ქოფირაითინგის კონკურსის გამარჯვებული ნამუშევრები
თარიღი: 12 February, 2024
ქოფირაითინგის კონკურსის გამარჯვებული სამეული ცნობილია. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა დაეწერათ Pepsi-სა და Coca-Cola-ს სიყვარულის მოკლე ისტორია.
გიზიარებთ გამარჯვებულების ნამუშევრებს:
პირველი ადგილი – ნატა მეშველიანი
ეს ამბავი დიდი ხნის წინ ჩემს მეგობარ უილიამს მოვუყევი და დადგა დრო, რომ თქვენც მოგითხროთ.. წლების წინ, თბილისის სუპერმარკეტის დახლებს ორი მთავარი საგვარეულო განაგებდა. კოკა-კოლებისა და ფანტების ოჯახები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ. ერთხელაც,კოკა-კოლების მოწყობილ წვეულებაზე,სადაც მხოლოდ უალკოჰოლო სასმელებს ნახავდით,ახალგაზრდა პეპსი შეიპარა. სიმპატიურმა და ჯერ კიდევ გაზგაუსვლელმა პაპუნა პეპსიმ მასსავით ახალგაზრდა, ახალჩამოსხმული კესო კოლა დაინახა თუ არა, გულში ჩაუვარდა. მათ ერთმანეთი თავ(სახურ)დავიწყებით შეუყვარდათ. თუმცა, შეყვარებულებს ერთად დიდხანს ყოფნა არ ეწერათ. როგორც კი კესოს ბიძაშვილმა ფრიდონ ფანტამ ისინი ეტიკეტის გარეშე დაინახა, ამბავი მთელს ქალაქს მოედო. წყვილმა ერთმანეთის გარეშე ცხოვრებას გაზის გასვლა ამჯობინა და ტრაგიკულად,თუმცა, ერთად,მენთოსის ტაბლეტებით მოისწრაფეს სიცოცხლე.
მეორე ადგილი – იოანა შაინიძე
გუშინდელი საღამოდან მოყოლებული ეულად ვასხივარ ჭიქაში. არ მიყვარს, როცა ასე ობლად და მარტოსულად მტოვებენ ყველაზე გემრიელ ბოლო წვეთს. როგორც იქნა, ფანჯრიდან მზის პირველი სხივი გამოჩნდა, მერე პირველი თითიც. ტახტიდან ვიღაც წამოდგომის გარეშე მკიდებს ხელს, მე მიხარია, ბოლო წვეთის სიამოვნებას შევაგრძნობინებ. თუმცა, არა, ოღონდაც ეს არა, ხელი კოკა-კოლის ბოთლსაც პოულობს, თავს ხსნის, ჩემკენ მოაქვს, მე თვალებს ვხუჭავ, ყვირილი მინდება, კოკა-კოლა კი ჭიქის ძირამდე ჩამოდის და… ნუთუ არ მეჩვენება? მოულოდნელად კოკა-კოლას გემო ჩემსას უერთდება, თითქოს თავს ახლა უფრო გემრიელად, სრულყოფილად ვგრძნობ. კოკა-კოლა ჩემში იღვრება, მე მასში და თითქოს ეს არის უკვდავება. მერე მახსენდება: „თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ“. უსიყვარულოდ… პეპსის ბოლო წვეთი
მესამე ადგილი – ინა ლიკლიკაძე
დღისით, მზისით, მაშინ, როცა ვერავინ გაბედავდა უქმად ყოფნას, მინაკოლამ საწარმოს კედელზე შემაშფოთებელი ნაკაწრი ნახა C+P=♾️. ისე გაბრაზდა, როგორც კოკა-კოლაში ჩაგდებული მენთოსი, მაშინვე მიხვდა, რომ ეს ყოველივე რომელიმე ქილაკოლის ნამოქმედარი იყო და მათი სექციისაკენ თავსახურმოგლეჯილი გაექანა, მზად იყო ქილაკოლის სამას ოცდაათივე გრამი დაეღვარა! მოღალატე მარტივად ამოიცნო, ერთ დროს აწითლებულ ლოყებს ლურჯი ფერი გადაჰკრავდა. “დამნაშავეს” გაზის გასვლა მიესაჯა, სასჯელიც მალე აღსრულდა. ცოტახანში გაზირებულ სასმელებში ხმა გავარდა, რომ პეპსის საწარმოში ახალგაზრდა ქილაპეპსი მოულოდნელად აქაფებული იპოვეს. ახალი ამბები იუწყებოდა, რომ მისი ლოყები ისეთი წითელი იყო, როგორც არასდროს. ექსპერტ-სასმელებმა კი აქაფებულის საცხოვრებელი სახლიდან 1 შეკვრა მენთოსი ამოიღეს.