ქოფირაითინგის კონკურსის გამარჯვებული ნამუშევრები
თარიღი: 9 August, 2023
ქოფირაითინგის კონკურსის გამარჯვებული სამეული ცნობილია. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა დაეწერათ ამბავი, რომელიც შესაძლოა ასახავდეს ედვარდ მუნკის კივილს. მათ სათქმელი მხოლოდ 100 სიტყვაში უნდა ჩაეტიათ.
ნახატი
გიზიარებთ გამარჯვებულ ნამუშევრებს:
პირველი ადგილი – ლიზა მჭედლიძე
ორშაბათი დილა იყო, ზამთარი, მზე ჯერ კიდევ არ ამოსულიყო. ალბათ ყველას გვქონია ისეთი მომენტი, როდესაც არც საჭმელია მზად, არც ტანსაცმელი გაუთავებელი და სამსახურში გვაგვიანდება. სურათზე გამოსახული ადამიანი გიორგია. მისი აზრით ყველაფერს ასწრებს. გაიღვიძა, მოწესრიგდა, საუზმეც გაიმზადა, შეჭამა, პერანგიც გააუთოვა. მიუსწრო ავტობუსსაც, რომელიც ნახევრად ცარიელი იყო. კაფეში მისი საყვარელი კრუასანი დახვდა, ყავაც იყიდა, ამინდიც მშვენიერი იდგა. რა ტკბილად ერწყმოდა მდინარის დინებისა და ჩიტების ხმა ერთმანეთს. რა ბედნიერი დილა გაუთენდა, არა? ხიდზე გადასვლისას თვითკმაყოფილ გიორგის გაახსენდა, 1 საათის წინ, სახლიდან გამოსვლისას, უთო ჩართული დარჩა. შეშფოთებულმა გიორგიმ იმ წამსვე სახლისკენ მოკურცხლა.
მეორე ადგილი – თორნიკე გაბლიშვილი
ფლეტჩერის მებორნე, პატრიოტი ვეტერანი ჰენრი დოილი, იაფფასიანი ბურბონით შემთვრალი, ნავსაყუდელი ფიცრულზე მიაბიჯებდა, როდესაც, ორი კარგად გამოწყობილი ჯენტლმენის დაძაბული დიალოგი შემოესმა:
– ბუთი ვერაფერს იზამს!
– ბუთი ყველაფერს იზამს! გეყოს წუწუნი! სიცოცხლე გადადო. სიკვდილზე მიდის. შენ კი სჯობს სმას შეეშვა.
– ხელი გადამწყვეტ მომენტში არასდროს მიკანკალებს პაუელ!
– ჰოდა, შენი პარტია შეასრულე და დაიჯერე, დღეს, ემანსიპატორი მოკვდება!
– ამინ!
მოსმენილისგან დაშოკილ ჰენრის შემოეფანტა ბახუსი. აღელვებული სანაპიროზე უჩუმრად ამოხტა და სვლა ხიდისაკენ განაგრძო, რა დროსაც, წყეული სათლი გაუწყდა და ქვაფენილზე გასრიალდა. ჰენრი გაშეშდა. ხელები სახეზე წაივლო, ერთ ჩასუნთქვაში შეჰკივლა და ზურგში ტყვიით სული განუტევა.
მკვლელები, შეთქმული ლუის პაუელი და დევიდ ჰეროლდი გახლდნენ. იმ ღამეს მოკლეს აბრაამ ლინკოლნიც.
მესამე ადგილი – ქეთევა კოდელაშვილი
შვებულების კიდევ ერთი ბედნიერი დილა გათენდა. ჩიტების ჭიკჭიკმა და სახეზე მოლამუნე მზის სხივებმა გამომაღვიძა, რომელიც სარკმლიდან შემოდიოდა და პირდაპირ ჩემს ბალიშს ეცემოდა. ცოტახანს კიდევ ვინებივრე და ნაშუადღევს ბუნებაში სასეირნოდ წასვლა გადავწყვიტე.
ყველაფერი მაშინ დაიწყო…
ცამდე აწოწილ მთებს შორის, რაღაც საშინელი, თავზარდამცემი ზრიალი გაისმა…
ჩემს მეგობართან ერთად ხიდზე ვიდექი, როდესაც დავინახე, როგორ გააპო უზარმაზარმა მასამ მთებს შორის ადგილი და ჩვენკენ წამოვიდა…
პანიკა…
კივილი…
გავრბოდით… წამით უკან მივიხედე და დავინახე მეგობრის სასოწარკვეთილი, განადგურებული სახე. მას შემდეგ, კოშმარივით მელანდება მისი შემაშფოთებელი გამომეტყველება, რომელშიც, რაღაც გარდაუვალის, სიკვდილის შიში იკითხებოდა…
ყველაფერი ბუნდოვანი იყო… შემაძრწუნებელი ქაოსი…
გაუგებრობა…
ჰაერი გაჟღენთილი იყო სიკვდილის აუტანელი “სურნელით”…
ყველაფერი წამიერად მოხდა…
რაჭა, შოვი
03/08/2023