fbpx
ქოფირაითინგი

ქოფირაითინგის კონკურსი დასრულდა – გამარჯვებულების ნამუშევრები

თარიღი: 9 June, 2023

ქოფირაითინგის კონკურსი დასრულდა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს წიგნების მაღაზიის ვებგვერდისთვის უნდა დაეწერათ ვეფხისტყაოსნის აღწერა. კონკურსანტების მისია იყო, რომ შეექმნათ ისეთი ტექსტი, რომლითაც დააინტერესებდნენ მკითხველს და გაუჩენდნენ მას პოემის წაკითხვის სურვილს.

მათ ვრცელი სათქმელი, 70 სიტყვაში უნდა ეთქვათ.

პირველი ადგილის მფლობელი მონაწილე ჩვენთან ქოფირაითინგის კურსს 100, მეორე 50, ხოლო მესამე 30%-იანი დაფინანსებით გაივლის.

გიზიარებთ გამარჯვებულ სამეულს:

პირველი ადგილი – გიორგი გრიგოლია

სამეფო მყუდროება უცნობი გმირის გამოჩენით ირღვევა. გმირის ფიზიკურ სილამაზეს თან ეხამება დარდი და სევდა, რომელიც თვით არაბეთის მეფესაც არ ტოვებს გულგრილს. მეფე ვერ ახერხებს მის შეპყრობას, მაგრამ “უცხო მოყმე” საზოგადოებას საერთო კითხვების გარშემო აერთიანებს: ”როგორ არსებობს ასეთი სილამაზე და სიმამაცე ერთდროულად?”,”რაზე დარდობდა უცხო გმირი ასე?”,”როგორ დაუპირისპირდა ერთი კაცი ათეულობით ქვეშევრდომს?” – ამ და სხვა შეკითხვებს მკითხველი თანდათან გასცემს პასუხს “ვეფხისტყაოსნის” სამყაროში მოგზაურობისას და გამოცდის მთავარ გმირებთან ერთად საყვარელი ადამიანის დაკარგვის, მონატრების, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების შეგრძნებას, რაც დღესაც ასეთი მნიშვნელოვანია.

მეორე ადგილი – ანი ლომიძე

ორ ყდას შორის მოქცეული მთელი ცხოვრების სამყოფი სიბრძნე. ერთ ამბავში ჩატეული ჭეშმარიტი მეგობრობა და სიყვარული, ერთგულება და ღალატი, სიმამაცე, გონიერება და უგუნურება. აქ თქვენ შეხვდებით ადამიანის ყველა ღირსებასა თუ ნაკლოვანებას, აღმოაჩენთ პასუხს ყველა იმ მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც გაგჩენიათ ან, ჯერ არ გაგჩენიათ. გახსოვდეთ, ყველა ის ჭეშმარიტება, რომელსაც აქ ამოიკითხავთ, გაგიმარტივებთ და ამავდროულად გაგირთულებთ ცხოვრებას და ის ისეთი აღარასოდეს იქნება, როგორიც პოემის წაკითხვამდე იყო.

მესამე ადგილი – ნინო ქოქოშვილი

ნაწარმოების მთავარ გმირს სწამს, რომ როგორი დიდიც არ უნდა იყოს სამყარო, რამდენად მიუწვდომლადაც არ უნდა გეჩვენებოდეს შენი მიზანი, ღვთიური ძალა, სიყვარული ყველაფერს შესაძლებელს ხდის.

მე-12 საუკუნეში შექმნილ ამ გენიალურ პოემაში მოქმედება მრავალ განსხვავებულ და შთამბეჭდავ გარემოში მიმდინარეობს. მრავალფეროვან ფაბულაში გადმოცემულ სამეფო ცხოვრების აღწერას, საბრძოლო, უდიდესი სიმამაცის, გამომხატველ სცენებს, სასიყვარულო ეპიზოდებს, გულწრფელ დიალოგებს, მეგობრობის გამოცდასა და გამარჯვებას თან სდევს ძლიერი სიყვარული მოყვასისა, რომელსაც მიზნისკენ მიმავალ გზაზე ნებისმიერ დაბრკოლების გადალახვა შეუძლია.