fbpx
ქოფირაითინგის კურსი

ქოფირაითინგის კონკურსის გამარჯვებული ნამუშევრები

თარიღი: 14 November, 2023

ქოფირაითინგის კონკურსის გამარჯვებული სამეული ცნობილია. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა დაეწერათ ამბავი მოცემულ სურათზე:

გიზიარებთ გამარჯვებულების ნამუშევრებს:

პირველი ადგილი – თაკო ტუღუში

ნოემბრის სუსხიან დილას სადგურის მოედანზე, ჩვეულებრივ, ბევრი ადამიანი ელოდა მეტროს გამოჩენას. ციფერბლატი 3 წუთს აჩვენებდა. სამი თაობის სამი ქალი კი, ერთი და იმავეს ფიქრობდა: „როცა ყველას გვეჩქარება, სამ წუთში ერთხელ უნდა მოდიოდეს?“ მეტროს მოსვლისთანავე მარიკას, ნინელისა და ანის ერთი ვაგონისა და ხელჩასაჭიდის განაწილება მოუხდა და ფიქრებიც ამოუტივტივდნენ. ასე მაგალითად, მარიკა ფიქრობდა: „რა კარგია, რომ ჩემს მანიკიურს ტუჩსაცხის ფერი შევუხამე. უეჭველად მოეწონება ლადოს.“ ნინელი ასე ფიქრობდა: „გუშინ ისწავლა ტარება ამ დალოცვილმა?!“ ანი თვლემდა და ნატრობდა: „ღმერთო, დღეს ბიოლოგიამ არ გამომკითხოს გაკვეთილი და გპირდები, აწი სულ ვიმეცადინებ… ნეტა დედა თუ დამახვედრებს შემწვარ კარტოფილს?!“ ახალი დღე იწყებოდა. მიქროდა მეტრო და მიჰქონდა ყველას ფიქრი.

მეორე ადგილი – მარიამ მესხია

„ისევ ჭყლეტა…ნეტავ რას მომკვრია ეს ქალი, ოდნავ მაინც ჩაიწიოს.“ – გაიფიქრა ქეთინომ, თან თვალი გააპარა თავისივე ხელის მეზობლად ლითონს ჩაჭიდებული მტევნისკენ. „ლაქის წასასმელად კი არა, ფრჩხილების დასაჭრელად ძლივს ვიცლი“ – თავი დანანებით გააქნია. მერამდენე ზამთარია ამ ღია ყავისფერი პალტოთი დადის, მუქი მაინც იყოს, ხშირად არ გარეცხავდა… თეთრი ქურთუკი შეამჩნია, ამ ბიჭისთვის არაერთხელ მოუკრავს თვალი. ერთსა და იმავე დროს ამოყოფენ ხოლმე თავს ბოლო ვაგონში. „ალბათ, მუშაობს. კვირას ასე ადრე სხვა მიზეზი რა უნდა ჰქონდეს…მუშაობს, ეჰ…“ – გაახსენდა სამი კაცი მუდამ უსაქმურად რომ მოელის სახლში. ფრჩხილებზე დაიხედა. „იქნებ მეც ვიყიდო წითელი ლაქი… აჰ, არა.“ „პარლამენტი“ დააბარეს. მზერით ისევ მეზობლის ხელს მიეპარა.

მესამე ადგილი – ნინო მიქაძე

მგზავრობისას, დროის სწრაფად გასაყვანად ან გასართობად, ალბათ ერთხელ მაინც ყველა დაჰკვირვებიხართ თქვენ გარშემომყოფ ადამიანებს. გიცდიათ მათი ჩაცმის სტილით, გამომეტყველებით, ხელებით, გამოგეცნოთ როგორი ადამიანია ან რა პროფესიის შეიძლება იყოს თითოეული მათგანი… სწორედ ასე იყო იმ დღესაც. სახლში ვბრუნდებოდი მეტროთი, თან ტელეფონს ,,ვსქროლავდი”  და სანახევროდ გარშემომყოფებს ვაკვირდებოდი, უმეტესად ხელებზე. ზოგს საქმისგან დაკოჟრილი, ზოგს სიბერისგან დანაოჭებული მტევნები შემოეხვიათ ძელზე. ზოგი კი, მხოლოდ იმიტომ ჰკიდებდა ხელს ძელს, რომ საგანგებოდ გაკეთებული შილაქი სხვებსაც შეენიშნათ. ამ დროს წავაწყდი რეკლამას -„შემოუერთდი კონკურსს ქოფირაითინგის კურსზე“. გამახსენდა, რომ ბავშვობაში რაღაცებს ვწერდი „ჩემთვის“…ნუთუ ეს იყო ჩემი შანსი მეცადა?! და ამ იმედს ისე ჩავეჭიდე, როგორც ტრანსპორტში სკამის ძელს ფეხზე დგომისას.