თუ გინდა, წარმატებას მიაღწიო, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ თავიდან ყველაფერს ცუდად გააკეთებ!
ჩვენს სამყაროში, დაწყება ყოველთვის რომანტიკულად ჟღერს: სახლიდან მიდიხარ, უკან დასახევ გზებს ჩახერგავ, ხიდებს გადაწვავ, მთებს გადადგამ, ცხრათავიანი გველეშაპს დაამარცხებ და ეგაა, ყველაფერი დასაწყისშივე იდეალურად გამოგივა… რეალობა კი სრულიად სხვაგვარია, მთას კი არა, ნაბიჯსაც ვერ გადადგამ გარეთ გასვლისას ოდნავი სუსხი თუ იგრძენი. სუსხში კი იმ მომენტს ვგულისხმობ, როცა ხედავ, რომ პირველი დიზაინი ცუდია, პირველი ტექსტი გაუგებარია… იდეაც დაგიწუნეს და ვიდეოც ცოტათი ,,ქრინჯია”.
და ზუსტად აქ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი: უნდა იცოდე, რომ თავიდან ცუდი იქნები.
ეს თითქოს მარტივი აზრია, მაგრამ პრაქტიკაში მასთან თანაარსებობა ძალიან გვიჭირს, მითუმეტეს, როცა, გულის სიღრმეში, ყველას უზარმაზარი ეგო გვაქვს. განსაკუთრებით რთულია ახლა, როცა ყოველდღე სხვის უკვე დასრულებულ შედეგს ვხედავთ. ვხსნით Instagram-ს, Behance-ს, TikTok-ს ან LinkedIn-ს და გვხვდება იდეალურად აწყობილი პორტფოლიო, კარგად დამონტაჟებული ვიდეო, წარმატებული პროექტი, გულისამაჩუყებელი ისტორია და თითქმის არასდროს გვხვდება ის ორმოცდაათი წარუმატებელი ცდა, დამარცხება, რომელიც გამარჯვებას უძღოდა წინ. არავის აინტერესებს, რამდენჯერ დაიმტვრა ტესლა, რადგან ყველამ მხოლოდ მისი ფრენა იხილა.
რადგან მარცხს არავინ გვაჩვენებს და ყველგან მხოლოდ წარმატებაა, საკუთარ პირველ მცდელობას სხვის მეასე მცდელობას ვადარებთ, შემდეგ კი ვასკვნით, რომ ალბათ ნიჭი არ გვაქვს, ან ეს ის ადგილი არაა, სადაც უნდა ვიყოთ.
ხშირად, პრობლემა მოთმინების არქონაა.
როცა რაღაც ახალს სწავლობ, თავიდან ჯერ არ გაქვს ის ცოდნა, გამოცდილება და ხედვა, რაც საბოლოო შედეგისთვის გჭირდება. შენ შეიძლება უკვე იცოდე, როგორი უნდა იყოს კარგი ნამუშევარი, მაგრამ ჯერ არ იცოდე, როგორ შექმნა ის. სწორედ აქ ჩნდება ყველაზე უსიამოვნო ეტაპი: გემოვნებას უნარები ვერ ეწევა.
ეს ეტაპი თითქმის ყველას აქვს. დიზაინერის პირველი ვიზუალი ცუდია. ქოფირაითერს პირველ იდეას უწუნებენ და ეუბნებიან, რომ ამას ვერავინ გაიგებს. კონტენტ კრეატორის გადაღებულ პირველ ვიდეოს საკმარისი ნახვები არ აქვს.
ეს ყველაფერი ნორმალურია. უფრო მეტიც, აუცილებელიც კი.
მაგრამ… აქ გვიშლის ხელს პერფექციონიზმი. გვინდა პირველივე ნამუშევარი ,,გაფრინდეს” და სამყარომ თუ არა, მთელმა ოფისმა თვეები ილაპარაკოს შენს შესახებ.
მაგრამ პირველი ნამუშევარი საერთოდ არ უნდა იყოს კარგი. მისი ერთადერთი ფუნქციაა, რომ არსებობდეს და განვითარებაში დაგვეხმაროს.
პროგრესი თანდათან მოვა. ყოველდღიურად შეიძლება ვერც შეამჩნიო, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ძველ ნამუშევარს რომ გახსნი, სხვაობა უკვე აშკარაა.
და, დიდი ალბათობით, ცოტა შეგრცხვება, ,,დაიქრინჯები” კიდეც.
კარგია.
თუ შენს ძველ ნამუშევარს უყურებ და ფიქრობ: „ეს მართლა მე გავაკეთე?“ დიდი ალბათობით, ეს პროგრესის ნიშანია. იმიტომ, რომ დღეს უკვე ხედავ იმ შეცდომებს, რომლებსაც მაშინ ვერ ამჩნევდი. შეცვლილია შენი გემოვნება, გამოცდილება და სტანდარტი. ის, რაც რამდენიმე თვის ან წლის წინ კარგ შედეგად მიგაჩნდა, დღეს შეიძლება არასაკმარისად მოგეჩვენოს და სწორედ ეს ნიშნავს, რომ სადღაც გზაში უკეთესი გახდი, განვითარდი.
ასე რომ, როცა ახალ ნაბიჯს დგამ, ნუ მოსთხოვ საკუთარ თავს, რომ თავიდანვე იდეალური იყო. პირველი, ცუდი მცდელობები პროცესის ჩვეულებრივი ნაწილია.
მოკლედ, ზოგჯერ ყველაზე რთულად გადასალახი ბარიერი საკუთარი ეგოა, რომელზე გადასახტომადაც კარგი, ხარისხიანი ბატუტი გვჭირდება. გაგვიხარდება, თუ ამ ,,ბატუტად” ჩვენი ეს ბლოგი და სიტყვები ,,დასაწყისში ცუდი უნდა იყო” გამოგადგებათ.
რისი თქმა მინდა ამ ყველაფრით? ხშირად, სწავლის დაწყებისთანავე გვინდა, რომ ესა თუ ის საქმე კარგად გამოგვდიოდეს… რაც, საკმაოდ უსამართლო მოთხოვნაა.
თუ შენც დიდი ხანია ფიქრობ დიზაინის, მარკეტინგის, პროგრამირების, ხელოვნური ინტელექტის ან სხვა ციფრული მიმართულებით სწავლაზე, უბრალოდ ცუდად დაწყების უფლება უნდა მისცე საკუთარ თავს.
დანარჩენს აკადემიაში ისწავლი.
აირჩიე შენთვის საინტერესო კურსი, გადადგი პირველი ნაბიჯი და დაიწყე.
რადგან პროფესიონალიც ოდესღაც დამწყები იყო.
და დიახ - დასაწყისში ცუდი უნდა იყო.