ილუსტრაციები სახელად ,,სიტყვების ემოცია”
თარიღი: 16 June, 2021
,,ამ ნამუშევრების შთაგონების წყარო იყო ქართული სიტყვები, რომლებიც ერთი შეხედვით უბრალო სიტყვებია, მაგრამ რეალურად ძალიან ლამაზია და ყველა მათგანი საკუთარი ემოციის მატარებელია.”
გრაფიკულმა დიზაინერმა, რეზი კაპანაძემ ილუსტრაციები შექმნა, რომლებშიც თითოეული სიტყვისთვის დამახასიათებელი ემოცია გამოხატა:
-მე ვარ..
მე ვარ რეზი კაპანაძე, 24 წლის. თვითნასწავლი გრაფიკული დიზაინერი და ქართული ტანსაცმლის ბრენდის „PUSSPUSS COMFY ART“- ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
-რატომ ეს სფერო?
ბავშვობიდან ძალიან მიტაცებდა ყველანაირი ხელოვნება და სულ ძიებაში ვიყავი. ჩამომიყალიბდა ჩემი ხედვა და გამიჩნდა ძლიერი სურვილი, რომ ჩემი ფანტაზიისთვის რამენაირად ხორცი შემესხა.
ხატვის პირველი მცდელობა იყო უბრალო საწერი კალამი და სკოლის რვეულიდან ამოხეული შუა ფურცლები, ამის შემდეგ სხვადასხვა მცდელობები მქონდა.
საბოლოოდ, 16 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა მეგობარმა პირველი ფურცელი გამახსნევინა ფოტოშოპში და აქედან დაიწყო ჩემი ციფრულ ხელოვნებასთან ურთიერთობა.
თუ რამე იდეა მომივიდოდა ჯერ ჩემს გონებაში იქმნებოდა სკეჩები. შემდეგ იმის მიხედვით, თუ რა მჭირდებოდა ამ ყველაფრის ვიზუალში გადმოსატანად ვეძებდი ინტერნეტში სხვადასხვა ვიდეოებს, ნამუშევრებს. ასე გრძელდება დღემდე, ვაგროვებ ცოდნას ციფრული დიზაინის შესახებ.
საბოლოოდ, მივედი ამ ნამუშევრებამდე, რასაც დღეს ჩემი ტანსაცმლის დიზაინში ვიყენებ და ვცდილობ საზოგადოებას მივაწოდო არა, როგორც ტანსაცმელი არამედ, როგორც ხელოვნების ნიმუშები, რომელიც შეუძლიათ სულ თან ატარონ. აქედან გამომდინარეობს, ბრენდის სახელიც „ფუსფუსი, კომფორტული ხელოვნება“.
-რა იყო ამ ნამუშევრების შთაგონების წყარო?
ამ ნამუშევრების შთაგონების წყარო იყო ქართული სიტყვები, რომლებიც ერთი შეხედვით უბრალო სიტყვებია, მაგრამ რეალურად ძალიან ლამაზია და ყველა მათგანი საკუთარი ემოციის მატარებელია.
ამიტომ გვაქვს ამდენი სინონიმი, ზუსტად ეს ემოციაა მათ შორის განმასხვავებელი. ამასთან ერთად, ამ ყველაფრის შთაგონების წყარო იყო ჩემი უსაყვარლესი შეყვარებული, რომელიც პირველი ნახულობდა ამ ყველაფერს და ყველა ემოციას ამძაფრებდა, რაც თვითოეული ასოს მოსმაზე და ვიზუალზე აისახებოდა.
-სამუშაო პროცესი..
მქონდა სიტყვები, რომელსაც ვხმარობდი ხშირად და თან ჩემში ეს დადებით ემოციებს აღვიძებდა, ამიტომ დავიწყე მაგით. როგორც ზემოთ აღვნიშნე ყველაფერი ჯერ ჩემს გონებაში ფორმირდებოდა იდეად, მერე იქვე დაახლოებით ვიზუალს წარმოვიდგენდი და მუსიკის დახმარებით თითქოს ხელში ენერგიად ვუშვებდი ამ ყველაფერს და თავისით კეთდებოდა.
რა თქმა უნდა, პროცესში უკვე თვალწინ რომ გაქვს ვიზუალი უფრო იხვეწებოდა და საბოლოოდ მივედი იმ სახემდე, რაც დღეს თითოეულ ილუსტრაციას აქვს. ყველა სიტყვაში თითქოს ამ ყველაფერთან ერთად პირადი ისტორიები და შეგრძნებები მაქვს ჩადებული.