fbpx
ქოფირაითინგის კურსი

ქოფირაითინგის კონკურსის გამარჯვებული ნამუშევრები

თარიღი: 7 September, 2023

ქოფირაითინგის კონკურსის გამარჯვებული სამეული ცნობილია. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა დაეწერათ ამბავი შემდეგი სიტყვების გამოყენებით:

ჩურჩული, ცეკვა, გალაქტიკა, ანბანი, ფანჯარა, ღვეზელი, სამოთხე, მათემატიკა, საათი, სტუმარი, ძილი, უთო, პირველი, სანაძლეო, ზარი.

მათ სათქმელი მხოლოდ 100 სიტყვაში უნდა ჩაეტიათ.

გიზიარებთ გამარჯვებულების ნამუშევრებს:

პირველი ადგილი – იოსებ თეთრაძე

“ძილი არ მიჰკარებია თვალებს მძიმე. თუმც მამლის პირველ ყივილამდე ორიოდე საათი რჩება. ფანჯრის რაფაზე შემოდგმული ნახშირის უთო წააგავს ხომალდს, რომლის სტუმრებიც გალაქტიკის უკიდეგანო სივრცეებში მოგზაურობენ.
მოხუცი ადგა. უხმოდ მოჩხრიკა ბუხარში მინავლებული ნაკვერჩხალი. ცივი წყლით დაბანილი პირი, ჩურჩულით ნათქვამი ლოცვა, წუხანდელი ღვეზელი, ჩაი….
მალე უკან მოიტოვა სკოლა, ნეკერჩხლის ტოტზე უძრავად დაკიდებული ზარი. არადა, ერთ დროს….. ჟრიამული, პირველი წიგნი, დედაენა… ვერაფერი მოუხერხა ანბანის ბოლოს. მათემატიკა უყვარდა, მაგრამ ობოლი და-ძმის პატრონობა ერგო ადრევე.
აი, ამ ტბასთან მოგებული სანაძლეო, რომ ხელშეკრული გაცურავდა გაღმა ნაპირზე. როგორი ამაყი იყო მაშინ.
მივიდა. თვალი მიაპყრო შავი ქვიდან მომზირალ სახეს მოლოდინით, რომ სამოთხის ბაღში შეასრულონ პირველი ცეკვა.”

მეორე ადგილი – ეკატერინე კავთუაშვილი

“კვირას მეგობარმა ღვეზელებზე დამპატიჟა. მივედი. იქ კიდევ უამრავი სასუსნავი დამხვდა… მოვილხინე, ვიცეკვე. მეგობარმა ქეიფი სად გაგონილა უსასრულოდვე? არ ვარ დიდი მსმელი, მაგრამ რა მექნა?! ოღონდ 5 ჭიქაზე მეტს ვერ დავლევ მეთქი, კარგიო… მოდი სანაძლეო დავდოთ – თუ ჩემზე ადრე დაგეძინა, ხვალ აქაურობას დაალაგებო. დავთანხმდი. დავიწყეთ სმა… სადღეგრძელოები რომ შემოგველია, ანბანის მიხედვით გავაგრძელეთ გამოგონება… შევთვერი…მივედი ფანჯარასთან, გადავიხედე, სამოთხეა, ისე ვარ, მთელი გალაქტიკა ჩემი მგონია. ჩავფიქრდი…ზარია კარზე, ახლა რაღა დროს სტუმარია მეთქი, გავიფიქრე… უცებ მესმის ჩურჩული, შუადღის პირველი საათია და ისევ სძინავსო. გამოვფხიზლდი. ფანჯრის რაფაზე მძინებია. მეგობარს უთო ეჭირა ხელში და ეშმაკურად იღიმოდა…ეჰ, მესწავლა კარგად მათემატიკა, სანაძლეოს ხომ აღარ წავაგებდი?!”

მესამე ადგილი – ანა ელბაქიძე

“ფეხშიშველი მივაბიჯებ ქვებზე, რომლებიც უთოს ზედაპირივით ცხელია. უეცრად ზურგზე შეხება ვიგრძენი. შევტრიალდი. პატარა პრინცს ცალ ხელში ბატკნის ნახატი ეჭირა, მეორეში – ქაღალდი, რომელზეც ანბანის ასოები მიმოფანტულიყო. გამიღიმა და ჩურჩულით მითხრა: “მე სტუმარი ვარ სხვა გალაქტიკიდან, Asteroid B-612. მოდი, სანაძლეო დავდოთ, აი იქ, სამოთხის კიბემდე, პირველი თუ მიირბენ, ამ ნახატს გაჩუქებ და ჩემს პლანეტაზეც წაგიყვან“- დავთანხმდი… ბოლოს კი სევდიანი  ვუყურებდი, როგორ მირბოდა ქათქათა ღრუბლებზე, მერე პატარა ფანჯარაში შეხტა, ხელი დამიქნია და ცეკვით გააგრძელა გზა.

 უეცრად ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, მეგობრები სულ მეუბნებიან, ძილშიც  შენსავით უცნაურ სიზმრებს ხედავო… საათს დავხედე, სასწრაფოდ შევჭამე ნათელა  ბებიას მომზადებული კარტოფილის ღვეზელი და გავიქეცი მათემატიკის მოსაწყენ გაკვეთილზე.”