Academy logo
Academy logo
,,გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის" ანუ,  როგორ პოულობს ქოფირაითერი მთავარ სათქმელს?

,,გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის" ანუ, როგორ პოულობს ქოფირაითერი მთავარ სათქმელს?

13 ოქტ. 2026

           იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ყავის მაღაზია. მისი სახელი ამ ამბავში არც ისე მნიშვნელოვანი დეტალია. მთავარი ისაა, თუ როგორ გადაჭრა კაფეს მფლობელმა საკმაოდ რთული ამოცანა, როგორ დააჯერა ყველა გამვლელს ერთი პატარა და მარტივი წინადადებით, რომ მაინცდამაინც მისი ყავა აერჩიათ, როცა ირგვლივ უამრავი სხვა არჩევანი იყო. 


            პირველი ვერსია მარტივი იყო, ყველაზე პოპულარული და ბანალური გამოსავალი: „The best coffee you've ever tasted“(საუკეთესო ყავა, რომელიც ოდესმე გაგისინჯავს). თითქოს სათქმელს ამბობდა, მაგრამ სინამდვილეში ზედმეტად ბევრს ჰპირდებოდა მომხმარებელს, ნაკლებად იყო გულწრფელი, არაფრით გამოირჩეოდა მსგავსი ფრაზებისგან და არაფერს ამტკიცებდა. 

         

            ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, ტექსტი შეამცირეს… მიღებული კი ასე ჟღერდა: „The best coffee“(საუკეთესო ყავა). მართალია, ტექსტი შემოკლდა, თუმცა პრობლემა არსად წასულა, „საუკეთესო,“ მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარი თავის შეფასება იყო, მომხმარებელს კი არ ჰქონდა არცერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა დაეჯერებინა მათი.


            ტექსტზე კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და ამჯერად „საუკეთესო“ გააკონკრეტულეს: „Better than Starbucks“ („Starbucks-ზე უკეთესი“). აქ უკვე გაჩნდა შედარების ობიექტი, რომელიც მომხმარებლისთვის ნაცნობი იყო და ფრაზაც გაცილებით გამორჩეულად ჟღერდა. თუმცა ერთი პრობლემა ისევ იყო, რატომ უნდა დაეჯერებინა ვინმეს, რომ ეს პატარა კაფე მართლაც Starbucks-ზე უკეთეს ყავას ამზადებდა? 


            აქ უკვე მიხვდნენ, რომ მხოლოდ მტკიცება საკმარისი აღარ იყო, მომხმარებელს თავად უნდა შეემოწმებინა, რამდენად მართალი იყო ეს დაპირება. ასე გაჩნდა შემდეგი ვერსია: „FREE TASTE TEST – Are we better than Starbucks?“ ანუ, „უფასოდ გასინჯე და თავად გადაწყვიტე, ვართ თუ არა Starbucks-ზე უკეთესი.“

            ახლა ქოფი უბრალოდ ლამაზი, მოკლე ფრაზა აღარ იყო. ის უკვე მომხმარებელს მოქმედებაში რთავდა, დაპირებას გამოცდილებად აქცევდა და არჩევანის უფლებას თავად მას უტოვებდა. სწორედ ამიტომ ეს ვერსია წინა ტექსტებზე ბევრად უფრო დამაჯერებელი იყო. 

            ამ მაგალითში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კარგი ქოფირაითინგი ყოველთვის ტექსტის „გალამაზებას“ ან „შევსებას“ არ ნიშნავს. ხშირად პირიქით, საჭიროა ზედმეტი სიტყვების, ზოგადი დაპირებებისა და არაფრისმთქმელი შეფასებების მოშორება.

           ქოფირაითერის ამოცანაა იპოვოს პასუხი კითხვაზე: რა არის ის ერთი რამ, რაც მომხმარებლისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია? ზოგჯერ ეს პროდუქტის უპირატესობაა, ზოგჯერ კონკრეტული პრობლემა, ზოგჯერ კი შეთავაზების ისეთი ფორმა, რომელიც ადამიანს თავად აძლევს შესაძლებლობას, დარწმუნდეს ბრენდის დაპირებაში.

          ასე რომ, ხშირად კარგი ტექსტის წერისას ის კი არაა მნიშვნელოვანი, რა დაწერე, არამედ ის - რა წაშალე.

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ქოფირაითინგის კურსი დაგეხმარებათ, პრაქტიკაში აითვისოთ ტექსტზე მუშაობის პრინციპები, ისწავლოთ საჭირო ინსაითების აღმოჩენა, ძლიერი მესიჯების შექმნა და ბრენდის იმ ენაზე ალაპარაკება, რომელიც აუდიტორიისთვის გასაგები და დამაჯერებელია.