ჩვენი სტუდენტის – სოფო მჭედლიშვილის ნამუშევრები
თარიღი: 25 October, 2022
,,ამ კურსმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, თითქოს მოჯადოებულ წრეში შევედი პირველივე დღეს და იქიდან გამოსვლა ახლა უკვე შეუძლებელია.”
გიზიარებთ ჩვენი სტუდენტის, სოფო მჭედლიშვილის ფინალურ პროექტს:
-თქვენ შესახებ, რომ მოგვიყვეთ?
მე ვარ სოფო მჭედლიშვილი, ვცხოვრობ საფრანგეთში და ამჟამად ვმუშაობ სკოლაში. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ვთვლი, რომ ერთ დღიანი მოგზაურობაც კი საკმარისია, რათა აღმოაჩინო რაღაც ახალი და უფრო მრავალფეროვანი გახადო ცხოვრება.
-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?
ძალიან დიდი ხანია. საათობით შემეძლო დამეთვალიერებინა ილუსტრაციები და იმდენად მომწონდა, რომ ჩემს ბლოკნოტში ამ ყველაფერს ვხატავდი. ზუსტად ვიცოდი, რომ ერთ დღეს აუცილებლად ვისწავლიდი და მეც შევქმნიდი ილუსტრაციებს. (უბრალოდ აქამდე ისიც არ ვიცოდი თუ რომელ პროგრამაში იხატებოდა ეს ყველაფერი).
-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?
როდესაც გადავწყვიტე გრაფიკული დიზაინის კურსების გავლა, ვეძებდი Google-ის საშუალებით და ციფრული ინდუსტრიის აკადემია ვიპოვე, დამაინტერესა და გადავწყვიტე კურსის გავლა.
-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?
მე გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსები და როგორც ზემოთ აღვნიშნე საერთოდ არ ვიცოდი რა პროგრამებით იქმნებოდა ილუსტრაცია და ამ კურსმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, თითქოს მოჯადოებულ წრეში შევედი პირველივე დღეს და იქიდან გამოსვლა ახლა უკვე შეუძლებელია. გარდა პროფესიის დაუფლებისა, ასევე ჩემთვის რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა.
-მენტორი..
არაჩვეულებრივი მენტორი, პროფესიონალი და პასუხისმგებლობიანი ადამიანია მარიამ ნადირაძე. ნებისმიერ დამწყების უცნაურ კითხვაზეც კი პასუხი ჰქონდა, საოცრად კარგი გადმოცემის უნარი აქვს.
-რჩევა დამწყებ დიზაინერებს…
როცა ადამიანს რაღაცა აინტერესებს, არ უნდა დაელოდოს და უნდა დაიწყოს მისი კეთება, დაიჯეროს საკუთარი შესაძლებლობების და არ შეეშინდეს შეცდომების.
-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?
ჩემი საფინალო პროექტის შთაგონების წყარო იყო ქართული მხატვრობა, რომელიც წარმოდგენილია, როგორც არქიტექტურული ნაგებობა. სანამ დავიწყებდი უშუალოდ ამ პროექტზე მუშაობას, ხელახლა გავეცანი სათითაოდ ყველა მხატვრის ხასიათს, ისტორიას რათა ზუსტად გადმომეცა ის ემოცია რაც მათ ნახატებშია.