Academy logo
Academy logo
პროფესიით იურისტი, მოწოდებით დიზაინერი - ბავშვობის ინტერესი პროფესიად იქცა…

პროფესიით იურისტი, მოწოდებით დიზაინერი - ბავშვობის ინტერესი პროფესიად იქცა…

13 ნოე. 2026

რამდენჯერ გიფიქრია, როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება, სხვა პროფესია რომ აგერჩია? იქნებ ბავშვობაში ხატვა გიყვარდა, მაგრამ საბოლოოდ სრულიად სხვა მიმართულებით გააგრძელე სწავლა. იქნებ სამსახური გაქვს, გამოცდილებაც დაგიგროვდა, თუმცა დროდადრო მაინც ფიქრობ იმ საქმეზე, რომლის კეთებაც ყოველთვის გსიამოვნებდა.


ჩვენი კურსდამთავრებულის, ნინუცა გაფრინდაშვილის, ისტორიაც სწორედ ასეთია. პროფესიით იურისტი და საჯარო სამართლის მაგისტრია. სამართლის სფეროში გამოცდილებაც და წარმატებაც ჰქონდა, მაგრამ ერთ დღეს გადაწყვიტა, ბავშვობის ინტერესი მხოლოდ ინტერესად აღარ დაეტოვებინა და დღეს მარკეტინგულ კომპანიაში გრაფიკულ დიზაინერად მუშაობს.


როცა საყვარელი საქმე მხოლოდ ჰობია


ნინუცას ხატვა და ხელოვნება ბავშვობიდან აინტერესებდა. მიუხედავად ამისა, პროფესიის არჩევისას სამართლის მიმართულებით წავიდა, საყვარელ საქმეს კი მხოლოდ ,,თავისუფალ დროს” უთმობდა. წლების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ პროფესიული განვითარება მისთვის მხოლოდ უკვე არჩეული გზის გაგრძელებას აღარ ნიშნავდა. სურდა ისეთი საქმის კეთება, რომელიც მის ინტერესებთან უფრო ახლოს იქნებოდა. ასე გადაწყვიტა, ესწავლა გრაფიკული დიზაინი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.

„სამართლის სფეროში გარკვეული გამოცდილებისა და წარმატების მიღწევის შემდეგ მივხვდი, რომ მინდოდა ახალი მიმართულებით განვითარება და ისეთი საქმიანობის პოვნა, რომელიც ჩემს ინტერესებს უფრო მეტად შეესაბამებოდა.“


დიზაინი მხოლოდ ლამაზი ვიზუალების შექმნა არ აღმოჩნდა


კურსის დაწყებამდე გრაფიკული დიზაინი მისთვის, ძირითადად, ესთეტიკურად საინტერესო ნამუშევრების შექმნასთან ასოცირდებოდა. სწავლის პროცესში კი აღმოაჩინა, რომ კარგი დიზაინის უკან გაცილებით მეტი შრომა დგას: მნიშვნელოვანია, რას გადმოსცემს ნამუშევარი, ვისთვის არის განკუთვნილი და რამდენად ეფექტურად მიაქვს სათქმელი აუდიტორიამდე. 

„მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვიზუალური მხარე, არამედ იდეის სწორად გადმოცემა, მიზნობრივ აუდიტორიასთან კომუნიკაცია და თითოეული დეტალის გააზრებულად შერჩევა.“


ეს აღმოჩნდა მისთვის პროფესიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მხარე - შესაძლებლობა, იდეა ვიზუალური ენის გამოყენებით გადმოსცე და საკუთარი ხასიათი შესძინო. სწავლის პროცესიც თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ დავალებებს მოიცავდა. როგორც თავად ამბობს, სირთულეების გადალახვაში განსაკუთრებით დაეხმარა მენტორი, ლიკა კედელაშვილი, რომელიც სტუდენტების კითხვებს ყოველთვის ამომწურავად პასუხობდა.


რა საერთო აქვთ ფორმულა 1-ს, აირტონ სენას და Adidas-ს?

ერთი შეხედვით, შეიძლება არც ისე ბევრი. თუმცა სწორედ ამ სამი თემის გაერთიანება გადაწყვიტა ნინუცამ ფინალურ პროექტში. ფორმულა 1, ლეგენდარული მრბოლელი აირტონ სენა, Adidas და ბიოგრაფიული ფილმები მისი ინტერესების ნაწილია. ამიტომ წარმოიდგინა, როგორი იქნებოდა Adidas-ის სპონსორობით გადაღებული ფილმი აირტონ სენას შესახებ. იდეა გამოგონილ კოლაბორაციად აქცია და შექმნა კონცეფცია, რომელიც ფილმის სარეკლამო პოსტერებსა და ბრენდირებულ პროდუქტებსაც მოიცავდა. ეს პროექტი კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება განსხვავებული ინტერესები და მიმართლებები გაერთიანდეს.


„პროექტზე მუშაობისას ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ მქონდა სრული თავისუფლება, ჩემი ხედვა ვიზუალურად გადმომეცა და იდეა რეალურ კამპანიად წარმომედგინა.“


კურსის დასრულება ახალი გზის დასაწყისი აღმოჩნდა


ახალი პროფესიის შესწავლა ერთი გამოწვევაა, ამ მიმართულებით პირველი სამსახურის პოვნა კი - მეორე. კურსის დასრულების შემდეგ დასაქმების პროცესი მარტივი არ ყოფილა. რამდენიმე გასაუბრება გაიარა, თუმცა შეთანხმებამდე ვერსად მივიდა. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი როლი ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ ითამაშა, რომელიც კურსდამთავრებულსა და პოტენციურ დამსაქმებელს შორის დამაკავშირებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ნინუცამ ერთ-ერთ მარკეტინგულ კომპანიაში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა.


„მოხარული ვარ, რომ აკადემიამ მომცა შესაძლებლობა, აღმოვჩენილიყავი ისეთ კომპანიაში, რომელიც პროფესიული განვითარების მრავალფეროვან შესაძლებლობებს მაძლევს.“

დღეს მისი მიზანი გრაფიკული დიზაინის მიმართულებით განვითარება, ახალი გამოცდილების მიღება და საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის პროფესიულ საქმიანობაში გამოყენებაა.


გვიანი არასდროსაა! 


ხშირად პროფესიის შეცვლას თავიდან დაწყებას ვეძახით. თუმცა ახალი მიმართულების არჩევა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ აქამდე დაგროვილი გამოცდილება უნდა დაივიწყო. ჩვენი კურსდამთავრებულის ისტორიაში განსაკუთრებით საინტერესო სწორედ ისაა, რომ ცვლილების სურვილი პროფესიული წარუმატებლობის შემდეგ არ გაჩენილა. მას სამართლის სფეროში უკვე ჰქონდა გამოცდილება და წარმატება, მაგრამ მაინც გადაწყვიტა რაღაც ახალი ეცადა.


„სასურველი მიზნის მიღწევას შეიძლება დრო დასჭირდეს, თუმცა თანმიმდევრული შრომა საბოლოოდ აუცილებლად გამოიღებს შედეგს.“

ზოგჯერ ახალი კარიერის დასაწყისი სწორედ იმ ინტერესში იმალება, რომელიც დიდი ხნის წინ გვერდზე გადადე. ამიტომ, გადახედე ჩვენს კურსებს იქნებ შენი ბავშვობის ინტერესები არსად გამქრალა და მათ გასაღვიძებლად უბრალოდ სწორ მომენტს ელოდებოდი.


აღმოაჩინე შენთვის საინტერესო მიმართულება და გადადგი პირველი ნაბიჯი