გაიცანი შენი მომავალი მენტორი ახლოს – თემო ბარათაშვილი
თარიღი: 27 May, 2024
ამ სტატიაში “საქართველოს ბანკის” მობილური აპლიკაციის ციფრული პროდუქტის დიზაინერი და UI/UX დიზაინის მენტორი თემო ბარათაშვილი უნდა გაგაცნო.
მოდი, უცებ თვალი გადავავლოთ თემოს კარიერულ გზას:
- 2016 – ისწავლა UI/UX დიზაინი
- 2016 – 2020 – ლემონდუ – დიზაინერი
- 2020 – დღეს – საქართველოს ბანკი – მობაილ ბანკის დიზაინერი
- ინდივიდუალური პროექტები: logopedia.ge, Design Mornings
- მის პორტფოლიოში შეხვდებით შემდეგ ბრენდებს: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ორი ნაბიჯი, tkt.ge, ss.ge, domenebi.ge, myhome.ge, Wendy’s & Dunkin, Caru.ge
რა თქმა უნდა, ტრადიციული შეკითხვით უნდა დავიწყო…
– რის გარეშე არ იწყებ მუშაობას არასდროს?
კონკრეტული ამოცანის ცოდნის გარეშე. ყველა მონაცემი თუ არ ვიცი, არ ვიწყებ მუშაობას იმიტომ, რომ შეიძლება მერე ბევრი რაღაც შეიცვალოს.
თემო 2016 წლიდან დიზაინერია, მაგრამ დამაინტერესა, დიზაინერი რომ არა, რა იქნებოდა-მეთქი.
– დიზაინერი რომ არა, რა იქნებოდი?
არ ვიცი… მაგაზე პანდემიის დროს ვიფიქრე პირველად. ინტერნეტი რო გაითიშოს ყველგან, რას გავაკეთებდი, სად ვიმუშავებდი. და ჩემი ბიძაშვილი გამახსენდა, რომელიც ბალიზე წავიდა საცხოვრებლად და მანდ ცეკვის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მეც ალბათ რაღაც ეგეთს გავაკეთებდი, რაც საერთოდ არ იქნებოდა კავშირში ინტერნეტთან, რაღაც ფიზიკურს.
აჰა ესე იგი, თუ UI/UX დიზაინის სწავლა გინდათ თემოსთან მოდიხართ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში და თუ ცეკვის – თემოს ბიძაშვილთან, ბალიზე.
– ჰო, ძალიან ბევრი დიზაინი არსებობს და რატომ მაინცდამაინც UI/UX დიზაინი?
არ ვიცი, ეგრე მოხდა.
უხ, რა ამომწურავი პასუხია! ამაზე პასუხი კურსს თუ გაივლით, თქვენ გაარკვიეთ, მე არ მპასუხობს აშკარად…
კარგი, გავაგრძელოთ.
თემოს, ადამიანს, რომელიც თავის სახლში დილის 6-7 და სტუმრებთან დილის 5-6 საათზე იღვიძებს, ოდესღაც ჰქონდა ეგეთი პროექტი – “Design Mornings”, სადაც გაღვიძებიდან 2 საათში ანუ დილის 9 საათზე ატარებდა UI/UX დიზაინის ონლაინ გაკვეთილებს. ჰოდა, მე, ადამიანს, რომელიც მაღვიძარამ თუ არ დაურეკა, კარგ შემთხვევაში 12 საათზე იღვიძებს, დამაინტერესა…
– 9-ზე ადგომა არ გეზარებოდა?
არა. მაგის მუღამი ეგ იყო, რომ თუ გინდა რაღაცის სწავლა, 9 საათზე ადგომა არ დაგეზარება. ეს 9 საათი ერთგვარი ფილტრიც იყო იმიტომ, რომ ვისაც უნდა რეალურად სწავლა, ადგება, გაიღვიძებს და დაესწრება გაკვეთილს.
აჰა, ანუ მე რო რაღაცის სწავლა მაგრად მინდოდეს, მეც კი ავდგებოდი დილის 9-ზე. ჰმმ, გასაგებია…
ახლა უფრო პროფესიონალურ კითხვებზე უნდა გადავიდე, მაგალითად…
– რა რჩევას მისცემდი შენს თავს კარიერის დასაწყისში?
ჩემს თავს ვეტყოდი, რომ თავიდანვე იფიქრე საერთაშორისო ბაზარზე და მარტო საქართველოს ბაზარზე ნუ იქნები ორიენტირებული-მეთქი. ამდენი წელია უკვე ამ სფეროში ვმუშაობ და ვიცი, სამსახური რომ დავკარგო, გარანტირებული მაქვს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ნაცნობობით მაინც ვიშოვი რაღაც შეკვეთებს. მაგის გარანტია კიდე არ მაქვს საერთაშორისო ბაზარზე, არადა თავიდანვე რო დამეწყო მაგაზე ფიქრი, იქაც მექნებოდა კონტაქტები.
კონტაქტები ძალიან, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს რჩევა მიიღეთ თქვენი მომავალი მენტორისგან.
სხვა რჩევებსაც გამოვართმევ, თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, აი, მაგალითად…
– რა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც საიტის/აპლიკაციის დიზაინის გაკეთებისას უშვებენ?
საიტის დიზაინის გაკეთებისას იწყებენ დესკტოპის დიზაინის გაკეთებას და მობილურზე არ ფიქრობენ ხოლმე.
აი კიდევ ერთი რჩევა – ყოველთვის იფიქრეთ მობილურის დიზაინზეც!
მგონი ამის ცოდნაც გამოგადგებათ:
– რამე ღილაკი თუ არის რომელიც საიტზე/აპლიკაციაში აუცილებლად ერთ კონკრეტულ ადგილას უნდა იყოს?
არა. პირველი თავში ნავიგაცია კი მომდის, აპლიკაციებში ნავიგაცია ყოველთვის ზემოთ და “Back”-ის ღილაკი ყოველთვის ზემოთ და მარცხნივ რო გვაქვს, მაგრამ რო აიღო აპლიკაციები, რომლებიც ორიენტირებულია არაბულ ქვეყნებზე და იმ ენოვან მომხმარებლებზე, რომლებიც მარჯვნიდან მარცხნივ წერენ და არა – მარცხნიდან მარჯვნივ, იქ პირიქით არის ყველაფერი გადმოტრიალებული. ამიტომ ეგრე კონკრეტულად ვერ ვიტყვით, რო რაღაც ღილაკი ყოველთვის ამ ადგილას უნდა იყოს.
აი ეს კიდევ ერთი ფაქტ-რჩევა.
– და რომელი საიტია/აპლიკაციაა ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი UI/UX დიზაინის მაგალითი?
ყველაზე ცუდი შეიძლება იყოს ამაზონი. იმიტომ, რომ ამაზონზე რაღაცის შეკვეთა თუ გინდა, სულ გთავაზობს ამაზონ პრაიმს, ამაზონ პრაიმს, ამაზონ პრაიმს… და შემთხვევით შეიძლება ყურსასმენების გამოწერის ნაცვლად ამაზონ პრაიმი იყიდო. ყველაზე კარგი ჯერჯერობით ალბათ Airbnb.
თემოს მომავალო სტუდენტებო, აკადემიიდან პირდაპირ ამაზონში თუ მოხვდებით, თქვენი მენტორის ხათრით ეს ამაზონ პრაიმი ამოაღებინეთ რაა…
და სულ გახსოვდეთ, იფიქრეთ საერთაშორისო ბაზარზე და ტელეფონებზე!
ავტორი: მარიამ გულედანი