როდესაც ხელოვნება, მუსიკა და ციფრული ტექნოლოგიები ერთმანეთს ეკვეთება, სრულიად ახალი შემოქმედებითი შესაძლებლობები იბადება.
გაიცანით ნინი იკაშვილი - პროფესიონალი კალიგრაფი და პიანისტი, რომელმაც გადაწყვიტა, საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრებისთვის ციფრული სიცოცხლე მიენიჭებინა. მან გრაფიკული დიზაინის კურსი წარმატებით დაასრულა და ქაღალდზე შესრულებული იდეები დახვეწილ ციფრულ ვიზუალურ ენად გარდაქმნა.
ინტერვიუში ნინი გვიზიარებს თავის გამოცდილებას, კალიგრაფიიდან გრაფიკულ დიზაინში გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო შემოქმედებით გეგმებს.
თუ შენც გინდა გაიარო ეს გზა, აითვისო თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტები და გახდე გრაფიკული დიზაინერი, დარეგისტრირდი კურსზე!
1. გაიხსენე, როგორ მიხვედი გადაწყვეტილებამდე, რომ ეს კურსი დაგეწყო? რა იყო შენი მთავარი მიზანი?
კალიგრაფი ვარ და ყოველთვის მქონდა სურვილი, ჩემი ნამუშევრები მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩენილიყო და მათი გაციფრულებაც თავად შემძლებოდა.
მაგალითად, როცა ღვინის ეტიკეტებისთვის კალიგრაფიულ წარწერებს ვქმნიდი, მხოლოდ ნაწერის მიწოდება შემეძლო, მისი ციფრულად დამუშავება და სრულ დიზაინად ქცევა კი დიზაინერის დახმარებას მოითხოვდა. სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც გრაფიკული დიზაინის სწავლა გადავწყვიტე. მინდოდა ჩემი კალიგრაფიით დამოუკიდებლად შემექმნა ეტიკეტები, პოსტერები და აფიშები. განსაკუთრებით მაინტერესებს თეატრისა და მუსიკის თემაზე მუშაობა, რადგან მიზიდავს, როგორ შეიძლება იდეის ტიპოგრაფიითა და ვიზუალური ენით გადმოცემა.
2. კურსის დაწყებამდე და კურსის დასრულების შემდეგ - ვინ ხარ დღეს და რა შეცვალა აკადემიამ შენს ყოველდღიურობაში ან კარიერულ ხედვაში?
კურსამდე ვიცოდი, როგორი ვიზუალური შედეგი მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მიმეღწია მისთვის ციფრულ სივრცეში. ახლა უკვე ბევრად უფრო თავდაჯერებულად შემიძლია ჩემი იდეა თავად ვაქციო ვიზუალურ ნამუშევრად.
აკადემიამ დამანახა, რომ ის, რაც თავიდან რთული გეჩვენება, ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლითა და ბევრი ცდით სრულიად შესაძლებელია. დღეს უფრო თამამად ვფიქრობ საკუთარ იდეებზე. პიანისტის განათლება მაქვს და ახლა უკვე ვფიქრობ, როგორ დავუკავშირო მუსიკალური გამოცდილება კალიგრაფიასა და დიზაინს ვიზუალურ პროექტებში.
3. რა იყო შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი სწავლის პერიოდში?
ყველაზე დასამახსოვრებელი ის პროცესი და გარემო იყო, რომელშიც ვსწავლობდით. ჩვენი მენტორი, ანა, ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გაეცა - თუნდაც ასჯერ.
ასევე, განსაკუთრებით მახსოვს ის მომენტები, როცა ახალი, ცარიელი არტბორდის წინაშე აღმოჩნდები, ჯერ არც კომპოზიცია იცი, არც ზომები და ცოტა გეშინია. თუმცა, როცა პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ გადიხარ, ხვდები, რომ ამის გაკეთება შენც შეგიძლია. ახლაც კი, როცა ჩემს საფინალო ნამუშევრებს ვუყურებ, არ მჯერა, რომ ეს მე გავაკეთე.
4. კურსი დასრულდა, რა არის შენი შემდეგი მიზანი ან ნაბიჯი?
ჩემი შემდეგი მიზანი კალიგრაფიის კიდევ უფრო განვითარება და გრაფიკული დიზაინის ცოდნის ამ პროცესში აქტიურად გამოყენებაა.
მინდა, შევქმნა ნამუშევრები, სადაც კალიგრაფია მხოლოდ წარწერა არ იქნება და უფრო ფართო ვიზუალური ენის ნაწილი გახდება - პოსტერები, თეატრის აფიშები, ღვინის ეტიკეტები, ლოგოები თუ სხვადასხვა სახელოვნებო პროექტი.
განსაკუთრებით მაინტერესებს პოსტერების შექმნა და ვფიქრობ, რომ აქ მუსიკის, თეატრისა და კალიგრაფიის გამოცდილება საინტერესო მიმართულებებს მომცემს. ახლა უკვე მაქვს შესაძლებლობა, ის იდეები, რომლებსაც აქამდე ხელით ვქმნიდი ან მხოლოდ წარმოვიდგენდი, ციფრულადაც თავად განვახორციელო.