fbpx
დასაქმება რედბერიში

როგორ მოვხვდი სარეკლამო სააგენტო ,,Redberry” – ში?

თარიღი: 11 March, 2021

,,მივხვდი, რომ თუკი რამე გამიკეთებია, თუკი სადმე რამე გამოცდილება მიმიღია, ყველა ჩემს გზას ქოფირაითერობამდე მივყავდი.”

დღეს მარიამ ბეროძე მოგიყვება საკუთარ ამბავს, როგორ მოხვდა სარეკლამო სააგენტოში „რედბერი“- ში.

-მე ვარ..

გამარჯობა, მე ვარ მარიამ ბეროძე, პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე/არაბისტი. ამჟამად ვმუშაობ ქოფირაითერად და ვფიქრობ, სწორედ ესაა ის საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს.

-როგორ მოხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

2020 წლის ივნისში, როცა, ჯერ კიდევ, არაბულენოვანი თარჯიმანი ვიყავი, პარალელურად, ვმუშაობდი ერთ-ერთი კომპანიისათვის.

ვინაიდან, წერა ბავშვობიდან მიყვარდა, სოციალურ ქსელშიც ხშირად ვაქვეყნებდი ჩანაწერებს. გარანტი ჯგუფის თანადამფუძნებელმა, სოსო ბერიძემ შემამჩნია და თავიანთი Facebook პოსტებისთვის ტექსტების წერა ჩამაბარა.

ერთ დღეს, მან მითხრა, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ქოფირაითინგის კურსზე მიღება ცხადდებოდა და სურდა, ჩემთვის, კომპანიისაგან, საჩუქარი გაეკეთებინა, მიზეზით – „მჯერა, ჩვენი თანამშრომლების პროფესიული განვითარება დადებითად აისახება გარანტი ჯგუფზეც“.

ასეთ ამბებს მიჩვეული არ ვართ ხოლმე, ამიტომ გამიკვირდა, თუმცა სიხარულით დავთანხმდი. ასე მოვხვდი აკადემიაში, ნინჩო ბალანჩივაძესთან და მივხვდი, რომ თუკი რამე გამიკეთებია, თუკი სადმე რამე გამოცდილება მიმიღია, ყველა ჩემს გზას ქოფირაითერობამდე მოვყავდი.

-გავიარე კურსი..

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ორი კურსი გავიარე – ქოფირაითინგისა (ლექტორი: ნინჩო ბალანჩივაძე) და სოციალური მედიის (ლექტორი: გიგი კურტანიძე).

განსაკუთრებულად საინტერესო და სასარგებლო, ჩემთვის, ნინჩოს ლექციები აღმოჩნდა, რადგან ჩემი ინტერესი, სწორედ, წერა იყო. ამ კურსმა პირველად შემაჭყიტა ქოფის წერის სამყაროში და დამანახა, რამდენად ყოველისმომცველი, ჭკვიანური და ემოციური შეიძლება იყოს ერთი პაწაწინა წინადადება.

სიტყვების უსაზღვრო ძალის ყოველთვის მჯეროდა, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ამ სიტყვებს პროდუქტის გაყიდვა, მის მიმართ სიყვარულისა და კეთილგანწყობის ან, პირიქით, აგრესიის გამოწვევა შეეძლოთ.

-ამჟამად დასაქმებული ვარ..

რედბერი

ამჟამად ვარ ქოფირაითერი, სარეკლამო სააგენტოში „რედბერი“, ციფრული კომუნიკაციისა და მარკეტინგის მიმართულებით, კრეატივის გუნდში. მეგობრულ, ჭკვიან და გამოცდილ ადამიანებთან ერთად ვმუშაობ. ვემზადები იმ გამოწვევებისთვის, რომლებსაც ეს სფერო მიმზადებს.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში?

აკადემიამ მომცა ის ფუნდამენტური ცოდნა, რომელიც დამეხმარა ჩემი უნარების განვითარებაში. სწავლამ შემძინა თავდაჯერება და გაბედულება, რომ შემესრულებინა ისეთი საქმეები, რომლებიც შესამჩნევ ადგილს დაიკავებდნენ ჩემს პორტფოლიოში.

-გამოცდილებიდან გამომდინარე ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

იპოვეთ საკუთარ თავში ის პროფესიული უნარები, რომელთა გაუმჯობესებაზეც ბევრს იმუშავებთ. არ დაიზაროთ, არ შეგეშინდეთ და არ გეგონოთ, რომ ვერაფერს მიაღწევთ. ყველაფერი პირველი ნაბიჯებით იწყება.