რა ხდება მაშინ, როდესაც იმას, რისი კეთებაც ყოველთვის გიყვარდა, ახალ პროფესიად აქცევ?
დღეს ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსდამთავრებულის, სალომე აბაშიძის ისტორიას გაგიზიარებთ. სალომე პროფესიით ლიტერატურათმცოდნეა, შესაბამისად, წერა ყოველთვის აინტერესებდა. ქოფირაითინგის კურსის გავლის შემდეგ ახალი პროფესიული მიმართულება აღმოაჩინა და დღეს Axiom Smart-ში ქოფირაითერად და კონტენტ კრეატორად მუშაობს.
სიახლის ძიება ახალ შესაძლებლობებს აჩენს
სიახლეების ძიება და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა სალომეს ინტერესის სფერო ყოველთვის იყო. არასდროს უფიქრია, რომ საკუთარი თავი მხოლოდ ერთი მიმართულებით უნდა გამოეცადა, თუმცა ერთი რამ ზუსტად იცოდა - მისი ცხოვრების დიდი ნაწილი წერას, ადამიანებთან კომუნიკაციასა და კრეატივს დაეთმობოდა.
ქოფირაითინგითა და კონტენტის შექმნით ბაკალავრიატზე სწავლის დროს დაინტერესდა. „სიტყვებთან თამაში“ ყოველთვის მომწონდა და მივხვდი, რომ ესეების წერის გარდა, რაღაც ახალი უნდა მეცადა.” ასე აღმოჩნდა ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ქოფირაითინგის კურსზე.
კურსის გავლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ საკუთარი, როგორც რედაქტორის, უნარების გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით შეეძლო. თუ ადრე სტატიებს ამუშავებდა, ახლა უკვე შეეძლო UX/UI და კრეატიულ ტექსტებზე მუშაობა, კამპანიების დაგეგმვა და ვიდეოების შექმნა.
ქოფირაითინგი იმაზე მეტია, ვიდრე კრეატიული წერა
როგორც გვეუბნება, სწავლის პროცესში აღმოაჩინა, თუ რამდენად მრავალფეროვანია ეს პროფესია და რამდენ განსხვავებულ მიმართულებას აერთიანებს - Tone of Voice-ზე მუშაობა, აუდიტორიის კვლევა, UX/UI ტექსტების წერა, ნოტიფიკაციები, სარეკლამო ქოფისა და ვიდეოს სკრიპტების შექმნა. ,,თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს კურსი ბევრ რამეზე დამაფიქრებდა: თუნდაც იმაზე, რომ პროფესია შემეცვალა, წერის ტექნიკები დამეხვეწა ან, უფრო მეტიც, ის, რაც მიყვარს, ფინანსურ წყაროდ მექცია.”
სალომესთვის ქოფირაითინგი დიდი, საინტერესო გამოწვევა, სიამოვნებისა და საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესია. ამ პროფესიას ის მუდმივი სწავლისა და განვითარების შესაძლებლობად აღიქვამს.
პირველი გამოწვევები და პატარა გამარჯვებები
სწავლის პროცესი განსაკუთრებით სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. როგორც ლიტერატურათმცოდნეს, მხატვრული წერა ყოველთვის უყვარდა, თუმცა კურსის განმავლობაში გაიაზრა, რომ ქოფირაითინგში კრეატივთან ერთად მნიშვნელოვანია დაკვირვება და იმ აუდიტორიის საჭიროებების გააზრება, რომლისთვისაც ტექსტს ან კამპანიას ქმნი.
განსაკუთრებით დაამახსოვრდა ვიდეოდავალება, რომელშიც სტუდენტებს საკუთარ თავზე ისე უნდა ესაუბრათ, რომ ყველაფერი სიტყვასიტყვით არ მოეყოლათ. ვიდეოსთვის სკრიპტის მომზადება და მონტაჟი სალომესთვის პირველი გამოცდილება იყო. თავდაპირველად პროცესმა იმდენად შეაშინა, რომ დანებებაზეც კი დაფიქრდა, თუმცა საბოლოოდ ვიდეო მაინც გადაიღო.
„ჩრდილები ავალაპარაკე საკუთარ თავზე, ჩრდილში კი თავად მე ვჩანდი.“
ეს დავალება მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან პირველად შეძლო ქოფირაითინგისა და კონტენტის შექმნის უნარების გაერთიანება.
სწავლა მრავალფეროვანი პრაქტიკული დავალებებით
სალომე სწავლის პროცესში განსაკუთრებით გამოყოფს ლექტორის მიერ საკუთარი პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და დავალებების მრავალფეროვნებას. სტუდენტები ეცნობოდნენ საინტერესო კამპანიებს, ქმნიდნენ მიმებს, ტექსტებს, ვიდეოებსა და პრეზენტაციებს. თითოეული დავალება ახალი გამოწვევა იყო და განსხვავებულ უნარებს ავითარებდა.
სალომეს შეფასებით, სწორედ ეს მრავალფეროვნება დაეხმარა იმის გააზრებაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფორმატთან მუშაობის გამოცდილება მარკეტინგული კამპანიის შექმნისას.
ფინალური პროექტი - როგორ ვაქციოთ ლოდინის დრო შესაძლებლობად?
კურსის ფინალური პროექტის ფარგლებში სტუდენტებს ახალი პროფესიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე ორიენტირებული კამპანია უნდა შეექმნათ. სალომე დიდხანს ფიქრობდა, როგორ წარმოეჩინა საკუთარი უნარები და შეექმნა კამპანია, რომელიც რეალურ პრობლემას უპასუხებდა. კურსზე მიღებული თეორიული ცოდნა მას პრობლემის ანალიზში, სტრატეგიის, ხედვისა და მიზნების ჩამოყალიბებაში დაეხმარა.
,,ახალი იდეა დაიბადა სწორედ იმაზე ფიქრით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მთავარი პრობლემა პროფესიების არჩევისას. ამ დროს ვეძებდი გზებს და ვფიქრობდი, სად ექნებოდა ადამიანს ამ საკითხზე საფიქრელად ყველაზე მეტი დრო. ჰოდა, აღმოვაჩინე, რომ ტრანსპორტის ლოდინის დრო იყო ზუსტად ის, რაც გვჭირდებოდა.”
კამპანიის ფარგლებში სალომემ შეიმუშავა სივრცის კონცეფცია, სადაც ადამიანები ტრანსპორტის მოლოდინში სკამებზე დასხდომას, დასვენებასა და ყურსასმენების საშუალებით სხვადასხვა პროფესიის შესახებ ინფორმაციის მოსმენას შეძლებდნენ.
ქოფირაითინგის კურსიდან დასაქმებამდე
კურსის დასრულების შემდეგ სალომემ გადაწყვიტა, ცოდნა ქოფირაითინგის სხვა მიმართულებებითაც გაეღრმავებინა. დამატებით შეისწავლა UX/UI ქოფირაითინგი, რის შემდეგაც პროფესიული შესაძლებლობების აქტიურად მოძიება დაიწყო.
პირველი სამუშაო გამოცდილება სარეკლამო სააგენტო Looper Agency-ში მიიღო, სადაც ქოფირაითერის პოზიციაზე სტაჟირება გაიარა. მოგვიანებით ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ჯგუფში Axiom Smart-ის მიერ გამოცხადებული ქოფირაითერისა და კონტენტ კრეატორის სტაჟირების პროგრამის შესახებ ინფორმაცია აღმოაჩინა. გაგზავნა CV და საკუთარი ნამუშევრები, წარმატებით გაიარა გასაუბრებისა და სატესტო დავალების ეტაპები და გუნდის წევრი გახდა.
დღეს სალომე Axiom Smart-ში ქოფირაითერისა და კონტენტ კრეატორის პოზიციაზე მუშაობს, აგროვებს ახალ პროფესიულ გამოცდილებას და ყოველდღიურად რწმუნდება, რომ სწორ მიმართულებას მიაგნო.
შეცდომები პროფესიული განვითარების ნაწილია
სწავლის დასაწყისში სალომე რამდენჯერმე დაფიქრდა უკან დახევაზე. სურდა, შედეგი პირველივე დღიდან მიეღო და ყველაფერი უშეცდომოდ გამოსვლოდა. მოგვიანებით კი გააცნობიერა, რომ შეცდომების დაშვება სწავლისა და განვითარების აუცილებელი ნაწილია.
„სწორედ ის შეცდომები ზრდის ადამიანს, რომლებსაც უშვებს, რადგან მათი დაშვების გარეშე ვერ გაიგებდი, როგორ უნდა გამოგესწორებინა.“
ადამიანებს, რომლებიც ქოფირაითინგით ინტერესდებიან, თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმას ჯერ კიდევ ვერ ბედავენ, სალომე ურჩევს, იდეალურ მომენტს არ დაელოდონ.„Nike-ს არ იყოს, Just Do It და მერე ნახავ, რომ პროცესში ყველაფერი უფრო მარტივი და საინტერესო ხდება.“
სალომეს სჯერა, რომ სწავლისთვის კარგი დრო სწორედ მაშინ დგება, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ აღარ გადადებს და დაიწყებს.
თუ შენც გიყვარს წერა, სიტყვებით თამაში და თავში უამრავი კრეატიული იდეა მოგდის, აირჩიე ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ქოფირაითინგის კურსი და აღმოაჩინე, როგორ შეიძლება შენი ინტერესები ახალ პროფესიად აქციო.