fbpx
ქოფირაითინგი

ქოფირაითინგის კონკურსის გამარჯვებული ნამუშევრები

თარიღი: 18 March, 2024

ქოფირაითინგის კონკურსის გამარჯვებული სამეული ცნობილია. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ქოფირაითერის როლი უნდა მოერგოთ და კრეატიული გზით გადაეჭრათ შემდეგი პრობლემა:

მომხმარებლები ხშირად აკადემიის სახელს ვერ იმახსოვრებენ და ისეთ სხვა სახელებში ერევათ, როგორიც არის: ციფრული აკადემია ან ციფრული ინდუსტრიების აკადემია.

გიზიარებთ გამარჯვებულების ნამუშევრებს:

პირველი ადგილი – ამირან დოლიძე

ერთი წუთით, წარმოიდგინე, რომ ამირანი გქვია. ასე გიცნობენ ყველგან, სანათესავოში, სამეგობროში, პასპორტში, პირადობის მოწმობაში. მაგრამ ყოველთვის არის ვიღაც, ვინც შენი სახელი ვერაფრით დაიმახსოვრა და ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას გიყვება, მირიანს გეძახის. ნაცნობი ტკივილია?

თუ ასეა, შენი მესმის. ასეთი რამ ჩვენთანაც ხდება. კომპანია როცა დაიბადა, ციფრული ინდუსტრიის აკადემია დავარქვით. ასე გვიცნობენ საახლობლოში, მაგრამ ყოველთვის არის ვიღაც, ვინც ჩვენს სახელს ვერ იმახსოვრებს და ხან ციფრულ აკადემიას გვეძახიან, ხან ციფრული ინდუსტრიების აკადემიას.

არადა, „პასპორტში” ციფრული ინდუსტრიის აკადემია გვქვია. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, ჩვენც გვაქვს გრძნობები.

მეორე ადგილი – თაკო მღებრიშვილი

ჩვენს უბანში, ვისაც ლიტერატურასთან ახლოს მაინც ჩაუვლია, მათ დანახვაზე ყოველთვის რემარკის „სამი მეგობარი“ ახსენდებოდა.
არასდროს მინახავს ეს ბიჭები ცალ-ცალკე, მიუხედავად იმისა, რომ ერთად ხშირად გაგვიტარებია ზაფხულის ცხელი დღეები, მათი ნამდვილი სახელები არავინ ვიცოდით.
ერთს არაფერი აინტერესებდა ციფრული ტექნოლოგიებისა და ციფრული სამყაროს გარდა, ეგ კი არა, დედამისს რომ უთხრა, სწავლის გაგრძელება არ მინდაო, დედამისმა ციფრულ ეკონომიკაზე ჩაბარება ურჩია.
მეორეს რა უნდა მოგესურვებინა და იმას ჩანთაში არ ჰქონოდა, ჩვეულებრივი მოსიარულე ინდუსტრია იყო.
მესამე ფილოსოფიით მოწამლულიყო, უბანში ძველი თაობა ჰეკადემიას ეძახდა, ჩვენ კი უბრალოდ აკადემიას.
ჩვენს უბანში, ვისაც ერთხელ მაინც ჩაუვლია, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ამ სამეულზე ყველამ იცოდა.

მესამე ადგილი – მარიამ ჩინჩალაძე

პითონში, ექსელში, კოდის წერისას ერთი სიმბოლო ან ასოც კი, რომ შეგეშალოთ ERROR შედეგს მიიღებთ.

ჩვენი ციფრული ინდუსტრიის აკადემიის არასწორი დასახელების შემთხვევაშიც ERROR გელით.

#ნუდაERRORდები