ქოფირაითინგის კონკურსის გამარჯვებული ნამუშევრები
თარიღი: 26 August, 2024
ქოფირაითინგის კონკურსის გამარჯვებული სამეული ცნობილია. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: რატომ მოპარა პრომეთემ ღმერთებს ცეცხლი?
გიზიარებთ გამარჯვებულების ნამუშევრებს:
პირველი ადგილი – თეო რეხვიაშვილი
არც ღმერთებისა გამეგებოდა მე რამე და არც ღმერთკაცებისა, მარტო მეოცნებეები ყვებოდნენ, არასდროს ქრებაო ოლიმპოს ცეცხლი და მაგის მფლობელიც ღმერთივით ბედნიერი იქნებაო. არა, არ მჯეროდა მართლა ეგეთები. მერე გაზაფხულის დიონისეობაზე სახლისკენ მივდიოდი დაღლილი, მაგ ცეცხლის ელდა რომ მეცა. გეუბნებით, თვითონ მომჭრა თვალი, თვითონ ამირია გონება, თვითონ დამიძახა. ჩვენსას კი არ გავდა, მეგონა სავსე მთვარე იშვა ქვაბულებში. იმ მთვრალ ოლიმპოელს კიდევ ისე ტკბილად ეძინა, მოკვდავი რას გააღვიძებდა. სულმა წამძლია მე სულელს და მეგონა, მეორე დღე ჩვეულებრივად გათენდებოდა. ბოლომდე არ მჯერა, რომ ჩემი დანაშაული იმაზე უსასრულო გამოდგა, ვიდრე ოლიმპოს ღმერთები ყოფილან და იმაზე დაუსაბამო, ვიდრე ზღვა, რომლის დანახვასაც ვერ ვეღირსე. ესაა სამართალი?! ეგ ცეცხლი ჩემთვის მინდოდა, ღმერთებივით ბედნიერი და მარადიული რომ ვყოფილიყავი და ისე კი გამოვიდა, რომ უნებლიე, უბედური მესია გამოვდექი.
მეორე ადგილი – მეგი ჯიშიაშვილი
ყურადღება , ყურადღება! სმენა იყოს, გაგონება!
მე მოგითხრობთ ახლა ერთ მითს, არს თუ არა თქვენი ნება.
ძველ ბერძნებში დადის ამბად, არის ერთი კაცთაგანი,
სახელი აქვს მას პრომეთე, პროფესიით კი – ტიტანი.
ერთხელაც მან გადაწყვიტა, ოლიმპოზე ღმერთთან ასვლა,
აქაც კი არ დაავიწყდა, ტიტანს თმების გადავარცხნა.
პრომეთეზე რომ მოგიყვეთ: ხალხის ბედი ადარდებდა,
და ყოველ წელს შვებულებას აქვე, ფოთში ატარებდა.
ერთხელ ძალზედ გაბრაზდა და ოლიმპოს მთას მიაკითხა,
ცეცხლი უნდა მოეპარა, ღმერთებისთვის არც ეკითხა.
მართლაც ცეცხლი წამოიღო, განარისხა უმალ ზევსი,
რა ქნას, ფოთში სჭირდებოდა რომ შეეწვა ხამსა თევზი.
მესამე ადგილი – მარიამ თუშურაშვილი
დააღამდა, დახმარება კი არსად ჩანდა. გზააბნეული კლდესთან უიმედოდ ჩამოჯდა და კვნესის გაგონებაზე ზევით აიხედა.
– შენ… პრომეთე ხარ?! – ძლივს ამოთქვა გაოცებისგან.
– მერე?
– ცეცხლი შენ არ მოიპარე?! რა მაგარიააა!.. მთელი კაცობრიობა ხომ შენი მადლიერია!
– ძალიან… – ირონიით წარმოთქვა. მუცელდაჯიჯგნილი ტიტანის დაკორტნილი ღვიძლიდან სისხლი წითელ ზოლად ჩამოგორდა კლდეზე. – სინამდვილეში მადლიერი არავინაა… ადამიანები უმადურები ხართ… – დანანებით ჩაილაპარაკა.
– მაშინ რაღატომ იპარავდი იმ ცეცხლს? არაფერი უპასუხია. შორიდან ვერტმფრენის პროპელერის ხმა მოესმათ. მოაკითხეს. უცებ კამერამ გაიჩხაკუნა. – რა სტატიას გავაძროოობ! – წამოიძახა და ვერტმფრენში გახარებული შეხტა. მარტოობის სიჩუმემ წამში დაისადგურა.
– შემეცოდეთ და იმიტომ… შენც მათნაირად უმადური ხარ, მაგრამ… – პრომეთეს ხმაში ბრაზი სიყვარულმა შეცვალა, – რომ შემეძლოს, იგივეს გავაკეთებდი, მარტო შენთვისაც კი…