ჩვენი სტუდენტისა და UI/UX დიზაინის კონკურსის გამარჯვებულის ინოლა ფოჩხუას ფინალური პროექტი
თარიღი: 18 April, 2024
გიზიარებთ ჩვენი სტუდენტის ინოლა ფოჩხუას ფინალურ პროექტს, რომელმაც ჩვენს კონკურსში გაიმარჯვა და 100%-იანი დაფინანსებით გაიარა UI/UX დიზაინის კურსი. 14 ვორქშოფის შემდეგ კი “ემპლუსის” რედიზაინი გააკეთა.
სალამი, მე ვარ ინოლა 37 წლის. წლები ვმუშაობდი ციფრულ ინდუსტრიაში – ფრონტ ენდ დეველოპერად ციფრულ სააგენტოში “რედბერი”. Რატომ გადავწყვიტე პროფესიის შეცვლა? რატომაც არა! ყოველთვის მაინტერესებდა UI/UX დიზაინი ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც მას ვებ-დიზაინი ერქვა და ფოტოშოპში აწყობდნენ ვებგვერდებს. მანამდე კი პრეისტორიულ დროს, როდესაც ინტერნეტს მოდემით ვუკავშირდებოდით საათობით ვიჯექი ფოტოშოპთან. ჩემი პირველი ინტერნშიფი მეგობრების კომპანიაში სწორედ ვებ-დიზაინის მიმართულებით იყო, თუმცა შემდეგ გზად პროგრამირების მიმართულებით გადავუხვიე. იქაც ვცდილობდი pixel-perfect ამეწყო ყველაფერი. დეველოპერად მუშაობის დროს ხშირი შეხება მქონდა, როგორც დიზაინერებთან, ისე – ხარისხის უზრუნველყოფის გუნდთან. ხანდახან ერთად ვმსჯელობდით ესა თუ ის პროდუქტი როგორ გაგვეხადა უკეთესი. პროფესიული ცხოვრების გარეთაც, ძალიან მიყვარს ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში იმაზე ფიქრი ესა თუ ის საგანი, პროდუქტი ან გამოცდილება, როგორ შეიძლება შეცვალო უკეთესობისკენ.
სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ მქონდა გადაწყვეტილი სად მესწავლა. ცოტა ხანი ჩემით ვეუფლებოდი ამ სფეროს, ვკითხულობდი სტატიებს, ვუყურებდი ონლაინ ტუტორიალებს. შემდეგ ერთი პროექტიც შევასრულე დამოუკიდებლად. ჩემი ინტერესი ამ სფეროს მიმართ, რა თქმა უნდა, არ გამოეპარა ფეისბუქ ალგორითმს და ერთ დღესაც რეკლამა შემხვდა, სადაც ციფრული ინდუსტრიის აკადემია კონკურსს აცხადებდა. კონკურსის პირობები მარტივი იყო უნდა შეგეფასებინა რომელიმე ონლაინ მაღაზიის e-commerce საიტის შეკვეთის დასრულების “checkout” გვერდი . გამარჯვებულები კი ციფრულ აკადემიაში მიიღებდნენ UI/UX კურსის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას. და რადგან ისედაც დიდი ხანი იმით ვერთობოდი, რომ სხვა ვებ გვერდების UI/UX შეცდომებს ვაკრიტიკებდი, დიდხანს არ მიფიქრია, მივიღე კონკურსში მონაწილეობა და გავიმარჯვე.
თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან ქართულ სივრცეში არის გავრცელებული სტერეოტიპი, თითქოს ქართულ აკადემიებში არაფერ ღირებულს გასწავლიან. მეც ავყევი სტერეოტიპებს, თუმცა კურსმა მოლოდინს გადააჭარბა და ჩემთვის ღირებული გამოცდილება მივიღე.
ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსმა მომცა საშუალება მთელი ჩემი დაგროვილი ცოდნა შემეკრა. კურსის განმავლობაში 2 პროექტზე ვიმუშავე. სილაბუსი და ლექციები ისე კარგად არის დალაგებული, რომ იდეის გაჩენიდან ან შეკვეთის მიღებიდან თავიდან ბოლომდე შეძლებ თანამიმდევრულად გაჰყვე პროცესს, დაამუშავო იდეა, იფიქრო მომხმარებლის გამოცდილებაზე, შექმნა ვაირფრეიმები, მოძებნო შთაგონება.
ჩვენი კურსის ლექტორი გიგი მანიჟაშვილი კარგი ახსნის უნარით გამოირჩევა, პროექტზე მუშაობის გამოცდილების ყველა ეტაპი სრულად და ამომწურავად დაფარა. ერთხელ სილაბუსსაც კი გადაუხვია, რადგან ფიგმას ახალი ფუნქციონალი ესწავლებინა ჩვენთვის, რაც ახალი იყო ამ სფეროში, მაგრამ აუცილებელი იყო ჩვენთვის და ეს გაითვალისწინა. ყოველთვის ჰქონდა პასუხი ყველა ჩვენს შეკითხვაზე, დავალებების შემოწმებისას კი ყოველთვის ვიღებდით დეტალურ და ეფექტურ უკუკავშირს. თავიდან ბოლომდე დაგვაკვალიანა კურსის სტუდენტები როგორ გაგვეგრძელებინა სწავლა და განვითარება ამ სფეროში. სად მოგვეძიებინა ინფორმაცია და შთაგონება, როგორ გაგვეღრმავებინა ცოდნა და დაგვემკვიდრებინა ჩვენი თავი UI/UX სამყაროში.
დამწყებ დიზაინერებს ერთ რამეს ვურჩევდი – სწავლა სწავლა და კიდევ ერთხელ სწავლა. ხშირად დასმულ შეკითხვაზე “როგორ გავხდე კარგი UI/UX დიზაინერი?” ურჩევენ რომ ბევრი “გადაიხატონ”, მე კი დავამატებ – უბრალოდ არ გადაიხატოთ. Როდესაც გადასახატად აირჩევთ დრიბლის შიტს, დაფიქრდით, რატომ არის ეს თუ ის ღილაკი ან აიქონი დიზაინში, ყურადღება მიაქციეთ ისეთ პორტფოლიოებს, სადაც მოყოლილი აქვთ რა პრობლემები შეხვდათ პროექტზე მუშაობის დროს და როგორ გადაწყვიტეს ეს პრობლემა, შეისწავლეთ საიტები თუ აპლიკაციები, რომლებმაც უკვე მოიპოვეს თავისი ადგილი ციფრულ სფეროში. იფიქრეთ ბევრი მომხმარებლის გამოცდილებაზე. იკითხეთ ბევრი სტატია ბლოგი და წიგნები UI/UX მიმართულებით. და რაც მთავარია, იყავით თანამიმდევრულები. ხშირად ახალი სფეროს შესწავლისას, სისტემატურად არ ვმუშაობთ ჩვენს უნარებზე. დაისახეთ მიზანი და ყოველდღე თუნდაც მცირე დრო დაუთმეთ ამ მიზნისკენ სვლას.
ჩემი ფინალური პროექტისთვის ავირჩიე მაღაზია “ემპლუსის” საიტი. გადავწყვიტე ლექტორისთვის ამ საიტის რედიზაინი შემომეთავაზებინა. თუმცა საქმე, რა თქმა უნდა, არ ეხებოდა მხოლოდ ვიზუალურ ცვლილებებს. შევისწავლე ემპლუსის ინტერტენ მაღაზიის ვებგვერდები, ჩამოვწერე პრობლემები და შევისწავლე მსგავსი პროდუქციის კონკურენტი ფირმების ვებგვერდები, ვიფიქრე იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც ამ ონლაინ მაღაზიაში სტუმრობისას მომხმარებლის გამოცდილებას სასიამოვნოსა და ეფექტურს გახდიდა.