ევექსის ჰოსპიტლების პროექტი, რომლის ილუსტრაციები ჩვენმა სტუდენტებმა შექმნეს
თარიღი: 25 December, 2020
მომხმარებელს უკვე შეუძლია ესტუმროს ახალ პლატფორმას Miceremadloba.ge
ეს პლატფორმა აერთიანებს ისტორიებს, რომლებიც კოვიდ-ჰოსპიტლების კედლებს მიღმა რჩება. ვებ-გვერდზე — www.miceremadloba.ge ყოველდღურად შეხვდებით ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ იხსნეს ექიმებმა ადამიანების სიცოცხლე. იგი ასევე გაძლევთ საშუალებას, მადლობა გადაუხადოთ სამედიცინო პერსონალს:#მიწერემადლობა ონლაინ-რეჟიმში ან პირადი წერილის სახით.
პროექტი ციფრული ინდუსტრიის აკადემიასთან კოლაბორაციით შედგა, ვებ-გვერდისთვის სწორედ ჩვენმა სტუდენტებმა შექმნეს ნამუშევრები.
მეტი ინფორმაციისთვის გთავაზობთ ინტერვიუს ევექსის ჰოსპიტლების ციფრული კომუნიკაციების გუნდის ხელმძღვანელთან, გიორგი აბჟანდაძესთან:
-პროექტის შესახებ რომ მოგვიყვეთ დეტალურად ?
ილუსტრაცია – ნინო მარიხაშვილი
პანდემიამდეც და პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, თუ რამხელა ფიზიკური თუ მორალური შრომის გაწევა უწევთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. აქედან გამომდინარე, დაფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად განვსაზღვრეთ ამ ისტორიების მოყოლა ფართო სეგმენტისთვის და მათთვის მადლობის გადახდის შესაძლებლობის მიცემა.
ამ შესაძლებლობის მისაცემად, შევქმენით პლატფორმა, რომელზეც შესაძლებელია ნახოთ ქსელის მასშტაბით ჩართული 13 ჰოსპიტლის ყველა მედპერსონალი, რომელიც COVID პაციენტებს ემსახურება. ასევე მუდმივად ახლდება გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობაც. პლატფორმა აერთიანებს მედპერსონალის წინა ხაზის ისტორიებს.
პროექტის მთავარი შინაარსი კი პლატფორმის ფუნქციონალშია – რომელიც გულისხმობს მედპერსონალის მიმართ მადლობის გამოხატვის სამ ფორმას: ტაშის, მესიჯის გაგზავნის, წერილის სამსახურში მიწერის სახით, რასაც თავად პლატფორმა უზრუნველყოფს.
-საიდან დაიბადა პროექტის იდეა ?
ილუსტრაცია – ანანო რაზმაძე
ილუსტრაცია – მეგი სიდამონიძე
პროექტის იდეა დაიბადა ჰოსპიტლების რეალური ამბებიდან, რომელიც შიგნით ტრიალებს, მაგრამ გარეთ არ ისმის. უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც მადლიერი პაციენტები ყველა შესაძლო ხერხს მიმართავდნენ მედპერსონალისთვის მადლობის გადასახდელად: წერდნენ წერილებს, ხშირად, პალატაში მათ ხელთ არსებულ ნივთებზეც ტოვებდნენ სამადლობელ წარწერებს, Facebook ში კომენტარების, ინბოქსის სახით გვეხმიანებოდნენ რომ გადაგვეცა მათი მადლიერება შესაბამისი ადრესატისთვის და ა.შ.
ვიფიქრეთ რომ პირველ რიგში საჭირო იყო ამ დაგროვილი მადლიერების მოყოლა – ისტორიების სახით, რომ ყოფილიყო გასაგები, მადლიერების დაგროვების მიზეზი და შემდეგ უკვე ამ მადლობების ერთიან სივრცეში, ერთ პლატფორმაზე თავმოყრა, რომელიც იქნებოდა პირდაპირი კავშირის შესაძლებლობა მადლობის ადრესატ მედპერსონალთან.
-რა იყო პროექტის მიზანი ?
პროექტის მიზანი რა თქმა უნდა ამ ისტორიების მოყოლაა, რომელიც ხშირად დაუჯერებელია. მთავარი მიზანი ალბათ მაინც საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა იყო, სადაც ერთის მხრივ პაციენტი საკუთარი მადლიერების სათქმელს დაიკმაყოფილებს და მედპერსონალი – რომელთათვისაც გამხნევებას რეალურად აქვს ძალიან დიდი ძალა.
-რატომ გადაწყვიტეთ ამ პროექტში ციფრული ინდუსტრიის აკადემიასთან კოლაბორაცია?
ილუსტრაცია – მეგი ონიანი
პირველ რიგში, კოლაბორაციის მიმართულებით იმიტომ წავედით, რომ გვინდოდა უფრო მეტი შინაარსი ჰქონოდა ილუსტრაციებს და თითოეულის უკან ყოფილიყო ერთი ადამიანი, რომელიც ამ კონკრეტული ისტორიის შთაგონებით შექმნიდა საკუთარ ნამუშევარს
ეს იყო მთავარი სურვილი. როდესაც უკვე საქმე მიდგა იმაზე, თუ ვინ შეიძლება მოგვეაზრებინა ამ სურვილის საუკეთესო შემსრულებლად, ციფრული ინდუსტრიის და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები იყვნენ პირველები, ვინც გაგვახსენდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი მათგანის ნამუშევარი ნაცნობია ჩვენთვის და საქმის მიმართ მიდგომა სრულად დამაკმაყოფილებელი. ამ პროექტთან მიმართებაში კი ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა.
სტუდენტების მონდომება საოცარი სიზუსტით აისახა მათ ნამუშევრებში და სწორედ ამიტომ მივიღეთ საბოლოოდ ასეთი დახვეწილი ილუსტრაციები. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს პროექტში ასეთი დოზით ჩართულობისთვის.
-რა ევალებოდათ პროექტის მონაწილეებს ?
ილუსტრაცია ,,კორონაროგრაფია” – მარიამ აბაშიძე
პროექტში ყველა მონაწილე მოხალისეობრივად ჩაერთო. ილუსტრატორები, დეველოპერები, დიზაინერები და ა.შ. ზოგი სრულად, ზოგი ნაწილობრივ. არანაირი მოვალეობის თხოვნა არ ყოფილა, ამ გრძნობამ გააერთიანა მასში ჩართული მხარეები, რაც ჯამში საბოლოო პროდუქტზეც დადებითად აისახა.
-როგორი იყო თქვენი მოლოდინები და რამდენად გაამართლა ამ მოლოდინებმა ?
ილუსტრაცია – მარიამ ახალაია
ჩვენი მოლოდინის გამართლება ამ პროექტის ჭრილში, მხოლოდ მედპერსონალის კმაყოფილებაში იზომება. ეს კმაყოფილება კი ძალიან ბუნებრივად წამოვიდა მათი მხრიდან, რაც ყველაზე მეტად სასიამოვნოა.
-სამომავლო გეგმები ?
ილუსტრაცია – რობი საგინაშვილი
ილუსტრაცია – ეთო ბიჭიკაშვილი
რეალურად, პროექტი მხოლოდ ახლა დაიწყო. ჯერ 1 კვირაც არ არის გასული პროექტის დალანჩვიდან და გამოხმაურება იმაზე უკეთესია, ვიდრე ველოდით. აქედან გამომდინარე, არის მზაობა რომ ეს პროექტი გაგრძელდეს ძალიან დიდი ხნით, რადგან ძალიან ბევრი ისტორია ელოდება მოყოლას და ხალხამდე მიტანას. ბევრი კი ჯერ კიდევ პროცესშია. ასე რომ, სანამ ეს ასე იქნება, პროექტიც გაგრძელდება.
ილუსტრაცია – დეა კალანდია
ილუსტრაცია – ანა თოდუა
ილუსტრაცია – ანა შევარდნაძე
ილუსტრაცია – ალექსანდრე ვართაპეტოვი
ილუსტრაცია – ალექსანდრე ყოჩაშვილი
ილუსტრაცია – ანა ასოევა
ილუსტრაცია – თათია ჩერქეზიშვილი
ილუსტრაცია – ლუკა ვეფხაძე
ილუსტრაცია – ნინი ადანაია
ილუსტრაცია – სალომე გაგნიძე