მულტითასქინგი – კი თუ არა?
თარიღი: 21 June, 2021
დავიწყე სტატიის წერა, პარალელურად ვესწრები შეხვედრას, გავხსენი მეორე ფალი და ვიწყებ სცენარის მოფიქრებას. – აი სწორედ ასე გამოიყურება მულტითასქინგი.
რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულება, ე.წ. მულტითასქინგი, დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა კომპანიის წარმატების და შემოსავლის გაზრდის ერთ-ერთ მეთოდად, თუმცა ბოლო დროის კვლევებმა ეს ფენომენი ეჭვქვეშ დააყენა.
ქვემოთ იმ გვერდით ეფექტებზე მოგიყვები, რომლებიც მულტითასქინგს ახლავს:
კონცენტრაციის შესუსტება
დროის ერთსა და იმავე შუალედში ჩვენს ტვინს ეფექტურად ფოკუსირება მხოლოდ ერთ ან ორ საკითხზე შეუძლია. როდესაც ამ ლიმიტს გადავცდებით, ტვინის ფუნქციონირების სიჩქარე მცირდება, რასაც არა მხოლოდ კონცენტრაციის და ყურადღების, არამედ სწავლის, ათვისების უნარის დაქვეითებასთან კი მივყავართ.
ამის გარდა, რამდენიმე საქმის კეთება ნიშნავს, ერთდროულად ბევრ საკითხზე ფიქრს, რადროსაც დიდი ალბათობით შესაძლოა რაიმე გამოგრჩეს, დაგავიწყდეს ან შეგეშალოს.
მეხსიერების დაქვეითება
ადამიანებს, რომლებსაც ყურადღების გადანაწილება რამდენიმე საქმეზე უწევთ, დავალების დასრულების შემდეგ უჭირთ გაიხსენონ განხორციელებული ნაბიჯები. ასეთ შემთხვევებს ,,ინფორმაციული გადატვირთვა“ ჰქვია და გრძელვადიან პერსპექტივაში პროდუქტის და მომსახურების ხარისხს აუარესებს.
სტრესის დონის მომატება
რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად ფიქრი ორგანიზმში ასტიმულირებს ადრენალინის და სტრესის ჰორმონების გამოყოფას. რის შედეგადაც თანამშრომლებს მეტი დრო სჭირდებათ მოვალეობის შესასრულებლად.
დღევანდელი კონკურენტუნარიანი სამუშაო გარემო მულტითასქინგს ახალისებს, თუმცა თუ მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების/პროდუქტის შეთავაზებას აპირებ, მაშინ უარი უნდა თქვა მულტითასქინგზე.