fbpx
სოციალური მედიის კურსი

ნატალია მუსერიძის ისტორია: როგორ მოვხვდი ციფრულ სამყაროში

თარიღი: 2 September, 2024

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის ნატალია მუსერიძის ისტორიას, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სოც. მედიისა და მოუშენ დიზაინის კურსები გაიარა, ამჟამად კი მუშაობს სტომატოლოგიურ კლინიკა ,,დენტალ ლაუნჯში”, სადაც მენეჯერისა და მარკეტოლოგის როლს ასრულებს. 

მე ვარ ნატალია, ულამაზესი ქალაქი ბათუმიდან, სადაც მარკეტინგი ძირითადად უცხოელების ხელშია. დავასრულე ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი მენეჯმენტის განხრით, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ჩემი ცოდნა არ იყო საკმარისი თანამედროვე პროფესიული მოღვაწეობისთვის. ამიტომ გადავწყვიტე, ის განხრა მესწავლა, რაც მუდამ მაინტერესებდა. თავდაპირველად გრაფიკული დიზაინი შევისწავლე და დავიწყე  ფრილანსით მუშაობა თბილისის კომპანიებისთვის. შემდგომ დავამატე მოუშენ დიზაინიც, რაც დამეხმარა უკვე ჩემი ნაშრომების გაცოცხლებაში, ბოლოს კი სრულყოფილი ცოდნისთვის გავიარე სოც. მედია მენეჯმენტიც, რამაც მომცა პროფესიულ სფეროში სრული თავისუფლება. 

თავდაპირველად, როდესაც გრაფიკული დიზაინით დავიწყე მუშაობა, მომიწია, სადღესასწაულო რეკლამებისთვის ცალკე მოუშენ დიზაინერთან ერთად შემექმნა პროექტი. ძალიან დავინტერესდი ამ სპეციალობით, ამიტომ გადავწყვიტე ეს სფეროც შემესწავლა. სწორედ მისი რეკომენდაციით მოვხდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში. 

აკადემიაში მოუშენ დიზაინისა და სოც. მედია მენეჯმენტის კურსები გავიარე. იქიდან გამომდინარე, რომ ვმუშაობ ძირითადად პატარა კომპანიებისთვის, ვისაც არ აქვს დიდი ბიუჯეტი, ამ ცოდნით მათ ვაძლევ მარკეტინგული მომსახურების სრულ სერვისს, რაც ძალიან პრაქტიკულია. 

ამჟამად ძირითადად სრული განაკვეთით ვმუშაობ სტომატოლოგიურ კლინიკა ,,დენტალ ლაუნჯში”, სადაც ვასრულებ მენეჯერის როლს და ამავდროულად ვარ მარკეტოლოგიც. ასევე ვმუშაობ ავეჯის მაღაზიაში, სადაც გარდა სოც. მედიისა და გრაფიკული დიზაინისა, ვიღებ ვიდეო რგოლებს ჩემი მონაწილეობით. თუმცა მანამდე მიმუშავია ასევე ბრენდინგის მიმართულებით, ვიყავი სილამაზის სალონის სოც. მედია მენეჯერი და თითქმის 2 წელი ვქმნიდი კონტენტს თბილისის სამშენებლო კომპანიებისათვის.  

ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვეტყოდი, რომ ამ ამ სფეროში საქმიანობა მოითხოვს დიდ დროსა და შრომას, ასევე მუდმივ განვითარებას. არ უნდა შეუშინდეთ იმას, რომ შესაძლოა დასაწყისში არ გქონდეთ მაღალი ანაზღაურება და სტაბილური სამსახური. ეს ყველაფერი მოდის წლების შრომისა და კმაყოფილი მომხმარებლების მეშვეობით. მაგრამ რაც მთავარია, ციფრულ სამყაროში საქმიანობა ვფიქრობ, ერთ-ერთი საინტერესო სფეროა დღევანდელ შრომით ბაზარზე, ამიტომ თქვენი პროფესია თქვენივე ჰობი გახდება.