ლიზა კოპალეიშვილის ისტორია: როგორ გავხდი გრაფიკული დიზაინერი
თარიღი: 8 April, 2025
გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის, ლიზა კოპალეიშვილის ისტორიას, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სოციალური მედიის, გრაფიკული დიზაინის, 3D დიზაინისა და UI/UX დიზაინის კურსები გაიარა, ახლა კი გრაფიკული დიზაინერია Space Cargo-ში.
მე ვარ ლიზა კოპალეიშვილი, 21 წლის. ამჟამად პროფესიით ვარ გრაფიკული დიზაინერი და მე-3 კურსის სტუდენტი პიარის განხრით.
ყოველთვის ძალიან ვიყავი დაინტერესებული ციფრული სფეროებით. იმის გათვალისწინებით რომ ჩემს მთავარ პროფესიასთან ეს კურსები ახლოს იყო, გადავწყვიტე ჩემი ცოდნა გამეღრმავებინა სხვადასხვა განხრით. ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ ნაცნობის რეკომენდაციით გავიგე და გადავწყვიტე ერთ-ერთი კურსის გავლა. ამის შემდეგ გავიარე კიდევ სამი კურსი. თითოეული დამეხმარა ზრდაში როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად. ჩემი ყველა კურსის ლექტორი და ზოგადად სილაბუსი ძალიან მომეწონა და ბევრ რამეში გამომადგა მათი რჩევებიც.
ციფრული ინდუსტრიების აკადემიაში გავიარე რამდენიმე კურსი 2022 წლიდან მოყოლებული. დავიწყე სოციალური მედიის კურსით, შემდეგ გავიარე გრაფიკულ დიზაინი, 3D დიზაინი და UI/UX დიზაინი. ყველა ამ კურსმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი კარიერის ჩამოყალიბებაში და დამეხმარა გავმხდარიყავი ის, ვინც დღეს ვარ. კონკრეტულად, გრაფიკული დიზაინის კურსი ჩემთვის გადამწყვეტი მომენტი იყო. ის დამეხმარა, მეპოვა ჩემი თავი ამ სფეროში და გამეგო, თუ რისი კეთება მინდოდა ცხოვრებაში. ამის შემდეგ მინდოდა უფრო ღრმად შემესწავლა დიზაინის სფერო, რამაც გადამაწყვეტინა 3D დიზაინისა და UI/UX დიზაინის კურსების გავლა. ორივე მათგანმა გააფართოვა ჩემი ცოდნა და მომცა უფრო ფართო პერსპექტივა, რაც დამეხმარა უფრო მეტი გამეგო დიზაინის სხვადასხვა ასპექტის შესახებ. საერთო ჯამში, ეს კურსები დამეხმარა გამეგო, რისი გაკეთება მინდოდა და სად მსურდა ჩემი კარიერის განვითარება.
ამჟამად ვმუშაობ სრულ განაკვეთზე დისტანციურად. ვარ გრაფიკული დიზაინერი Space Cargo-ში. მალე ორი წელი შესრულდება, რაც აქ დავიწყე მუშაობა. ეს იყო ჩემი პირველი სრულ განაკვეთზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა მანამდე გრაფიკული დიზაინის კურსის დასრულების შემდეგ, დავიწყე ჩემს პორთფოლიოზე მუშაობა და საკმაოდ სწრაფად ავიღე freelance პროექტები. ძირითადად ქართველი დამსაქმებლებისგან, თუმცა მქონდა შეხება უცხოურ კომპანიებთანაც. შევქმენი ლოგოები, ბრენდ ბუქები, ციფრული და ბეჭდური მასალები. ერთწლიანი freelance გამოცდილების მიღების შემდეგ შევუერთდი Space Cargo-ს გუნდს, სადაც ვმუშაობ ციფრულ და ბეჭდურ მასალებზე, ბრენდინგზე და სხვა. ასევე შევქმენი ამავე კომპანიის ლოგო.
აკადემიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს დასაქმებაში. მან მომცა ის უნარები და ცოდნა, რაც მჭირდებოდა გრაფიკული დიზაინის სფეროში ჩემი კარიერის დასაწყებად. გარდა ტექნიკური მხარისა, ასევე ლექტორების მიერ მოცემული რჩევები ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდა ჩემთვის. აკადემიაში მიღებულმა ცოდნამ მომცა იმის შესაძლებლობა, რომ შემეძინა ისეთი პროფესია, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი.
ჩემი გამოცდილებით, ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს შემდეგ რამეს ვურჩევდი: ახლავე დაიწყეთ და აღარ გადადოთ. შესაძლოა თავიდან თავი დაბნეულად იგრძნოთ, მაგრამ სწორედ მაგ მომენტში არ უნდა დანებდეთ და გააგრძელოთ სწავლა. ისწავლეთ ნელი ნაბიჯებით, არ იჩქაროთ და დაიმახსოვრეთ რომ მხოლოდ თეორიული მასალა არაფერს მოგცემთ, გჭირდებათ პრაქტიკა და ყოველთვის პრაქტიკა! შეცდომების დაშვების არ შეგეშინდეთ, რადგან შეცდომებს პროფესიონალებიც ძალიან ბევრს უშვებენ. ასევე, იყავით ცნობისმოყვარეები და ღია ახალი ინსტრუმენტებისა და უნარების შესასწავლად, რადგან ეს სფერო სწრაფად იცვლება. და ბოლოს, არ შეგეშინდეთ თუ კურსის გავლის შემდგომ მაშინვე ვერ დასაქმდებით. ჯერ იზრუნეთ პორთფოლიოს შექმნაზე, გააკეთეთ freelance პროექტები და დააგროვეთ რაც შეიძლება მეტი გამოცდილება.