს, მხოლოდ მაშინ ჩუმდება, როცა მუსიკას უსმენს. მაგიტომაც იყიდა სადენიანი ყურსასმენი, არასდროს უჯდება. მუსიკისგან გამოწვეული კომფორტული ხმაური მისთვის სიჩუმეზე მშვიდია, თავში გაჩენილ აბლაბუდებს ყველაზე კომფორტულად მასე ალაგებს.
ღამის ადამიანია, მის გალერეაში ყველა ლამაზი მთვარის ფოტოს იხილავთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მთვარე ულამაზო არასდროს მოსჩვენებია…

მესამე ადგილი – ნანა სანიკიძე

ის ყოველთვის შავებში გამოწყობილი დადიოდა, მაგრამ სამაჯურზე ფერადი სიტყვები ეწერა. თმას ხშირად იცვლიდა – ხან მოკლე, ხან გრძელი, ზოგჯერ დახვეული. მუსიკას უსმენდა ყურსასმენებით, რომლებიც წიგნებს ჰგავდა. საყვარელი საჭმელი? სიტყვების სალათი მეტაფორების სოუსში. სძულდა კლიშეები და ბანალურობა, მაგრამ უყვარდა ადამიანების ამბები. მთავარი ნიჭი? შეეძლო ემოციების გამოწვევა ორი სიტყვით. ღელავდა, როცა დედლაინი ახლოვდებოდა. იცინოდა, როცა ვინმე მის ნაწერს ხმამაღლა კითხულობდა. ოცნებობდა, რომ ერთხელ ისეთი რამ დაეწერა, რაც სამუდამოდ დარჩებოდა ადამიანების გულებში.