ProdAct Conference 2024 – Tomorrow Of Digital Products – განხილვა
თარიღი: 11 September, 2024
ProdAct Community-ს ორგანიზებით 8 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში, წლის ყველაზე ციფრული კონფერენცია – ProdAct Conference 2024 – Tomorrow Of Digital Products ჩატარდა, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი ციფრული ინდუსტრიის აკადემია იყო.
ღონისძიებაზე თავი მოიყარა 450-მდე ციფრული ინდუსტრიით დაინტერესებულმა მსმენელმა, რომლებსაც საკუთარი გამოცდილება და რჩევები გაუზიარეს 30-მდე როგორც ქართველმა, ასევე საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა.
გიზიარებთ ProdAct Community-ის თანადამფუძნებლისა და ProdAct 2024-ის ორგანიზატორის – თეო ზანგურაშვილის შთაბეჭდილებებს ღონისძიებასთან დაკავშირებით:
- რომელი გამოსვლა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი შენთვის?
გამიჭირდება ერთის გამორჩევა, რადგან ყველა სპიკერი ძალიან ინდივიდუალური და საინტერესო თემებით იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა სპიკერმა ციფრული სფეროს განსხვავებული ასპექტი დაგვანახა, რაც არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ დარწმუნებული ვარ, მსმენელისთვისაც ძალიან საინტერესო იყო.
- აკადემიის ვორქშოფ სივრცის რა ნაწილს გამოარჩევდი?
პირველ რიგში, ვიტყოდი ვორქშოფების თემებს, რომლებიც ყველა სფეროს წარმომადგენლისთვის საინტერესო იქნებოდა. აკადემიის მენტორები ისეთ საკითხებს შეეხნენ, რომლებიც ქართული ბაზრისთვის ძალიან ახალი, თუმცა გლობალურ ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. მაგალითად: App მარკეტინგი, AI product management-ი და ა.შ.
ასევე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, გათამაშების ფარგლებში მოეგოთ პრიზი – უფასო კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიისგან, რამაც აუდიტორიაში ძალიან დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.
- რამდენად გაგიმართლდა მოლოდინები?
შეიძლება ითქვას, რომ წელს შედეგებმა ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა, რადგან აუდიტორია ძალიან ჩართული და აქტიური იყო კონფერენციის მიმდინარეობის დროს. ვფიქრობ, დამსწრეებმა ჩვენი, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული სპიკერებისგან ბევრი რამ გაიგეს და მათი გაზიარებული გამოცდილება მომავალში დაეხმარებათ.
- ღონისძიების რომელ ნაწილს ელოდებოდი ყველაზე მეტად?
წელს ღონისძიებაზე გვყავდა იდუმალი სტუმარი – AI, რომელთანაც ჩვენი გუნდის წევრს გასაუბრების საშუალება მიეცა. დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტი ძალიან განვითარებულია და მისი შესაძლებლობები ყოველდღე იზრდება – სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად ველოდებოდი ამ ინტერვიუს მსვლელობას.
- შემდეგი წლისთვის რას უნდა ველოდოთ ProdAct Conference-ზე?
წლიდან წლამდე ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ გლობალური ტრენდები და ტექნოლოგიურ სფეროში მიმდინარე ცვლილებები, ამიტომ შემდეგ წელსაც მაქსიმალურად დამსწრე აუდიტორიაზე მორგებული თემებითა და უფრო მეტი საინტერესო აქტივობით დავბრუნდებით.