მარიამ მაზანიშვილის ისტორია: არქიტექტურიდან მარკეტინგამდე
თარიღი: 4 March, 2025
გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის, მარიამ მაზანაშვილის ისტორიას, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ციფრული მარკეტინგის კურსი გაიარა, ახლა კი დასაქმებულია საერთაშორისო აუტსტაფინგ კომპანია Webiz International-ში ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე და კომპანია ‘’Cherry’s Fitness’’-ში – ციფრული მარკეტერისა და კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.
მე ვარ მარიამი, 23 წლის. კარიერა არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით დავიწყე და უნივერსიტეტიც ამ განხრით დავამთავრე. მიუხედავად ამ სფეროსადმი დიდი ინტერესისა და სიყვარულისა, მალევე მივხვდი, რომ ჩემი ნამდვილი პროფესიული გატაცება მარკეტინგია.
ამ გააზრების შემდეგ, აქტიურად დავიწყე სწავლა და პრაქტიკა მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებაში. გავეცანი თითქმის ყველა სფეროს, დავტესტე სხვადასხვა სტრატეგია და პრაქტიკული მიდგომა, რათა გამერკვია, სად ვგრძნობდი თავს ყველაზე კომფორტულად და რომელ მიმართულებაში მქონდა განვითარების ყველაზე დიდი პოტენციალი.
საბოლოოდ, ორი სფერო გამოიკვეთა, სადაც ჩემი გამოცდილება და ინტერესი იდეალურად გადაიკვეთა: ციფრული მარკეტინგი და უფრო ნიშური მიმართულება — სპორტ მარკეტინგი. ეს არის ის სფეროები, სადაც ვხედავ ჩემს პროფესიულ მომავალს და სადაც მუდმივად ვცდილობ ზრდასა და განვითარებას.
ციფრული ინდუსტრიის სფერო ყოველთვის მაინტერესებდა, თუმცა მინდოდა, რომ ჩემი ცოდნა უფრო საფუძვლიანად გამემყარებინა და პრაქტიკული გამოცდილება მიმეღო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, გამევლო კურსი აკადემიაში, რომელიც რეალურ ბაზრის მოთხოვნებზეა მორგებული და სტუდენტებს პრაქტიკულ გამოცდილებას სთავაზობს.
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე ციფრული მარკეტინგის კურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემი კარიერული განვითარებისთვის. კურსის განმავლობაში ვისწავლე თანამედროვე მარკეტინგული სტრატეგიები, მონაცემთა ანალიზი, სარეკლამო კამპანიების მართვა და სოციალური მედიის ოპტიმიზაცია. ეს ცოდნა რეალურად დამეხმარა ჩემს საქმიანობაში და უფრო კონკურენტუნარიანი გამხადა შრომის ბაზარზე.
ამჟამად დასაქმებული ვარ საერთაშორისო აუტსტაფინგ კომპანიაში Webiz International ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე, სადაც ჩემი ძირითადი ამოცანაა კომპანიის ზრდაზე ორიენტირებული ციფრული მარკეტინგული კამპანიების შექმნა, ლიდების გენერაცია და კონტენტ სტრატეგიის გაწერა. პარალელურად უკვე 4 წელია დასაქმებული ვარ კომპანია ‘’Cherry’s Fitness’’-ში ციფრულ მარკეტერად და კონტენტ კრეატორად, სადაც რეალურად დაიწყო ჩემი კარიერა მარკეტინგის მიმართულებით და სწორედ აქ მუშაობის პერიოდში მივხვდი, რომ სწორედ ამ კუთხით მინდოდა განვითარება მომავალშიც.
აკადემიამ მომცა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ – პრაქტიკული უნარებიც, რაც დამეხმარა სწრაფად განვითარებაში. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ლექტორმა გამიწია რეკომენდაცია, რის შემდეგაც დამიკავშირდნენ ვებიზიდან და საბოლოოდ ჩვენი თანამშრომლობა შედგა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ირაკლი ქართველიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი ცოდნა და პრაქტიკული რჩევები გაგვიზიარა კურსის განმავლობაში.
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რამდენიმე რამეს ვურჩევდი:
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება და თვითგანათლება. ციფრული ინდუსტრია ძალიან სწრაფად იცვლება, ამიტომ აუცილებელია სიახლეების გაცნობა და ახალი უნარების შეძენა.
გარდა ამისა, რეკომენდაციას ვუწევ პრაქტიკული გამოცდილების მიღებას – შექმენით პროექტები, გაიარეთ სტაჟირებები და იმუშავეთ ფრილანსზე, რადგან რეალური გამოცდილება ყველაზე ფასეულია. ასევე რაც შეიძლება მალე დაიწყეთ საკუთარ პორტფოლიოზე მუშაობა, რადგან ისეთ კრეატიულ სფეროში, როგორიც მარკეტინგია, ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ ამას ექცევა.
ციფრულ სამყაროში კარიერული ზრდა დიდწილად დამოკიდებულია თქვენს ინიციატივასა და აქტიურობაზე, ამიტომ გაბედეთ, იყავით აქტიურები სოციალურ ქსელებში, გააზიარეთ თქვენი ცოდნა და რჩევები, დაიწყეთ პერსონალური ბრენდის შენება და არასოდეს არ დანებდეთ!