გზა ბიზნეს ადმინისტირებიდან ვებ დიზაინამდე…
ბიზნესის ადმინისტრირება და დიზაინი ერთი შეხედვით შეიძლება სრულიად განსხვავებული მიმართულებები ჩანდეს, თუმცა, ჩვენი კურსდამთავრებული ანი მაღრაძესთვის სწორედ მათი გაერთიანება გახდა ვებ დიზაინით დაინტერესების მთავარი მიზეზი.
როგორც ანი ამბობს, ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის დასრულების მიუხედავად, ყოველთვის იზიდავდა დიზაინი და კრეატიული სფერო. დღეს უკვე საკუთარი სავარჯიშო ტანსაცმლის ბრენდის შექმნაზეც ფიქრობს, ამიტომ ვებ დიზაინი მისთვის ამ ორი ინტერესის ბუნებრივ გადაკვეთად იქცა.
„ვებ დიზაინი აღმოჩნდა მიმართულება, სადაც ორივე სფეროს ცოდნისა და ინტერესის გამოყენება შემიძლია.“
ერთი ვორქშოფით გაჩენილი ინტერესი
ვებ დიზაინთან პირველი გადაკვეთა მის სამუშაო გამოცდილებას უკავშირდება. Touch Georgia-ში მოხალისედ მუშაობისას სხვადასხვა კონფერენციის, ლექციისა და ვორქშოფის ორგანიზებაში მონაწილეობდა და მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სპიკერებს მასპინძლობდა.
სწორედ ერთ-ერთი ასეთი ვორქშოფის დროს დაინტერესდა ვებ დიზაინით და მიხვდა, რომ ეს სფერო მისთვის საინტერესო იყო, რადგან კრეატიულობასთან ერთად მომხმარებლის ქცევის გააზრებასა და პრობლემების გადაჭრასაც მოიცავდა.
რატომ ციფრული ინდუსტრიების აკადემია?
როდესაც ვებ დიზაინის პროფესიულად შესწავლა გადაწყვიტა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო სტრუქტურირებული პროგრამა, პრაქტიკული მიდგომა და ისეთი სასწავლო გარემო, რომელიც რეალურ სამუშაო პროცესთან მაქსიმალურად ახლოს იქნებოდა.
სწორედ ამ მოლოდინებით აირჩია ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ვებ დიზაინის კურსი.
მისი თქმით, კურსზე თეორიული და პრაქტიკული ნაწილი ერთმანეთთან კარგად იყო დაბალანსებული, რაც მიღებული ცოდნის რეალურ პროექტში გამოყენებაში დაეხმარა.
დიზაინი მხოლოდ „ლამაზი ვიზუალი“ არ არის
კურსის განმავლობაში, დიზაინერული აზროვნების ჩამოყალიბებაზე ბევრი იმუშავა.
თუ მანამდე დიზაინს ძირითადად ვიზუალურ მხარეს უკავშირებდა, ახლა მას ხედავს როგორც პროცესს, რომელიც მომხმარებლის საჭიროებების, ქცევისა და გამოცდილების გააზრებით იწყება.
„კარგი დიზაინი მხოლოდ ლამაზი ვიზუალის შექმნას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია, გაიგო, ვისთვის ქმნი და რა პრობლემას აგვარებ.“
ლექტორის როლი სწავლის პროცესში
მისი ლექტორი ლაშა მურადაშვილი იყო.
ანის თქმით, განსაკუთრებით მოეწონა ლექტორის ახსნის სტილი… სხვადასხვა თემას მარტივად და გასაგებად გადმოსცემდა, პრაქტიკულ ნაწილს კი ლექციებზე დიდი ყურადღება ეთმობოდა.
დეტალური უკუკავშირი და კონკრეტული რჩევები სტუდენტებს საკუთარი პროექტების გაუმჯობესებაში ეხმარებოდა და კურსს უფრო მეტად პრაქტიკულ გამოცდილებად აქცევდა.
ფინალური პროექტი და საკუთარი ბრენდი 808
კურსის ფინალური პროექტისთვის ანიმ საკუთარი სავარჯიშო ტანსაცმლის ბრენდისთვის ვებსაიტი შექმნა.
808 იოგასა და პილატესზე ორიენტირებულ სავარჯიშო ტანსაცმელს აერთიანებს. ამიტომ ვებ დიზაინის კურსი მისთვის შესაძლებლობა გახდა, სასწავლო პროექტი რეალურ სამომავლო იდეასთან დაეკავშირებინა.
ვებსაიტის შექმნისას მთავარი მიზანი იყო გამოცდილება ყოფილიყო მარტივი, ინტუიციური და მომხმარებლისთვის კომფორტული. დიზაინის პროცესში საკუთარ გამოცდილებასაც დაეყრდნო, გაითვალისწინა, როგორ ურჩევნია ინფორმაციის მიღება, პროდუქტის შერჩევა და შეძენის პროცესის გავლა.
საბოლოოდ, პროექტში შეეცადა გაეერთიანებინა ბრენდის ვიზუალური ხასიათი და მომხმარებლისთვის შეექმნა სასიამოვნო გამოცდილება.
რას ურჩევდა დამწყებ დიზაინერებს?
მისი რჩევა მარტივია: არ დაელოდონ იმ მომენტს, როცა ყველაფერი იდეალურად ეცოდინებათ.
მთავარია, დაიწყო კეთება, დაუშვა შეცდომები, მიიღო უკუკავშირი და ისევ სცადო.“
მისი აზრით, დამწყები დიზაინერებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე არ კონცენტრირდნენ და ყოველთვის დასვან ორი კითხვა:
ვისთვის ვქმნი?
რა პრობლემას ვაგვარებ?