ქოფირაითინგის კონკურსი დასრულდა – გამარჯვებულების ნამუშევრები
თარიღი: 10 March, 2023
ქოფირაითინგის კონკურსი დასრულდა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს მოცემული კადრი უნდა ,,გაეცოცხლებინათ”. უფრო ზუსტად, მათ უნდა დაეწერათ ისტორია, რომელსაც შესაძლოა ეს სურათი ასახავდეს.
პირველი ადგილის მფლობელი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ქოფირაითინგის კურსს 100%, მეორე 50%, მესამე კი 30%-იანი ფასდაკლებით გაივლის.
გიზიარებთ გამარჯვებულების ნამუშევრებს:
პირველი ადგილი – ნინო გოგოძე
,,უბანში ყველამ იცოდა, რომ დიმა ღარიბი იყო. მამამისს კორპუსის ქვეშ სახელოსნო ჰქონდა. დედა ყოველთვის მეუბნებოდა: ,,თუ არ ისწავლი, შენც დიმას მამასავით იქნებიო!“
აგვისტო იყო. ეზოში ნაყინი ჩამოატარეს და ძალიან მოგვინდა. ფული არ გვქონდა. გადავწყვიტეთ ლიმონათები დაგვემზადებინა და გაგვეყიდა.
მე სახლიდან თერმოსი ჩამოვიტანე, ლუკამ ვაშლები, ეკამ კი მუყაოს ყუთისგან დამზადებული ჭიქა და საწრუპი. მთელს კორპუსში ჩამოვატარეთ და არავის მოეწონა. დაბლა რომ ჩავედით დიმას მამამ გვითხრა: ,,მწყურია და მთლიანად ვიყიდიო.“
ძალიან ბევრი ნაყინი მოგვივიდა იმ ფულით. დიმას ერთი ცალიც არ უჭამია.
ამ დღის შემდეგ დედა, რომ მეუბნებოდა შენც დიმას მამასავით იქნებიო მიხაროდა. მარტო მე კი არა, ყველას.“
მეორე ადგილი – ეთო კავლელაშვილი
,,ჭუჭყიანი მაისურის ნაცვლად სმოკინგი მეცვა, ნაგავსაყრელზე ნაპოვნი თუნუქის ჭიქის ნაცვლად ნიშნობის ბეჭედი მეჭირა. მან მითხრა, რომ ეს დღე არასდროს დაავიწყდებოდა, მაგრამ ის დღე აღმოჩნდა, როცა ყველაფერი დაავიწყდა…
ბუტაფორიად ქცეულმა შუქნიშანმა მძღოლის ყურადღება ვერ მიიქცია…
ჰიპოკამპი დაუზიანდა, მეხსიერებაზე პასუხისმგებელი ნაწილი. ძვირიანი ოპერაციის შედეგად გადარჩებოდა, მაგრამ ვეღარასდროს გამიხსენებდა.
რაც მებადა, ყველაფერი გავყიდე. უნდა ეცოცხლა, თუნდაც უჩემოდ. უსახლკაროდ დარჩენილმა თავი ძველ ფიცრულს შევაფარე. ერთ დღეს ფიცრულის სარკმლიდან თვალი ნაცნობ სახეს მოვკარი, ის იყო. ჩემკენ იყურებოდა, ხელს მიქნევდა და იღიმოდა. ნუთუ გავახსენდი? – თვალები იმედისა და სიამაყის ღიმილნარევი ცრემლით ამევსო. მისკენ გავეშურე, მაგრამ… გზა ერთმა კაცმა გადაკვეთა, მას მიუახლოვდა და ჩაეხუტა. ვერა, ვერ გამიხსენა.“
მესამე ადგილი – გვანცა მოწონელიძე
ფოტოზე ჩემი მეგობარია, ნიკო. ეს სურათი უკვე 12 წელია ჩემს ალბომში ინახება.
ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, მე და ნიკო სახელოსნოში ვიყავით და ვსაუბრობდით, სწორედ ამ დროს ანა მოვიდა, ნიკოს შეყვარებული. ისინი მარტო დავტოვე და მე ჩემი პატარა ფოტოაპარატით გარეთ გავედი. ფოტოების გადაღება ოდითგანვე ჩემი ჰობი იყო და აპარატს სულ თან ვატარებდი. 20 წუთში დავბრუნდი, მინდოდა შეყვარებული წყვილისთვის გადამეღო, მაგრამ ნიკო მარტო დამხვდა. მეც წამიერად ეს კადრი და ნიკოს უსასრულობაში დაკარგული თვალები დავიჭირე. ხმა არ ამოუღია, ჩაი დაისხა, მიბრუნდა და ხელსაწყოების დალაგება დაიწყო. ვერაფრით მივხვდი რა იყო მისი სევდიანი თვალებისა და ნაღვლიანი ღიმილის მიზეზი, მანამ, სანამ ერთი თვის შემდეგ ანას დანიშვნის ამბავი არ გავიგე. მშობლებმა კარგი ბიჭი გააცნეს, შეძლებული ოჯახიდან, იმ დღეს კი მის მშრომელ, მაგრამ ღარიბ შეყვარებულთან დასამშვიდობებლად მოვიდა…
ეს ფოტო ნიკოსთვის არასოდეს მიჩვენებია, მე კი რამდენჯერაც შევხედავ, მისი თვალები ყოველთვის მახსენებს ამ ცხოვრების უსამართლობას და ღალატით გამოწვეულ ტკივილს… ჰო, მართლა, ნიკოს ოჯახი დღემდე არ შეუქმნია..