fbpx
ქოფირაითინგის კურსი

ქოფირაითინგის კონკურსის გამარჯვებული ნამუშევრები

თარიღი: 12 January, 2024

ქოფირაითინგის კონკურსის გამარჯვებული სამეული ცნობილია. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა დაეწერათ განცხადება თოვლის ბაბუას სახელით. თოვლის ბაბუა საცობში მოყვა და ახალი წლის ღამე ჩამოსვლას აგვიანებდა. წერილის მიზანი იყო ბავშვებისთვის ბოდიშის მოხდა, თანაც ისე, რომ ისინი არ განაწყენებულიყვნენ.

გიზიარებთ გამარჯვებულების ნამუშევრებს:

პირველი ადგილი – ქეთი ბახტაძე

HO, HO, HO-LY CRAP!
საგანგებო განცხადება

ძვირფასო ბავშვებო და დიდებო! წელს საჩუქრებს დააგვიანდება და არ იფიქროთ, რომ ცუდად იქცეოდით! მოუსვენარმა რუდოლფმა ფეხი იღრძო, მარხილი კი ვერ გაფრინდება თორმეტივე ირმის გარეშე, ამიტომ სატვირთოთი მოგვიწია წამოსვლა. ჯერ ლაპლანდიიდანაც კი ვერ გამოვედით, ისეთი საცობია. ვშიშობ, 1-ელ იანვრამდე ვერ ჩამოვაღწევთ. ეს დღე ისტორიაში შევა, როგორც ლაპლანდიის დიდი სა(ნტ)ცობი.

თქვენთან თხოვნა მაქვს, სანამ საჩუქრებს დაგაწევთ, აჩუქეთ ერთმანეთს ჩახუტება, კომპლიმენტი, ღიმილი, უკეთესია სამივე ერთად! საჩუქარი ხომ სიყვარულის გამოხატვის ხელოვნებაა!

პ.ს რძე შემითბეთ და ორცხობილა არ შემიჭამოთ!

მეორე ადგილი – ქეთევან მაჭარაშვილი

Ho, Ho, Ho…

რაღა დაგიმალოთ და მეგონა საცივში ამოვყოფდი თავს და საცობში ამოვყავი.

ახლაც თვალწინ მიდგას მამაჩემი – სანტა კლაუს უფროსი. მაშინ რუდოლფი ახალგაზრდა იყო, საცობები არ იყო და ვიცი, არც ჩემსავით შეირცხვენდა თავს.
კარგი! სენტიმენტები იქით იყოს… 2023-ში.

გპირდებით, ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს
თუ ბალიშის ქვეშ შეყოფთ პატარა ხელს,
ნახავთ ახდენილ ოცნებებს, რომელიც ახლა მარხილში მაქვს დაბრძანებული და თქვენკენ მოვაქროლებ, მართალია ნელი სვლით, თუმცა აჩქარებული გულით.

Santa Claus is coming (trying to come) to Town!

თქვენი სანტა!

მესამე ადგილი – ვერიკო კვარაცხელია

ჰოი,ჰოი, სალამი სანტას მეგობრებს! ლაპლანდიაში შექმნილმა საცობმა შემაფერხა და ჩვენი შეხვედრა 24 საათით გადადო. ბევრი არაა ხომ? ვიცი არ გამიბრაზდებით, რადგან მეგობრები არ ბრაზდებიან ერთმანეთზე და ერთმანეთს უპირობოდ ელოდებიან. მე ხომ მთელი 8760 საათი ველოდებოდი თქვენს სურვილებს, მთელი გულით. ვიცი ისევ ისეთი სიყვარულით დამელოდებით და მე ბედნიერი ვარ, რადგან ყველა სახლში, სადაც სასწაულების სჯერათ, მე მელოდებიან ჩემი პატარა მეგობრები, და ხომ სანამ შენ ამ ტექსტს კითხულობ გახსოვდეს, რომ იმ 24 საათს საათები უკვე აკლდება და შენი მეგობარი სანტა, უფრო და უფრო, გიახლოვდება!